"რო რგამ, მიწის და კაცის გამჩენი უნა ახსენო, ყოვლის გამჩენ-გამრიგე, მაა, ისე როგორ გახალისდებიან?" - თამარა ბებო გორის სოფლიდან, რომელიც სიყვარულით ახარებს და ზრდის ნებისმიერ მცენარეს

ფლორისტი ზურა შევარდნაძე ემოციურ ამბავს ყვება თამარა ბებოზე ქართლის პატარა სოფლიდან:

"თამარა ყოველ შაბათს დიღმის ბაზარში ჩამოდის, ახალუბნელ გლეხის ქალებთან ერთად. კვერცხი, ყველი, ქათამი, მაწონი, მწვანილი, ხილი ჩამოაქვს გასაყიდად ცოტ-ცოტა. სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ მის ბარგში ყოველთვის ურევია მოზრდილი, ტილოს ფუთა რომელშიც მოკონილი აქვს თავის ეზოში მოჭრილი ყვავილის კონები, ყველაფერს ორ ან სამ ლარად ყიდის და ოჯახის ბარაქას შემატებს.
ჩემი მეგობარი ნინო კვაჭანტირაძე ყოველ შაბათს ხვდება, ყიდულობს წვრილმანებს, ყვავილებს, მეგობრობს მასთან და საოცარ მონათხრობებს იწერს მისგან, აგროვებს, მარგალიტებივით.
შარშან შემოდგომას ყოფილა თამარა ბოლოჯერ დიღომში.
მოვხუცდი, ჯანი აღარ მამდევსო შეუჩივლია ნინოსთვის...
არადა, ისე ყვავის ჩემი ბაღი, ჩემი ტიტები, ჩემი თოვლის გუნდები, კალენდულები, ჩემი იორდასალამებიო...
გული აგვიჩუყდა და ვესტუმრეთ.

გაიხარა, როგორ გაიხარა.. სულ რომ არ ელოდები ადამიანი ქართლის მოხრიოკებულ, ძველ, ძეძვით შემოღობილ ეზოში ისეთი ყვავილები ყვავის, ხემაგვარი პიონები კაცზე მაღალი.. გასაკვირია.
ვესიყვარულეთ, გვესიყვარულა.. შვილიშვილი რომ ბებიას გამოისტუმრებს, ისე დაგვასაჩუქრა გულიანად და გამოგვაცილა. იორდასალამის ნერგებიც გამომატანა ემალის ლურჯი ქვაბით.

ტექსტები თამარასაგან ნინომ ჩაიწერა, ვფიქრობ ბედნიერებაა მათი მოსმენა, წაკითხვა, განცდა. ნაკუწებს გიზიარებთ:
"ღვთის ანაბრობას ვიყავ, აიი, 12 წლისა ძლივას ვიქნებოდი, პირველად თონეში პური რომ ჩავაკარი, ქამრითა მიჭერდნენ, მერე კიდე, თათმანებსა ვქსოვდიი...
დილიდან საღამომდე ტყემალსა ვჭამდი, მარა სუ მემხიარულებოდა, ცეკვა-თამაშობა მიყვარდა..
მინდორში რო გავალ, ეე გვირილები თვითონა მომდევენ..
ყაყაჩოებმა ისეთი გაბუტება იციან, ერთი თუ მაგლიჯე, მერე რაგინდ კაიიი ვაზაშიც არ უნდა ჩასდო, თავს აღარ ასწევენ..
არა, ავი ქალები მეჯავრებიან, ღვთის პირის მკაწრავები!
ბაზარში ლამისყანელი ლალი ეკითხება წილკნელ თამარას:
- გოგო, ეეეეეე რა ლამაზი ყვავილები მოგაქ ხოლმე.
- ხომ მოგე ნერგები და შენსა ვერა ხარობეეეეენ?
- ჰოო, მაგრამ ასე ხალისიანები ვერ გამოვიდნენ.
- რო რგამ, მიწის და კაცის გამჩენი უნა ახსენო, ყოვლის გამჩენ-გამრიგე, მაა, ისე როგორ გახალისდებიან? შენ ქადები დააცხე, წამოვალ და მე დაგირგავ!...."
დანარჩენი მერე..."

ზაქარია ჭელიძის ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები