შვილებისა და შვილიშვილებისთვის მოწყობილი და ყვავილებით მოჩითული მშვენიერი ბაღი ლელიანიდან

ეს მშვენიერი ბაღი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში გააშენა ლეილა წიქარიშვილმა-კაპანაძისამ და ისე მოაწყო, რომ ზამთარ-ზაფხულ ხარობს თავად და ახარებს დიდი ოჯახის წევრებსაც. ქალბატონი ლეილა 4 შვილის დედა და 7 შვილიშვილის ბებიაა. ის თავად გვიამბობს თავის ბაღზე და იმაზე, თუ როგორ უვლის მცენარეებს.

- დიდი ოჯახი გვაქვს, თუმცა ამჟამად მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ სოფელში. ძალიან მიყვარს ბუნება და მცენარეები, ამიტომ წლებია ვუვლი ამ ეზოს, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ლამაზია. უმეტესად მაქვს ეზოს მცენარეები, ყვავილები, ერთწლიანი მცენარეები.


ეზოში ხარობს კამელია, ნაძვი,
ირმის რქა, დეკორატიული ბუჩქები, ოლეანდრები, ვარდები, პიონები, ტიტები, ფურუსულები, მიხაკები, აზალია, ჯუჯა ცინიები, ჯუჯა ქრიზანთემები, ხმალები, ნარგიზები და სხვა.

ხეხილიც გვაქვს, ვაშლი, ალუჩის ბაღი, კივის ხეივანი, ალუბლები, ბალი, კომში, კარალიოკი, ხურმა, კენკრის ბუჩქები, მარწყვი, ხეივნის ყურძენი, ფეიხო, მუშმალა, ერთი დიდი ძირი ალადასტური, რომელიც 20 წელზე მეტი ხნისაა... ბოსტნეულიც მოგვყავს და ჩვენს მოყვანილ მწვანილს, ხახვს, ნიორს, ბოსტნეულს მივირთმევთ.

ვუვლი ყველაფერს იმის მიხედვით, როდის რა სჭირდება. ზოგი მოითხოვს გასხვლას, ძირების შემობარვას, მორწყვას...

ლამაზი და მოვლილი ეზო-კარი რომ გქონდეს, მუდმივი მოვლა და ყურადღება სჭირდება. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში და მუდმივად ვფუსფუსებთ. 

ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ მცენარეები და ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ მოვლის წესებს, ვცვლით და ვჩუქნით მცენარეებს.

კომენტარის დამატება