"ჩვენი სახლი ჩვენ გარდა უამრავ უცნობ ადამიანს შევაყვარეთ..." - წალკოტი თუშეთიდან

თამრო იდოიძე დართლოდან, ასე გაგვეცნო ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც თუშეთში, მამა-პაპისეული კარ-მიდამო ოჯახთან ერთად პატარა წალკოტად და სასიამოვნო დასასვენებელ ადგილად აქცია. პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებელია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. დართლოში პატარა საოჯახო სასტურო გახსნა და მისი საქმიანობაც მაისიდან ოქტომბრამდე თუშეთს და ამ ულამაზეს სახლს უკავშირდება.

- ძალიან მიყვარს მთა და მოგზაურობა. ფოტოების გადაღება და ყველაფერი ის, რაც ბუნებასთან გვაახლოებს. თუშები ასე ვთქვათ მომთაბარე ხალხი ვართ, გაზაფხული
დან შემოდგომამდე მთაში ვცხოვრობთ, დანარჩენ დროს კი ბარში ვატარებთ. ბავშვობიდან მოყოლებული, მეც მაისიდან შემოდგომამდე დართლოში ვიყავი და შემოდგომას სოფელ ზემო ალვანში ჩამოვდიოდი, სადაც დავამთავრე სკოლა.

- თქვენმა ბავშვობამ მომავალ ცხოვრებაზე გავლენა იქონია?
- ვფიქრობ ყველას ბავშვობა ახდენს მომავალზე გავლენას და არც მე ვიქნებოდი გამონაკლისი. ბავშვობიდან მთებთან და ბუნებასთან სიახლოვემ, რა თქმა უნდა იქონია გავლენა ჩემზეც. ვფიქრობ, რომ არ მქონოდა ბავშვობიდან თუშეთთან კავშირი, ახლა არ მექნებოდა ეს მიჯაჭვულობა ჩემს სოფელთან. ჩემთვის წარმოუდგენელია, მაისი დადგეს და მე თუშეთში არ ავიდე.

- მოგვიყევით სახლის ისტორია, რომელიც დართლოში გაქვთ და ულამაზეს წალკოტად აქციეთ...
- სოფელი დართლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მუზეუმის სტატუსს ატარებს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა სოფლის აღდგენა, რეაბილიტაცია და ჩვენს სახლსაც ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. რადგან მაისიდან დაზამთრებამდე დროს მაინც იქ ვატარებთ, ვიფიქრეთ, რატომაც არა, მოდი გავაკეთოთ საოჯახო სასტუმრო და ასეც მოვიქეცით.

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე - როგორც თქვით, თქვენი ოჯახი ერთი საქმის გარშემო გაერთიანდა. ამ ერთსულოვნებამ რა შედეგი გამოიღო?
- მყავს დედა, მამა და ერთი და. ყველამ ერთად ჩვენ ჩვენი წილი წვლილი შევიტანეთ ჩანაფიქრის განხორციელებაში. შედეგი? არ ვიცი, ალბათ ის, რომ მივაღწიეთ ჩანაფიქრის ასრულებას და ჩვენი სახლი ჩვენ გარდა უამრავ უცნობ ადამიანს შევაყვარეთ.

- ულამაზესი ეზო გაქვთ. ყვავილები ვინ გააშენა და ვინ უვლის მათ?
- ვფიქრობ, სახლი ეზოდან იწყება და პირველი შთაბეჭდილებაც ეზოში ფეხის შემოდგმისთანავე ექმნება ადამიანს. უამრავი ადამიანი უბრალოდ ფოტოს გადაღებას გვთხოვს ხოლმე ეზოში და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიხარულოა. მე და ჩემი და ყოველი მაისიდან ვიწყებთ ეზოსთვის ახალი სიცოცხლის მიცემას. მოგეხსენებათ, თუშეთში მკაცრი ზამთარია და ჩვენი ყვავილებიც ვერ უძლებენ ყინვას, ამიტომ ყოველ გაზაფხულზე ახლიდან გვიწევს ყველაფრის გაკეთება. თუმცა ვფიქრობ, ღირს ამ შრომად ის შედეგი, რასაც ვიღებთ.

- როგორც ვიცი, არაჩვეულებრივი მზარეული ხართ. თუშურ სამზარეულოზე და კერძებზე რას გვეტყვით? რომელი კერძებია გამორჩეული და რამდენად რთულია მათი მომზადება?
- არაჩვეულებრივ მზარეულობას ნამდვილად ვერ დავიბრალებ, თუმცა თუშური კოტორის (ხაჭაპურის) ცხობა კი გამომდის კარგად. ხაჭოსგან მზადდება და ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს მისი გამოცხობა. კოტორის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ გულსართად აუცილებლად ცოტა დაძველებული ხაჭო უკეთდება და აუფუარი ცომით მშრალად ვაცხობთ ცხიმის გარეშე. მხოლოდ გამოცხობის შემდეგ ვუსმევთ კარაქს. გარდა კოტორისა თუშეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ხავიწი, რომელიც ასევე ხაჭოსგან და ერბოსგან მზადდება და თუ არ გაგისინჯავთ, კოტორი და ხავიწი აუცილებლად უნდა გასინჯოთ. არ შეიძლება ბეგქონდარას ჩაის გამოტოვებაც.

- რაზე ოცნებობთ?
- სიმართლე გითხრათ, ასე არასდროს დავმჯდარვარ და არ მიოცნებია, ნეტავ ეს მქონდეს, ის მქონდეს და ასე შემდეგ. ვფიქრობ მხოლოდ ოცნებით ფონს ვერ გავალთ და მეც ოცნების ნაცვლად ვცდილობ დასახული მიზნების ასრულებისთვის შრომას და ასევე ჩემი აგურის დადებას ყველა საერთო საქმეში, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია.





მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები