"ყველაფერი დედაჩემის შექმნილია და არ მაქვს უფლება, არ გავუფრთხილდე" - ულამაზესი ბაღი სამეგრელოდან, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

მაიკო გვაზავას ბაღმა სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ჩვენც არ დავაყოვნეთ და მაიკოს დავუკავშირდით, რათა ამ ულამაზესი ბაღის შესახებ მოეყოლა. როგორც თავად ამბობს, ბაღი აბაშის რაიონში, საგვაზაოში მდებარეობს და მისი დედის დანატოვარია. შვილი დედის ნაშრომ, ნაამაგარ ბაღს დღეს დიდი რუდუნებით უვლის. ეს ყველაფერი დედას ახსენებს და მისთვის ძალიან ძვირფასია.

- პროფესიით ბუღალტერი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ძალიან მიყვარს ბუნება და მასთან ურთიერთობა. სწორედ ამ სიყვარულმა მიმიყვანა იმ მდგომარეობამდე, როგორშიც ახლა ვიმყოფები. მომწონს ჩემი ყოველდღიური საქმიანობა და ეს არის
ჩემი კოხტა და ლამაზი ეზოს მოვლა.

- ყვავილების გამრავლება, გახარება, მოვლა არც ისე მარტივია, როგორ შეძელით ასეთი საოცარი ბაღის გაშენება?
- რაც შეეხება ამ ბაღის გაშენებას, ჩემი გაშენებული არაა. მე დღეს უბრალოდ ვუვლი მამის და ძმის დახმარებით. ყველაფერი დედაჩემის გაშენებულია, რომელიც დღეს ფიზიკურად არ არის ჩვენთან, თუმცა მის სიახლოვეს სულ ვგრძნობთ. მას უყვარდა ამ საქმის კეთება, თითოეული წვრილმანი მისი შექმნილია და არ მაქვს უფლება მას არ მოვუარო, არ გავუფრთხილდე.

- რომელი მცენარეები ხარობენ თქვენს ბაღში და როგორ უვლით მათ?
- ჩემს ეზოში ძირითადად არის ნაძვები, პალმები და კაქტუსები. ნაძვებს ძირითადად შეკრეჭვა სჭირდება.

- ალბათ მოვლაც დედისგან ისწავლეთ...
- მე ბავშვი ვიყავი, როცა ამ ყველაფერს დედა ქმნიდა. მახსოვს, როგორი მონდომებით აკეთებდა, მეც ბევრ რამეს ვსწავლობდი მისგან. რომ არა დედა, არ მგონია, ასეთი სილამაზე მე შემექმნა.

- სოციალურ ქსელში თქვენმა ბაღმა ბევრი ადამიანი აღარფრთოვანა, ელოდით ასეთ გამოხმაურებას?
- არ დაგიმალავთ და მართლა არ ველოდი, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. გამიხარდა და თან ძალიან... ალბათ დედასაც უხარია.

- ვინ არიან თქვენი ყველაზე ხშირი სტუმრები და რამდენად უყვართ თქვენს ბაღში დროის გატარება?
- ჩემი ხშირი სტუმრები ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები არიან. ახლა უკვე ამ ფოტოების შემდეგ სტუმრად მოსვლის მსურველი ბევრი დაემატა.







მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები