ამირანის ბაღი - საკუთარი ხელით გაშენებული წალკოტი და ტბა თბილისში

ამირან ჩაფიძე წარმოშობით იმერეთიდან არის. ბავშვობა თერჯოლის ულამაზეს სოფელში, ჩხარში გაატარა. იხსენებს, რომ მამა მშრომელი გლეხი იყო, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა. წლების განმავლობაში ბატონი ამირანი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, ამიტომ სოფლის მეურნეობას დროს ვეღარ უთმობდა. წლების წინ მეგობრის რჩევით თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ნაკვეთი შეიძინა. სამი წლის წინ კი ყველა საქმე დაივიწყა, ეზოს გალამაზება გადაწყვიტა და ინტენსიურ მუშაობას შეუდგა. თუ რა შედეგს მიაღწია ბატონმა ამირანმა ამ ხნის განმავლობაში, ის თავად მოგვიყვება.



- 80-იან წლებში საპნის ქარხანაში ვმუშაობდი, დირექტორის მოადგილე ვიყავი. ერთი თანამშრომელი
გვყავდა, ფარეხის უფროსი იყო, მითხრა, - მშრომელი კაცი ხარ, ნაკვეთი უნდა გაყიდინოო. ერთი ადგილი მომეწონა, ისიც ამ ტერიტორიაზე იყო. მოვურიგდი მეპატრონეს და მერე უარი მითხრა. გული დამწყდა. იმის მერე ხუთი წელი გავიდა, ის ადგილი გულში მქონდა ჩარჩენილი. მაინტერესებდა, გაიყიდა თუ არა და სანახავად წავედი. ალბათ ესეც ბედი იყო. ბევრი ვიარე, მაგრამ ვერ მივაგენი. ხან რომელ ჩიხში შევედი, ხან რომელში. ბოლოს აქ მოვედი. ერთი კაცი შემხვდა, მკითხა, - ყიდვა გინდათო? კი-მეთქი. მაჩვენა ეს ნაკვეთი, ძალიან მომეწონა, ფასზეც მოვრიგდით და შევიძინე. აქ მხოლოდ ერთი დიდი თუთის ხე იდგა და სხვა არაფერი, ყველაფერი ჩემი ხელით დავრგე და გავაკეთე.



- ვინ გეხმარებოდათ?

- მუშებს იშვიათად ვიშველიებდი. ძირითადად ახლობლები მეხმარებოდნენ. თანამდებობაზე ვმუშაობდი და მსგავს საქმესთან შეხება არ მქონია, მაგრამ სოფელში ვიყავი გაზრდილი, მიყვარდა შრომა და მისი ფასიც ვიცოდი. ამიტომ ყველაფერი გამომდიოდა.

- რამდენ წელში მიაღწიეთ ამ შედეგს?

- ბოლო სამი წელია, ინტენსიურად დავიწყე გალამაზება. ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე. არ ვუსმენ ოჯახის წევრებს, არც შენიშვნებს ვიღებ, ყველაფერს თავად ვაკეთებ. ხშირად მყავს უცხოელი სტუმრები და აღფრთოვანებულები არიან. ეზოში რომ შემოდიან, მაშინვე ფოტოებს იღებენ, ეზო-ყურეს ათვალიერებენ და მერე ადიან ოთახში.



ჩემი ხელით გავაკეთე ტბა. საზანი და კობრი მყავს გაშვებული, თავად მრავლდებიან. ვთევზაობთ ხოლმე, სტუმრებსაც მოსწონთ ეს პროცესი. ეს ტბა ერთგვარ ხიბლს სძენს ჩემს ეზოს.

- წინასწარ აკეთებთ ნახაზს, თუ თქვენს გონებაში გეგმავთ, რა როგორ უნდა გააკეთოთ?

- არანაირ ნახაზს არ ვაკეთებ. წარმოვიდგენ სურათს, რა როგორი იქნება და ვიწყებ მუშაობას.



- ამ ეზოში ყველაზე დიდი სიმდიდრე წყალია. საიდან მოდის ამდენი წყალი და რამდენად ხარჯიანია?

- წყალი მაქვს ყოველგვარი დანახარჯებისა და ჩემი ჩარევის გარეშე. მიწიდან ამოდის და მე ვაძლევ მიმართულებას. ეზოში პატარა მდინარეც მაქვს გაკეთებული, იქაც თევზები არიან გაშვებული.

- სახლიც თქვენი ხელით ააშენეთ?



- სახლი ბიძაშვილებმა ამიშენეს. ისე შევისწავლე მაშინ ხელობა, რომ ახლა თავისუფლად შემიძლია, დამოუკიდებლად დავაპროექტო და ავაშენო.

- ბოსტნეულიც მოგყავთ?

- კი, ბოსტნეულიც მოგვყავს. მინდოდა, რომ უწამლი პომიდორი მომეყვანა, მაგრამ ვერ შევძელი. ქიმიკატების გარეშე არ მოდის. ქიმიკატი თუ ვახმარე, რაღა აზრი აქვს? მინდოდა სუფთა, ნატურალური პროდუქტი ეჭამათ ბავშვებს, მაგრამ ვერ მოვიყვანე.



- ამ ეტაპზე მუშაობთ? სხვა საქმით ხართ დაკავებული?

- მე ჩემი მისია უკვე შევასრულე. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე. ბავშვობიდან ვშრომობ. მამაჩემი მშრომელი გლეხი იყო და მეც შემაყვარა შრომა. ახლა მხოლოდ ამით ვარ დაკავებული. არსად აღარ ვმუშაობ, ჩემს ენერგიას და ძალას ამ ეზოს ვახმარ.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ეზოს გალამაზებს?



- რჩევის მიცემა ცოტა რთულია. ჯერ უნდა ვნახო რელიეფი და შეიძლება, მერე ვურჩიო რამე. ეზოს გასალამაზებლად ძალიან კარგია რიყის ქვა, ძველი ქართული აგური. თუმცა ეს კომპოზიციაში ვერ იტანს თანამედროვე მარმარილოს. ხან ისეთ ნივთს ვნახავ, ვერც წარმოიდგენთ, რომ იქიდან რამე გამოვა, მაგრამ დეკორაციად ვაქცევ ხოლმე. ერთხელ გადაგდებული ხე ვნახე, ძალიან ლამაზი ფორმა ჰქონდა. წამოვიღე, გავთალე, გავლაქე და დეკორაციად გამოვიყენე. მომაქვს გადაგდებული ჯირკები, ხელს შევავლებ და ეზოში თავის ადგილს მივუჩენ.

როცა საკუთარი გემოვნებით აკეთებ, მეტ სიამოვნებას იღებ, უფრო კმაყოფილი ხარ. ხოლო რაც შეეხება სამუშაოებს, თუ ყველა სამუშაოს შენი ხელით ასრულებ, ამით დიდ თანხას დაზოგავ. მინდა, რაც შეიძლება მეტი გალამაზებული ეზო ვნახო საქართველოში.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლია პატარაია 2018-10-30 14:19
მე შენი ჯგუფელი უნივერსიტეტიდან ბანკეტიგვქონდა და ვიყავი ,მაგრამ ეხლა კარგად გაკეთებული და საოცრად ლამაზია ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამ კარგ საქმეში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები