გინდათ დაიწყოთ საქმიანობა აგროტურიზმში - გაიგეთ ყველაფერი აგროტურიზმზე

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა მოტივაცია და სურვილი, გაეუმჯობესებინა საკუთარი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა; უფრო მხიარული, არაერთფეროვანი, ლამაზი და შემოქმედებითი გაეხადათ ყოველდღიური ყოფა; გამოევლინათ საკუთარი ადამიანური რესურსები, გამოემჟღავნებინათ პოტენციალი - ცხოვრებისეული სიბრძნე და გამოცდილება. ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ტრადიციები, ბუნებრივი რესურსები, სამზარეულო, ადათ-წესები გაეცნოთ სხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის და ამავდროულად ჰქონოდათ შემოსავალი. რა გამოვიდა აქედან, რა პერსპექტივები აქვს და საერთოდ, რა არის აგროტურიზმი?



კავკასიური ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, სასოფლო ტურიზმის ექსპერტი მარინე მეტრეველი მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმდინარეობაზე, აგროტურიზმზე

გვესაუბრება. თუ გაქვთ სოფელი და გსურთ, მიიღოთ საკმაოდ კარგი შემოსავალი, მაშინ ეს ინტერვიუ ნამდვილად დაგაინტერესებთ.

- რით არის გამორჩეული აგროტურიზმი ტურიზმის სხვა მიმართულებებისგან?



- აგროტურიზმი იმით გამოირჩევა ტურისტისთვის, რომ დასვენება შედარებით მცირე დანახარჯით შეიძლება. ტურისტმა შესაძლოა, იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს. სტუმრები მიირთმევენ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებს: ხილ-ბოსტნეულს, შინაურ ყველს, შინ დაყენებულ ღვინოს, ხორცსა და ხორცპროდუქტებს. სასოფლო ტურები ბავშვებისთვისაც საინტერესოა. ისინი აკვირდებიან შინაურ ცხოველებს, სეირნობენ ცხენებით, ყველის ამოყვანასა თუ თონეში პურის ჩაკვრას, სურვილისამებრ ნაციონალური კერძების მომზადებას. აგროტურიზმი იმითაც არის საინტერესო და მომგებიანი, რომ მას არ აბრკოლებს წელიწადის დროების მონაცვლეობა. ხოლო ქვეყნისთვის იმით არის საინტერესო, რომ სოფლის მოსახლეობას უჩნდება მეტი მოტივაცია, იქმნება ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ტრადიციებსა და ყოფას ბევრი უცხოელი ეცნობა.



აგროტურიზმის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, რადგან ქვეყანაში აგროტურისტული აქტივობების დანერგვა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას (რაც გამოიხატება გლეხთა საცხოვრებელი კარ-მიდამოს და დამხმარე მეურნეობის მოდერნიზაციითა და კეთილმოწყობით), აგრარული პროდუქციის მომწოდებლის (გლეხის) შემოსავლის დამატებითი წყაროს და სამუშაო ადგილების შექმნას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას, ბუნებრივი გარემოს დაცვას, რეგიონებში ტურისტების, დამსვენებლებისა და ექსკურსანტების მოზიდვას. ყოველივე ეს დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას.

- როგორია აგროტურიზმის განვითარების გზები თანამედროვე მსოფლიოში?

- ევროპაში აგროტურიზმი კარგად არის განვითარებული. ამ დარგს ეკონომიკური კრიზისიც ვერაფერს აკლებს. მაგალითად, იტალიაში კრიზისმა შეამცირა სხვადასხვა სფეროს შემოსავალი, მაგრამ აგროტურიზმში ჩართული ფერმერების შემოსავალი უცვლელი დარჩა. მსოფლიოში ტურიზმით მიღებული შემოსავლის 20%-დან 40%-მდე სწორედ სოფლის ტურიზმის წილად მოდის. ამჟამად აგროტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი ქვეყნებია: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ.



იტალია თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ტურიზმის მექად. მიუხედავად ამისა, აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის სახეობა, შედარებით ახალია. იგი ძირითადად განვითარებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში. ლიდერად ამ საქმეში გვევლინება ტოსკანა და ტრენტინო (სამხრეთ ტიროლი).

აგროტურიზმი იმითაა აღსანიშნავი, რომ იგი მთელი წელი მუშაობს. კვიპროსსა და ბულგარეთში აგროტურიზმმა სოფლებს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა. კვიპროსზე შემუშავებულია აგროტურიზმის განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც ახორციელებს სასოფლო სახლების რესტავრაციას და ნაციონალურ სტილში გაფორმებას თანამედროვე კომფორტისა და სიმყუდროვის შენარჩუნებით. ტურისტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს, ფოლკლორს, დაისვენონ მთიან სოფლებში და სურვილისამებრ იარონ ზღვის ნაპირზე. შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ყურძნის კრეფასა და მის დაწურვაში, შეიარონ სამჭედლოსა და საფეიქრო სახელოსნოში.

არის სხვაობა ფასებში. შეიძლება დაისვენო ვენახებისა და ზეთისხილის პლანტაციების გარემოცვაში მდებარე პატრიციანული ეპოქის ვილებშიც, მაგრამ ეს შედარებით ძვირი სიამოვნებაა. აქ პრობლემას არ წარმოადგენს უცხო ენის არცოდნა. ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები, აჩვენებენ საიდან მიიღება რძე, როგორ გამოიყურება ცოცხალი ცხვარი, ძროხა, კურდღელი, ქათმები, ცხენი. მასპინძლები ბავშვებს უწყობენ სეირნობას ცხენებით.



აგროტურიზმის განვითარებამ
ამ ქვეყნებს მისცა შემდეგი შედეგები:

1. სასოფლო რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის არსებობა;
2. ტურისტული სეზონურობის გაბათილება - აგროტურიზმი მთელი წელი ფუნქციონირებს;
3. ტურისტების მიზიდვა სოფლებში;
4. სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
5. სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;
6. ბუნებრივი გარემოს დაცვა;
7. ახალი, დივერსიფიცირებული ტურისტული სეგმენტის შექმნა.

- რა ეტაპზეა აგროტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში?

- საქართველოში აგროტურიზმის პერსპექტივებისა და ზოგადად დარგის მდგომარეობის გასაანალიზებლად თვალი გადავავლოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. საქართველოს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: 102 კურორტი, 182 საკურორტო ადგილი, 2400 მინერალური სამკურნალო წყლის წყარო, 12000 ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი (მათგან 3 შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში), 11 ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 2 დაცული ლანდშაფტი და ა. შ. არსებული რესურსული პოტენციალიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარება პერსპექტიული იქნება.



ამჟამად, აგროტურიზმი საქართველოში განვითარების სტადიაშია. ბოლო წლებში უცხოელი ვიზიტორები, ძირითადად, მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ისტორიული და კულტურული ძეგლების მოსანახულებლად ჩამოდიან. თუმცა საქართველოს, როგორც აგრარული ტრადიციების ქვეყანას, აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობაც აქვს. აგროტურიზმმა ჩვენთან უკვე მოიკიდა ფეხი. იმედია, მომავალში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა მრავალფეროვანი ბუნებისა და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

თუმცა, ამ სფეროში გვაქვს სისუსტეებიც. მთავარი სოფლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ამის მიუხედავად, თუ აგროტურიზმი განვითარდება, მცირე ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ, სარგებელი ნახონ და თავიანთი ფერმერული მეურნეობა მომგებიან კომერციულ საქმიანობად აქციონ. რამდენიმე ტურისტული კომპანია და საოჯახო სასტუმრო უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უკვე სთავაზობს აგროტურებს, რაც გულისხმობს რთველში მონაწილეობას, ყურძნის დაწურვას, ჩურჩხელების ამოვლებას, ყველის ამოყვანასა და თაფლის ამოღებას. მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენს ქვეყანაში უფრო ფართოდ შეიძლება აგროტურიზმის განვითარება, ამით კი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეეწყობა ხელი. ბოლო წლებში საქართველოს მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია. თუმცა ტურისტების ნაკადის ზრდას ხშირად ვერ მიჰყვება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ზრდის ტემპი.

- სტუმართმოყვარეობა ქართველების გამორჩეული თვისებაა, როგორ ართმევენ თავს ტურიზმის ამ სახეობას ფერმერები, სოფლად მცხოვრები ბებია-ბაბუები?

- განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას საქართველოში ვიზიტისას სწორედ ხალხის კეთილგანწყობა და სტუმრებისადმი თბილი დამოკიდებულება ქმნის. კავკასიის ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში, უძველესი დროიდანვე უცხოელი სტუმართან ასოცირდებოდა. დღესაც, თანამედროვე ქართველები უცხოელებს ქვეყნის სტუმრებად მიიჩნევენ და ცდილობენ, ყურადღება გამოხატონ მათ მიმართ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ტურიზმის ამ სახეობას საკმაოდ კარგად ართმევს თავს, თუმცა საჭიროა სოფლებში აგროტურიზმში ჩართული მოსახლეობისათვის სისტემატურად ტარდებოდეს ტრენინგები სფეროში არსებული სიახლეებისა და სტუმარმასპინძლობის სტანდარტების შესახებ.

- დღეს ყველაზე მეტად რა სჭირდება ამ სფეროს განვითარებისთვის?



- დღეს ყველაზე მეტად აგროტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა როგორც ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, ისე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცოდნის ამაღლება აგროტურიზმის შესახებ, რაც შესაძლებელია შესაბამისი ტრენინგების ჩატარებით. სასურველია, ხელისუფლებამ შემოიღოს იაფი სესხების პროგრამა ამ მიმართულებით. აგროტურიზმი მისწრებაა იმ მცირე მეურნეებისთვის, რომლებიც სავარგულების სიმცირის გამო კონკურენციას ვერ გაუწევენ არა მხოლოდ უცხოელ, არამედ საქართველოში მომუშავე ფერმერებსაც. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მილიონი მცირე ფერმერიდან, ალბათ, ყველა ვერ შეძლებს კომერციულ რელსებზე გადაწყობას. მართალია, კოოპერაციის განვითარება გაზრდის იმ მეურნეთა რიცხვს, რომლებიც ფეხზე მყარად დადგომას მოახერხებენ, მაგრამ დარჩებიან ისეთებიც, ვისაც თავის გატანა გაუჭირდება და აგროტურიზმი მათთვის, შესაძლოა, გამოსავალიც კი იყოს. სოფლის ტურიზმის ბაზრის მახასიათებლების მიხედვით, საქართველოს ტურისტული ბაზრის პოტენციალი საშუალო და მაღალია, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურიზმის კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ამ სფეროს განვითარებას.

გსურთ დაიწყოთ აგროტურიზმის ბიზნესი?
მაშინ გაითვალისწინეთ ეს პრაქტიკული რჩევები:

* უპირველესად უნდა გაიაროთ ტრენინგები, დაკავშირებული აგროტურიზმის მენეჯმენტთან და მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი;
* აუცილებელია, დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესი საჯარო რეესტრში და შემოსავლების სამსახურში;
* უნდა შეისწავლოთ ბაზარი ამ ბიზნესთან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
* უნდა შექმნათ პირობები აგროტურისტების მისაღებად თქვენი ან სხვა მეპატრონის კუთვნილ სახლსა და გარემოში, რომელიც მდებარეობს სოფლად;
* საჭიროა დაამყაროთ ურთიერთობა აგროტურიზმში მომუშავე კომპანიებთან საქართველოში და საზღვარგარეთ;
* უნდა შექმნათ შესაბამისი მიკრო ინფრასტრუქტურა თქვენს საოჯახო სასტუმროსა ან ფერმასთან ახლოს.

ევროპასა და საერთოდ მთელ მსოფლიოში აგროტურისტებს პირდაპირ
ფერმერთა ადგილსამყოფელში იღებენ, სადაც ყველა პირობაა შექმნილი:

* საძინებლები
* სველი წერტილები (ცხელი წყლით)
* სასადილო ოთახები
* კვება იქვე დამზადებული ეკოპროდუქტებისაგან
* მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნა
* უზრუნველყოფა ტრანსპორტირებით აეროპორტებიდან თქვენს ფერმამდე და უკან
* კონტაქტების დამყარება
* და რაც ყველაზე მთავარია - ყოველთვის თბილი ღიმილი
* სადილისა და ვახშმის დროს ზომიერად მიართვით ღვინო და თუ უარს იტყვიან, არ დააძალოთ
* ორენოვანი მენიუ ფასებით სასადილოს ყველა მაგიდაზე
* სასურველია, ოჯახის რომელიმე წევრი საწყის დონეზე მაინც ფლობდეს ინგლისურ ენას
* ეცადეთ, კონკურენტუნარიანი გახადოთ თქვენი ბიზნესი და სასურველი მატერიალური შემოასავალი გექნებათ
* ინტერნეტში უნდა განათავსოთ სრული დაზუსტებული ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, სერვისისა და კვების ფასების მითითებით, მისამართით და რუკაზე აღნიშვნით
* აუცილებელია, მითითებული იყოს თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, (თუ გაქვთ ვებგვერდი) და მობ. ტელ. ნომერი.

გისურვებთ წარმატებებს!
მოკლედ, თუ გაქვთ სოფელი და გსურთ მიიღოთ შემოსავალი, გამოიყენეთ ჩვენი პრაქტიკული რჩევები, გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიური ყოფა, გააცანით თქვენი კუთხე მსოფლიოს და აქციეთ ეს ბიზნესად.

სალომე გორგოშიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები