თბილისური ოჯახის საოცნებო ეზოიანი სახლი და ხის დეკორაციები

ლაშა ჯანანაშვილი მეუღლესა და ორ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. წლების განმავლობაში მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა და ეზოიან სახლზე ოცნებობდა. ერთ დღესაც ოცნება აიხდინა და მიწის ნაკვეთი შეიძინა. სახლის მშენებლობა თავად ითავა. ამბობს, რომ მშენებლობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ლაშამ მეუღლესთან ერთად ოცნება რეალობად აქცია და სახლის მშენებლობის დასრულებისთანავე ეზოში ულამაზესი ბაღიც გააშენა.

- კორპუსის მე-9 სართულზე ვცხოვრობდი, სადაც აივანიც კი არ მქონდა. ძალიან მინდოდა, მიწის ნაკვეთი შემეძინა
და მოკრძალებული, ამავე დროს მყუდრო სახლი ამეშენებინა. ნაკვეთი შევიძინე ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰოდა ასე შევუდექი საოცნებო სახლის შენებას.

საძირკველის ამოყვანიდან დაწყებული, სახურავის დაფარებით დამთავრებული მონაწილეობას იღებდა უკლებლივ ყველა - ნათესავი, მეგობრები, ახლობლები, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი მეუღლის მაიკო ბუხაიძის შეუპოვრობა და თანადგომა მთელი ამ პერიოდის მანძილზე. მისმა შრომამ უდიდესი დადებითი კვალი დაამჩნია აქაურ გარემოს, სადაც დღეს უკვე ვცხოვრობთ შვილებთან - ოთხი წლის ანასტასიასთან და ათი წლის ლუკასთან ერთად. მეამაყება, რომ ჩვენივე შრომით აშენებულ სახლში ვაგრძელებთ ცხოვრებას. ჩემი საქმიანობაც ხელოვნებასთან ასოცირდება. ვმუშაობ მეგობართან ერთად, რომელიც ამ საქმის კარგი ოსტატია. დამკვეთის სურვილისამებრ, დაწყებული ბუნებრივი ქვით, დამთავრებული ნატურალური ხით და ხის ძველ ქართულ სტილში დაძველებით ვქმნით პროდუქტს.

- ეზოს დეკორაციების შექმნით როდის დაინტერესდით?
- ეზოს დეკორაციების შექმნის სურვილი და ინტერესი ნაკვეთის შეძენამდე გამიჩნდა, შემდეგ კი რეალობად ვაქციე.

- თქვენი ეზოს გაფორმება როდის დაიწყეთ?
- სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მეტი დრო დამრჩა მეფიქრა, სამომავლოდ რა და როგორი დაგეგმარებით გამეგრძელებინა. როგორ ამეთვისებინა მიწის თავისუფალი ადგილები. ეს ის ფართობია, სადაც მოზომილად და ერთი მეორესთან შეხამებით უნდა განმეთავსებინა ლამაზი, ამავე დროს ბიოლოგიურად ჯანსაღი ბოსტანი, მეგობრების მისაღებად მოსასვენებელი ერთგვარი სარელაქსაციო კუთხე, საცეცხლური, სადაც დამქანცველი სამუშაო კვირის ბოლოს არაერთი გრილი საღამო კოცონთან მიფიცხებულებს თბილ საუბრებში გაგვიტარებია.

- ბაღის გაშენებაში ვის მიუძღვის დიდი წვლილი?
- როცა ნაკვეთი შევიძინეთ, გარკვეული რაოდენობის ხეხილი უკვე იყო, ზოგიც ჩვენ შევიტანეთ. ეზოში ხარობს არაერთი ჯიშის ხეხილი: კაკალი, კომში, კარალიოკი და ასევე მისი მონათესავე ხურმა, რომლისგანაც ჩვენი პაპა-ბებიები უგემრიელეს ჩირს ამზადებდნენ სოფლად. ასევე ბროწეული, ალუჩა, თხილი, ჭერამი, ლეღვი, შინდი, გარგარი, მუშმალა, ბალი და ალუბალი. აუცილებლად უნდა ვახაროთ ვაზიც და გავმართო ხეივანი. ბაღის გაშენებაში მთელი ოჯახი აქტიურად ვართ ჩართული.

- ყველა ამ დეკორაციის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?
- უმეტესის კი. მაგალითად, ჯარისკაცის (ასე ვეძახი ჩემს მარადმწვანეს) ქვეშ მოწყობილი პატარა ზღაპრული სამყარო ანასტასიას მივუძღვენი.

- ვის რჩევას და მითითებებს ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?
- დღეს ბევრი ისეთ ინფორმაციის მოძიება შეიძლება საიდანაც, საავტორო უფლებებს არ დავარღვევთ და პატივისცემით მოეპყრობი მას. ხშირად ვითვალისწინებ თანამედროვეობის მოთხოვნებს. პატივსაცემია ჩვენი ქართული ეთნოგრაფიული ელემენტები, რომლსაც დიდი ადგილი ეთმობა ჩემს მიწაზე. ასევე მიყვარს მეგობრებისაგან რჩევების მოსმენა.



მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები