"ბავშვობის ოცნება იყო, დიდი ეზო მქონოდა, რომელიც მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ სიმწვანეში იქნებოდა ჩაფლული..." - ლამაზი ეზო ლაგოდეხიდან

ნინო ჩიქოვანი ჟურნალისტია, 6 წელი იმუშავა  პროფესიით. ოჯახის შექმნის შემდეგ კი საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ მოუწია, გაუჭირდა საქმის გარეშე, ჩვეული დატვირთული გრაფიკის შემდეგ უცებ გაჩერება და გადაწყვიტა, საკუთარი ძალები და ენერგია მებაღეობაში გამოეცადა. ეს საქმე მშვენივრად გამოუვიდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მოაწყო ეზო, რომელზეც თავად გვესაუბრება.

- ამჟამად მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში. რაც აქ დავსახლდი, სულ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რაც მარტივად მიმაჩვევდა ახალ გარემოს, თან სიხარულს მომანიჭებდა და გამახალისებდა… ძალიან მიყვარს ბუნება, სიმწვანე და ყვავილები. სწორედ ამან
განაპირობა, რომ ჩემი ეზოს გამწვანება გადავწყვიტე. ჩემთვის ოჯახის სილამაზე მოწესრიგებული და მოვლილი ეზოდან იწყება. 

ჩემი მშობლების სახლში, დედას აქვს ულამაზესი, ოღონდ პატარა ეზო და ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, დიდი ეზო მქონოდა, რომელიც მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ სიმწვანეში იქნებოდა ჩაფლული. ხეებს ფოთოლი რომ სცვივა და ყვავილი აღარ ყვავის, ყველაფერი იწყენს ისედაც და ამის ცოტათი შემსუბუქება ძალიან მინდოდა.

მართლაც დავიწყე ოცნების ახდენა, თუმცა, რომ არა ჩემი მეუღლის გვერდში დგომა, მარტო ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს.
პირველ ეტაპზე, მარადმწვანე ფორმირებული ნაძვები დავრგე. მყავს ტუია სმარაგდები, ფორმირებული ლიმნის კიპარისები, ვარდისფერ-გირჩიანი ჰუპსის ჯიშის ნაძვი, ვერცხლისფერი გლაუკა და ასევე, ჯუჯა ნაძვები, ბოულინგის ბურთი და ა.შ. 

მარადმწვანე ნარგავებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. ხშირად უჩნდებათ დაავადებები და მიდმივად უნდა აკონტროლო და ათვალიერო. ძალიან მიყვარს მათი მოვლა და მოფერება. არ გეგონოთ, მცენარე მის მიმართ გამოხატულ სითბოს ვერ გრძნობს... ამის საპასუხოდ ისინი მწვანედ ხასხასებენ, ან ყვავილებს მჩუქნიან და ამით მაგრძნობინებენ მადლიერებას…

სამომავლოდ, უფლის ნებით, კიდევ ბევრი მცენარის დარგვას ვგეგმავ, გეგმაში მაქვს საყვავილეების მოწყობა, ვარდების გაშენება და როცა დავასრულებ, აუცილებლად კიდევ ვიქნები თქვენი და თქვენი მკითხველის მეგზური ჩემს ეზოში…






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები