ონისე ონიანის ამქვეყნიური სამოთხე რაჭაში


"წელიწადში სამი თვით აქ ყოფნას ვახერხებ. ძირათადად ზაფხულში, მაგრამ ისე ვანაწილებ, რომ ცოტა ხნით გაზაფხულზეც ვიყო რაჭაში და შემოდგომაზეც. რა სჯობს იმის ყურებას, რაჭაში რომ ბუნება იღვიძებს. შემოდგომაზეც საოცარი სილამაზეა... ჩემთვის აქ ყველაზე მშვიდი ადგილია და ისეთია, ადამიანი რომ მოინატრებს, ნეტავ ახლა სადმე წავიდე და ჩემთვის მშვიდად განვმატოვდეო... მოდიხარ ქალაქის ქაოსიდან და აქ ყველაზე კარგად ისვენებ"... - ამბობს ცნობილი მსახიობი – ონისე ონიანი... იგი რაჭიდან გვესაუბრა...

- რაჭაში, ხშირად ვარ, ამის მიზეზი კი აქაურობის უზომო სიყვარულია... რაჭაში დავიბადე და აქ

გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა! როდესაც სკოლიდან სამთვიანი არდადეგები იწყებოდა, მთელი ოჯახი მოვდიოდით დასასვენებლად... ახლაც დგას აქ სახლი, სადაც მთელი ჩემი ბავშვობის მოგონებებია... ეს გახლავთ ამბროლაურის რაიონი, სოფელი – სადმელი, რომელიც ალბათ ყველაზე ულამაზესია მსოფლიოში... - ნიკორწმინდა, ბარაკონი, წმინდა გიორგის ეკლესია, შოვი, უწერა - რას არ ნახავს და ისიამოვნებს აქ ადამიანი. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია და სხვას რასაკვირველია თავზე არ ვახვევ ჩემს აზრს. სხვათა შორის ვინც კი ჩემთან სტუმრად ჩამოდის, ყველა მეორედ ან მესამედ მოდის, რადგან ძალიან უხარიათ აქ ჩამოსვლა. მოგეხსენებათ რაჭა ერთერთი ულამაზესია მხარეა საქართველოში...

 

 



- როგორი სტილის სახლი გაქვთ?

- ვერ გეტყვით რომ აქ რაღაც ფეშენებელური სახლი მაქვს. ბებიას დატოვებული უძველესი სახლია, ნახევარი ხის და ნახევარი აგურის... ვიდრე ყველა შევიკრიბებით წინასწარ ჩამოვდივარ, რადგან სახლს ცოტა ხელის შევლება ყოველთვის ჭირდება... ჩვენს გემოზე ვაწყობთ. გვსურს ისეთი ინტერიერი იყოს, რომელიც სოფელსაც შეეფერება და ხელოვნებასთანაც ახლოს იყოს... ეზოში ადრე გვქონდა მარანი, სადაც არაჩვეულებრივი ხვანჭკარა იწურებოდა. იქ უამარავი რამ ინახებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღარავინ დარჩა აქ ღვინო რომ დაგვეწურა, ან რაღაც და ეს მარანი გაუქმდა. ახლა იქ დიდი ოთახი გვაქვს და როდესაც გარეთ ძალიან ცხელა, იქ საოცარი სიგრილეა... იმ ოთახში ვხდებით, ვსაუბრობთ, სუფრებსაც ვშლით, მოსასვენებელი ადგილიც არის... ზაფხულში მოგეხსენებათ სახლში არავინ შედის და იქ არაჩვეულებრივი ადგილია სიცხეს დაემალო. ზამთარში თუ ჩამოსვლას ვახერხებთ, სიამოვნებით მივუსხდებით ბუხარს და კარგ დროს ვატარებთ... საშუალება რომ მქონდეს აქ წელიწადის ნახევარს მაინც გავატრებდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დაკავებული ვარ. მაინც ვახერხებ წელიწადში სამი თვით აქ ყოფნას. ძირათადად ზაფხულში, მაგრამ ისე ვანაწილებ, რომ ცოტა ხნით გაზაფხულზეც ვიყო რაჭაში და შემოდგომაზეც. რა სჯობს იმის ყურებას, რაჭაში რომ ბუნება იღვიძებს. შემოდგომაზეც საოცარი სილამაზეა... ჩემთვის აქ ყველაზე მშვიდი ადგილია და ისეთია, ადამიანი რომ მოინატრებს, ნეტავ ახლა სადმე წავიდე და ჩემთვის მშვიდად განვმატოვდეო... მოდიხარ ქალაქის ქაოსიდან და აქ ყველაზე კარგად ისვენებ.

 

 

 


- თუ გაქვთ რამე სახის მეურნეობა?
- არა, რადგან მაშინ კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დავყო აქ. სხვას ჩაბარებული და მიბარებული, არ გამოდის რამე ხარისხიანი... ამიტომაც ძირითადად ყვავილების მოშენებით ვართ დაკავებული... გვაქვს იასამანი, ვარდები, ისეთი უცხო ჯიშის ყვავილები, რომლებიც გაზაფხულზე მოდის და ზაფხულზეც იშლება, სხვადასხვა ყვავილებია და ბევრი მათგანის სახელი არ ვიცი... ყვავილებს ძირითადად მე ვუვლი, გასხვლა და ყურადღება ჭირდებათ გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც. გუშინ ნაძვიც დავრგეთ. ეზოში ასწლიანი ხეხილია – მსხლები, კაკლები... სოფელში მოგეხსენებათ ყველაზე მთავარი ადგილი – ეზოა და ხეხილი ეზოს ძალიან ალამაზებს. ეზოში ჰამაკები გვაქვს, კარგად მოსასვენებელი ადგილები... სიმდიდრით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ გემოვნებით რაღაცას ვახერხებთ. სულ ამ სახლს ვამაგრებთ. სველი წერტილები მოვაწყვეთ, იატაკები მოვაპირკეთეთ... სიძველეს ვერ ველევი, ბეტონის სახლს ბევრად მირჩევნია ძველი ხის სახლი, სულ სხვა რამეა!

 

 

- თქვენი ოჯახის წევრებსაც უყვართ რაჭა?
- თქვენ წარმოიდგინეთ ჩემზე მეტადაც კი! ჩემი მეუღლე წარმოშობით იმერელია, მაგრამ სოფელი არ აქვს და სოფლის სიყვარული მხოლოდ რაჭამ აჩვენა. ამიტომაც მეუღლე და ბავშვები გიჟდებიან რაჭაზე.

 

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ლია 2019-07-31 15:18
magaria Zaan

კომენტარის დამატება