მარწყვი - გემრიელი კენკრის თვისებები და მოვლის წესები


მარწყვი გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე გემრიელი კენკრაა. მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახს ეკუთვნის. მისი დაახლოებით 2000 სახეობა არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად ბაღისა და ტყის მარწყვი გვხვდება. როგორც წესი, ტყის მარწყვი საბაღე ჯიშებისგან განსხვავებით მცირე ზომისაა და უფრო მეტი არომატით, გემოთი და ბიოლოგიური აქტივობითაც გამოირჩევა.

მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში - თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი (Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე და ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს იღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ. ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მოჰყავთ ბაღის მარწყვის
მსხვილნაყოფიანი ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. მოსავლიანობა საშუალოდ - 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ბაღის ცხვირგრძელა, მარწყვის ნემატოდა - მარწყვის ტკიპა. დაავადებები - მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.

მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით ჩ, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის კენკრა. საქართველოში ოდითგანვე აგროვებდნენ მარწყვის ფოთლებს და ყუნწებს, აშრობდნენ და ზამთარში სიცხიან ავადმყოფებს მათ ნაყენს ასმევდნენ.

მარწყვის კვებითი ღირებულება ასეთია: 100 გრამი შეიცავს 30 კალორიას, 0,7 გ ცილას, 0,4 გ ცხიმს და 6,3 გ ნახშირწყალს. რაც შეეხება ქიმიურ შემადგენლობას, ტყის მარწყვის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ქინის მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებს, რკინას, C ვიტამინს, ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. სამკურნალო მიზნით უმთავრესად ტყის მარწყვის ნაყოფს იყენებენ, მაგრამ სასარგებლოა ფოთლებიც და ფესურებიც. უმი ნაყოფი კარგი დიეტური პროდუქტია, უხდება სისხლნაკლებობას, ავიტამინოზს, კარგია მძიმე დაავადების შემდგომ პერიოდში. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე - ციებ-ცხელების, თირკმელებისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. ეს გემრიელი და არომატული კენკრა შეიცავს ვიტამინებს (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით C ვიტამინს), მიკროელემენტებს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, ფოსფორს და ფოლიუმის მჟავას. მარწყვს ძველთაგანვე მრავალ სამკურნალო თვისებას მიაწერენ: აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე, უხდება მადას, წმენდს შინაგან ორგანოებს, აფერხებს დაბერებას, ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ ინფექციებთან, გრიპის ვირუსთან ბრძოლაში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ მარწყვის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ ფოთლებსაც. მათი მეშვეობით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. მარწყვის ნიღაბი კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.

იმის გამო, რომ მარწყვი ალერგიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ალერგიული რეაქციების დროს. ასევე, მარწყვის მიღებას არ გირჩევთ მომატებული მჟავიანობისას, ღვიძლისა და თირკმლის კოლიკების (ჭვლების) პირობებში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფოთლების დაკრეფა, უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში, მაშინ როცა ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს. მარწყვის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა C ვიტამინი, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა და ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

მარწყვის ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი და მიწისქვეშა ღეროები ხალხურ მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.


დარგვა და მოვლა

დარგვისა და მოვლის წესებზე საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის წევრი ანდრო ხეთერელი საუბრობს:

- სასურველია, ნაკვეთზე არ იყოს ხეები და ბუჩქები, ნარგავები რომ არ დაჩრდილონ. შესაძლოა, მიწა ოდნავ დაქანებულიც იყოს, ეს კარგია ზედმეტი წყლის გადინებისთვის. არ არის რეკომენდებული მათი დარგვა დაჩრდილულ დაბლობებში, ცივი ჰაერის გამო ყვავილები შეიძლება დაზიანდეს. სასურველია, მარწყვი დავრგოთ იქ, სადაც ადრე გვეთესა ხახვი, მწვანილი, ან მარცვლეული კულტურები. არ შეიძლება მისი იქ დარგვა, სადაც იყო კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, რათა ამ მცენარეების დაავადებები არ დაემართოს.

- ნიადაგი როგორ უნდა მოვამზადოთ?

- მარწყვისთვის ყველაზე კარგია შავი, მომჟავო ნიადაგი. თუ ნიადაგი შეუფერებელია, შესაძლებელია მისი დამუშავებაც. მაგალითად, აერაციის გასაუმჯობესებლად ნიადაგში შეაქვთ ორგანული სასუქი (12-15 კგ/კვ.მ). ზედმეტი წყლის გადინებისთვის თხრიან რუებს. 1-2-მეტრიან მონაკვეთზე შეაქვთ სასუქი: ნეშომპალა - 8-10 კგ, სუპერფოსფატი - 80-100 გ, კალიუმის მარილი - 50-60 გ.

მარწყვის გაზაფხულზე დასარგავად სასუქი შემოდგომაზე შეაქვთ, ხოლო შემოდგომით დასარგავად - გაზაფხულზე. ერთ ადგილას მარწყვი 3-4 წელი მოჰყავთ.

- როდის არის უმჯობესი მარწყვის დარგვა?

- აპრილის პირველ რიცხვებში ჯობს, ასე ის განვითარებით წინა წლის შემოდგომაზე დარგულს არ ჩამორჩება. ცოტა მოგვიანებით დარგული მარწყვი (აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში) ნელა ვითარდება. თუ ზაფხულში დარგავთ (ივლისი-აგვისტო), მოსავალს მომდევნო წელს აიღებთ. ზაფხულში მარწყვის დარგვა უმჯობესია მოღრუბლულ ან წვიმიან ამინდში. შემოდგომაზე მარწყვის დარგვა სასურველია 20 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე.

- არ შეიძლება, მარწყვი მთელი წლის განმავლობაში მოვიწიოთ და ადგილობრივი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ?

- სათბურში მთელი წლის განმავლობაში შეიძლება მარწყვის რემონტანტული ჯიშების მოყვანა. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ საკუთარი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, ქართველ ფერმერებს მეტად მიუწვდებოდეთ ხელი მარწყვის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე.




მარწყვის ჩითილის დარგვა

მარწყვის ჩითილი თესლიდან გამოჰყავთ (მარწყვის ნაყოფს რომ წიპწები აქვს, სწორედ ეს გახლავთ თესლი). ეს სპეციფიკური პროცესია, ამიტომ გირჩევთ, გამოყვანილი ჩითილი შეიძინოთ. მისი დარგვა ძალიან მარტივია. ნიჩბით თხრიან ორმოს და ჩითილს ათავსებენ ორმოში ისე, რომ მისი შუა ნაწილი ნიადაგის ზედაპირის დონეზე იყოს (იხ. სურათი). შემდეგ ფესვებს აყრიან მიწას და ნიადაგს ხელით ტკეპნიან. დარგვისთანავე კარგად რწყავენ (0,5 ლ ერთ ნარგავზე). მორწყვა საჭიროა ყოველ 7-10 დღეში, სანამ ნარგავი არ გამოცოცხლდება. (ემა ტუხიაშვილი, გაზეთი "კვირის პალიტრა")


უცნაური ჯიშები

არსებობს მარწყვის უჩვეულო ჯიშები. მაგალითად, თეთრი მარწყვი, ჰიბრიდული ჯიში, რომელსაც თეთრი რბილობი და წითელი კურკები აქვს. ძალიან არომატულია და გემოთი ანანასს წააგავს. ამგვარი თეთრი მარწყვი პატარაა და 15-20 მმ-ს არ აღემატება. მას ძირითადად დესერტების გასაფორმებლად იყენებენ.

ჩინეთში გამოიყვანეს ე.წ. შავი მარწყვი, რომლის თესლის გამოწერა და შეძენა ინტერნეტითაც შეიძლება. სინამდვილეში, ამ ჯიშის ნაყოფი შავი კი არა, ძალიან მუქი იისფერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის გამოყვანისას გენური მოდიფიკაციებისთვის არ მიუმართავთ.




მარწყვის ადვილად მოსამზადებელი ტორტი

მომზადების წესი:

* გამოვაცხოთ 10-კვერცხიანი ჩვეულებრივი ტორტის ბისკვიტი;
* მოვამზადოთ ნაღების კრემი: 1 ლიტრ ნაღებს დავუმატოთ ნაღების გასამყარებელი ფხვნილი და გავთქვიფოთ კარგად, სანამ სქელი მასა არ გახდება. შემდეგ დავუმატოთ ვანილი და შაქრის პუდრი გემოვნებით;
* მარწყვი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ ცოტა ხანი;
* ტორტის ბისკვიტი გავჭრათ 3 ფენად და დავნამოთ მარწყვის ლიქიორით.

ფენებს შორის მოვათავსოთ მარწყვი, ბანანი და გადავუსვათ კრემი.

ანა კოსტავა

კომენტარები

Me 2020-05-19 01:29
Მარწყვი კენკრის სახეობას არ მიეკუთვნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები