"აქ სიმწვანე, ფერები შეხამებულია ეზოს ინტერიერთან და სიმშვიდისა და სიყვარულის ერთობლიობას ქმნის" - ქუთაისური საუცხოო ბაღი

"რამდენჯერაც ვთქვი, ბაღის გაშენებას ერთ წელიწადში დავამთავრებ-მეთქი, შევცდი. უკვე ხუთი წელია ამ საქმეს ვაკეთებ და იცით, რატომ? - აზარტი, რომელიც არასოდეს განელდება, უკვე ჩემი ცხოვრების თანამდევია. აქ სიმწვანე, ფერები შეხამებულია ეზოს ინტერიერთან და სიმშვიდისა და სიყვარულის ერთობლიობას ქმნის", - ამბობს ბუბა ჩივაძე, რომლის ულამაზეს სახლს ქუთაისში რეზიდენცია უწოდეს, მაგრამ ამჯერად თავის საოცარ ეზოს გვაცნობს.

- ეზო, სადაც ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული, მიქმნის სამყაროს, რომელიც ბევრი დამთვალიერებლისთვის დაფარულია. მცენარეები უკვე გაიზარდნენ. წლეულს პირველად დავიწყე კვიპაროსის, ჯუჯა ტუიის, ღვია ნაძვისა და
ულამაზესი ვერცხლისფერი უნიკალური ნაძვების ფორმირება. ტუიას სიცოცხლის ხესაც უწოდებენ. ბოლო დროს პოპულარულია იმის გამოც, რომ ადვილად ეგუება ნებისმიერ გარემოს, მათ შორის ქალაქსაც. სხვა წიწვოვანთა მსგავსად, ტუიაც გამოყოფს ფიტონციდებს, რაც, გარდა იმისა, რომ ოთახს სასიამოვნო არომატით ავსებს, ჰაერსაც წმენდს და დამამშვიდებლად მოქმედებს. მაქვს რკინის დეკორაციები, რომელთაც მოძიებული სხვადასხვა ესკიზით ვქმნი. ზუგდიდელი ახალგაზრდა გიორგი ქირია, ზუსტად ისეთივე ესკიზებით მიმზადებს და მიგზავნის მისამართზე, როგორიც გვაქვს ნახაზებში.

დაგეგმილი მაქვს შადრევნის ჩადგმაც, სადაც რამდენიმე სახეობის კუ დაბინავდება. ირგვლივ დარგული მაქვს ჩინური მცენარეების კომპოზიციები. ეზოს შუაგული დაეთმობა ჩინური ნეკერჩხლის ულამაზეს ფერთა და სიმწვანის ნაზავს, ასევე კუნინგამს, მარადმწვანე, ყინვაგამძლე, გინკგოსავით დინოზავრების დროინდელ მცენარეს. მაქვს ლეგენდარული მცენარე გინკგო ბილობა, გინკგოფიტას გვარის ერთადერთი შემორჩენილი სახეობა. გინკგოს უძველესი ნამარხი 270 მილიონ წელს ითვლის. მისი სამშობლო ჩინეთია, თუმცა მისი სახელწოდება უკავშირდება იაპონიას, რაც ნიშნავს "ვერცხლისფერ ხილს", ხოლო ლათინური Bილობა - "ორნაკვთიანს", ფოთლის ფორმის გამო. გინკგო ამტანი მცენარეა, ეგუება დაბინძურებულ ჰაერსა და ნიადაგს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები