სკოლის დირექტორის მოწყობილი ქვის სამყარო მრავალ ტურისტს იზიდავს

"რაც არ უნდა მოკრძალებული სახლი იყოს, ქვებისგან საოცრად შეიძლება სახლის გალამაზება. მაგალითად ბუხრისთვის შეგვეძლო მასალა გვეყიდა და გაგვეკეთებინა სტანდარტულად, მაგრამ პირიქით ნარჩენი მასალებისგან გავაკეთე. არაფერს არ ვყრი. გატეხილ თეფშებსაც კი ვიყენებ!" - ამბობს ამბროლაურის სამხატვრო სკოლის დირექტორი - მარიკა დოხნაძე, რომლის სახლიც ტყის პირად მრავალი ტურისტის მასპინძელია...



- ჩემი სიყვარული ქვების მიმართ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა... როდესაც ოჯახი შევქმენი, ძალიან მომინდა ლამაზი ეზო მქონოდა. ხატვისთვის საკმარისი დრო აღარ მრჩებოდა და ჩემს შემოქმედებაში ასე ვბობოქრობ... ვერ ვიტევ ალბათ იმას, რაც ჩემშია და
ამიტომაც ტყეში, მდინარის პირას გავედი, მოვაგროვე ლამაზი კენჭები და პირველად ბუხარი მოვაპირკეთე, შემდეგ სახლის ფასადზე რაღაც დეკორაციები გავაკეთე, შემდეგ ეზოშიც გადავინაცვლე. ლამაზ ქვებს საჭიროებისამებრ ვიყენებ! ხადახან ქვებს სულიერ არსებებსაც მივამსგავსებ ხოლმე. ეზოში ასე ქვებისგან შექმნილი თაგუნიები მყავს, ასევე ლოკოკინებიც...
დაახლოებით 15 წლის დაოჯახებული ვარ და ბავშვები ოდნვ რომ წამოვზარდე, ამ საქმიანობას შევუდექი. ძალიან მიყვარს მცენარეები, ყვავილები... ოჯახის წევრებიც ძალიან მეხმარებიან ეზოს გალამაზებაში. მეუღლე ძალიან ხელოვნების მოტრფიალეა და მისგან დიდი ხელშეწყობა მაქვს! შვილებსაც უყვართ ხატვა და მსურს ორივე მათგანმა სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელონ... ჩემს ნამუშევრებს ძალიან უფრთხილდებიან, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

როდესაც ქვის დეკორაციებს ვქმნი, იქ ყვავილებსაც ვსვამ. არსებობს ყვავილის ისეთი ჯიში, რომელსაც ქვები უყვარს და კარგად იხარებს. ამ ყვავილს ბევრი წყალი არ ჭირდება და სიცხეს კარგად უძლებს. ყვავილები ბუნებიდანაც მომაქვს... სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში ჭია გაჩნდა, ჩემს ყვავილებსაც შემოესია და ახლა შევწამლე, იქნებ გადავარჩინო...




ტყის პირას ვცხოვრობთ და მრავლად მოდიან როგორც სოფლის მაცხოვრებლები, ასევე ტურისტები... ახლა პროექტი "აწარმოე საქართველოში" დავიწყეთ და ღვინის სახლს ვქმნით, სადაც ასევე ქვებისგან შევქმნი დეკორაციებს და მსურს განსხვავებული და ძალიან ლამაზი სახლი იყოს... რაც არ უნდა მოკრძალებული სახლი იყოს, ქვებისგან საოცრად შეიძლება სახლის გალამაზება. მაგალითად ბუხრისთვის შეგვეძლო მასალა გვეყიდა და გაგვეკეთებინა სტანდარტულად, მაგრამ პირიქით, ნარჩენი მასალებისგან გავაკეთე. არაფერს არ ვყრი. გატეხილ თეფშებსაც კი ვიყენებ!
 

მანანა გაბრიჭიძე


კომენტარის დამატება