"დგანან და მოთმინებით მელოდებიან... ვდარდობ, სანამ დავბრუნდები, არაფერი დაუშავდეთ" - ყვავილებზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონის ბაღი

ზაირა მესხი ყვავილებზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონია. მის სახლში, ასევე სამსახურში ასობით ყვავილს ნახავთ. ქალბატონი ზაირა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მუშაობს. მის კაბინეტში 200-მდე ძირი ყვავილი ცხოვრობს, რომელსაც დიდი რუდუნებით და სიყვარულით უვლის. ასევე აქვს ულამაზესი ბაღი სართიჭალაში, რომელიც საკუთარი გემოვნებით და დიზაინით გააშენა.

- დავიბადე და გავიზარდე სოფელ სართიჭალაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში სხვადასხვა საფინანსო უწყებაში. 1992 წლიდან- დაფუძნებიდან დღემდე ვხელმძღვანელობ გრიგოლ რობაქიძის
სახელობის უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურს.

- რაც შეეხება ყვავილებს, როდის იჩინა ამ გატაცებამ თავი?
- მამას ძალიან უყვარდა მცენარეები, ყვავილები. მანვე მასწავლა ბავშვობაში მყნობა, რამაც უფრო დამაინტერესა და შემაყვარა მცენარეები. ვამყნობდი ხილს, ვარდებს. ამას ალბათ ისიც ემატება, რომ ჩემი სახელი ზაირა ნიშნავს ყვავილს.

- ეზოს ყვავილები უფრო ჭარბობს თქვენთან თუ ქოთნის?
- ზოგადად ყველანაირი ყვავილი მომწონს და მიყვარს. უამრავი ყვავილი მაქვს, როგორც ეზოს - ღია გრუნტის, ასევე ოთახის. ბაღი სართიჭალაში მაქვს, სადაც მხოლოდ შაბათ-კვირას მიწევს ყოფნა. რაც შეეხება ოთახის ყვავილებს, 200-მდე ქოთანი მაქვს უნივერსიტეტში ჩემს კაბინეტში. უნივერსიტეტში ყველამ იცის ჩემი ყვავილებისადმი დიდი სიყვარულის შესახებ და ამისათვის შესაბამისი პირობებიც კი მომიწყვეს, რაც ჩვენი რექტორის ბატონ მამუკა თავხელიძის დიდი დამსახურებაა.

- არ გიჭირთ ამდენი ყვავილის მოვლა?
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული და მეტად საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს, ჩემთვის სამუშაო კაბინეტში ასეთი გარემოს შექმნა დღის განმავლობაში არის განტვირთვის ერთადერთი საშუალება, რაც მაძლევს სტიმულს. თქვენ წარმოიდგინეთ დაღლილობის და სტრესის მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა ყვავილებთან ურთიერთობა. რამდენჯერ მომიხდია ბოდიში ჩემი ყვავილებისთვის, როცა წყლის დასხმისთვისაც ვერ მომიცლია, მოვფერებივარ და მითხოვია არ გამიბრაზდეთ, ხომ ხედავთ ვერ მოვიცალე-თქო. რა ქნან, ისინიც დგანან და მოთმინებით მელოდებიან, ზოგო მპატიობს და ზოგი არა. ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ ყვავილების მაღაზიაში ყოფნის დროს. ჩემი ხელფასის უდიდესი ნაწილი ყვავილების შეძენაზე იხარჯება. მიუხედავად ამისა, არ მენანება სხვებისთვის ყვავილის ჩუქება და მათთვის ბედნიერების მინიჭება. ეს მეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გაწევრიანებული ვარ ფეისბუქზე „ყვავილნარის“ ჯგუფში, სადაც უკვე ჩემთვის უცნობი უამრავი ადამიანებისთვის გაჩუქებული ყვავილებით ბედნიერება და სიხარული მიმინიჭებია. გაჩუქება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ გაყიდვით ვერაფრით ვერ გავიმეტებ, ზოგჯერ სპეციალურად ვამრავლებ გასაჩუქებლად.

- გამორჩეულად გიყვართ რომელიმე მცენარე?
- ჩემი ოთახის მცენარეებიდან გამორჩეულად მიყვარს ყავის ხე, რომელიც უკვე 11 წლის არის. წელს პირველად დავაგემოვნეთ მისი მოსავალი. მინდა გითხრათ, რომ ეს სულ სხვა, განსხვავებული გემო იყო, რაც კი გამისინჯავს. ისე ძალიან რთული მოსავლელი მცენარეა, ზამთარში მცივანაა, ზაფხულში სულ წყალი უნდა.

- შვებულების პერიოდში ვინ უვლის თქვენს მცენარეებს?
- ჩემი შვებულების პერიოდში, როცა მიწევს მათი სხვებისთვის დატოვება, ძალიან განვიცდი. ვდარდობ, სანამ დავბრუნდები არაფერი დაუშავდეთ. ასევე განიცდიან ისინიც, ვისაც ვუტოვებ და ცდილობენ არაფერი დააკლონ ჩემს დაბრუნებამდე და მინდა გითხრათ, ზოგჯერ ჩემზე კარგადაც კი უვლიან. მადლობა მათ ამისთვის.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება