"სიმშვიდის ქოხი", რომელიც ქართველმა რეჟისორმა შვილებთან ერთად ააშენა პანდემიის დროს

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მშობლიურ სოფელში შვილებთან ერთად, სახლი ააშენა და მას "სიმშვიდის ქოხი" უწოდა. შესაღებად ყველა მსურველი მიიწვია, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი იდეების რეალიზება სურდა და სახლის კარი გაუღო ხელოვან ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ "სიმშვიდის ქოხში" მოაწყონ გადაღება, ჩაწერა თუ ჩვენება. სახლის აშენების იდეასა და შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელოვან პრინციპებზე გვესაუბრება:

- სახლი სოფელ ძეგვში ავაშენეთ. ეს ჩემი სოფელია და ჩემი მშობლების სახლიც იქაა. აშენების იდეა პანდემიის დროს გაგვიჩნდა. მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვალა და ახალი რეალობის წინაშე დავდექით, დავიწყე ფიქრი. რადგან
გაჩნდა უამრავი თავისუფალი დრო, ვიფიქრე, ჩემს შვილებთან ერთად რაღაც ამეშენებინა. სოფელში ვიყავით, სახლიდან ვერ გავდიოდით და ნელ-ნელა დავიწყეთ შენების პროცესი. პრინციპი იყო ის, რომ უნდა გამოგვეყენებინა ყველაფერი, რაც სახლში გვქონდა. ეს არ იყო მშენებლობა, რომლისათვისაც სპეციალურად უნდა შეგვეძინა სამშენებლო მასალა. გვქონდა დაგროვილი უამრავი კარი, ფანჯარა, ფიცარი, ხის მორები, ლურსმანი და ნელ-ნელა შევუდექით საქმეს.

- თქვენ და თქვენმა შვილებმა მარტო, სხვების დაუხმარებლად, ააშენეთ ეს სახლი?
- თავიდან მხოლოდ ჩვენ დავიწყეთ. ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო და ვერავინ მოდიოდა. შემდეგ, როდესაც მოიხსნა შეზღუდვა, ჩემი მეგობრები ამოდიოდნენ ხოლმე და გვეხმარებოდნენ.

- როგორ აპირებთ მოწყობას, თუ გაქვთ წინასწარ განსაზღვრული გეგმა?
- ასეთი გეგმა გვაქვს: გვინდა, რომ მოტივირებულ, ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მხატვრებს შევთავაზოთ, რომ არის სივრცე, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ და თავად გადაწყვიტონ, როგორ მოაწყობენ. თავისუფალი, ღია სივრცეა და ამისთვისაც გაკეთდა, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვისაც თავისი შემოქმედებითი იდეების განხორციელება სურს. მაგალითად, მოაწყონ ფოტოგადაღებები, ხატონ, რეპეტიციები გაიარონ, გამართონ ჩვენებები და ასე შემდეგ. შეღებვის დროსაც გამოვაცხადეთ, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, მოსულიყო და ქოხი საკუთარი შეხედულებისამებრ შეეღება. შედეგად, ძალიან კარგი ადამიანები მოვიდნენ და სხვადასხვაფრად შეღებეს.

- რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ქალაქში ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სოფლებში უბრუნდებიან სახლებს?
- ვფიქრობ, რომ ახლა ის დრო დადგა დედამიწაზე, როდესაც ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ბუნებრივ ადგილსამყოფელს. ეს არის ბუნება. მგონია, რომ საიდანაც მოვედით, იქ უნდა დავბრუნდეთ. ვფიქრობ, უკვე ბევრი მიხვდა ამას საქართველოში და მიხარია, რომ ადამიანები თავიანთ სოფლებს უბრუნდებიან.

- თქვენც ხომ არ აპირებთ სოფლად გადასახლებას?
- გამიმართლა, რომ ჩემი სოფელი ქალაქთან ძალიან ახლოსაა და ყოველდღიურად შემიძლია წავიდე და უკან დავბრუნდე. 20 წუთის მანძილია. მომავალში ვისურვებდი, სოფლად მქონოდა ისეთი პირობები, რომ იქ მეცხოვრა. ქალაქს საერთოდ დავანებებდი თავს, რადგან ის ნამდვილად არ იწვევს ჩემში არც კომფორტსა და არც ჰარმონიას. ვფიქრობ, ადამიანებს გაცილებით მეტი კომფორტი ელით ქალაქგარეთ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ რატომ ვართ აქ და რატომ ვანადგურებთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, როდესაც ბუნებას ჯერ კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ შეგვიფაროს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები