უბატონო სვანეთი შველას ითხოვს!

სვანეთში, უშგულის თემში, სოფელ ჩვიბიანში, 22 ივნისს XI-XII საუკენეში აგებული ჩარკვიანების 5-სართულიანი კოშკი და 2-სართულიანი მაჩუბი მთლიანად ჩამოიშალა. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით (იხილეთ სტატია). როგორც ჩარკვიანები აცხადებენ, კოშკი დიდი ხნის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და გამაგრებას საჭიროებდა. ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა დანგრევის პირას მისული კოშკის გადარჩენას, რამდენიმე დღის წინ კი, კოშკი მთლიანად განადგურდა... სვანეთში გვარს თუ თავისი საგვარეულო კოშკი ჰქონდა, ეს მათი გვარის სიძლიერეს ნიშნავდა, ამიტომაც ისტორიას და თავის მხრივ ამ ამაყ და ზვიად კოშკებს სვანები განსაკუთრებით უფრთხილდებიან,
როგორც სვანები ამბობენ, კოშკიდან ჩამოვარდნილი ქვა წინაპრების ტირილს ჰგავს და ეს სვანეთისათვის ცუდის მომასწავებელია...

გიორგი ჩარკვიანი:
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითომ უხვმა ნალექმა გამოიწვია კოშკის ჩამონგრევა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მძიმე მდგომარეობაში კოშკი დიდი ხანია იყო. 3 წლის წინ განცხადება შევიტანეთ კულტურის სამინისტროში. მას შემდეგ მოვიდნენ სპეციალისტები, აზომეს კოშკი და მაჩუბი, გადაუღეს ფოტოები და წავიდნენ... რაც საჭირო იყო, ის არ გაუკეთებიათ. ახლა ჩამონგრევის შემდეგ მაინც რომ მოგვაქციეს ყურადღება და ეს ადგილი, სადაც კოშკი და მაჩუბი საუკუნეების განმავლობაში ამაყად იდგა, ცარიელ ადგილად არ დარჩება, მადლობლები ვართ... მას შემდეგ დაიწყო ჩაჟაშის რეაბილიტაცია და აღარავის მოუკითხებია ჩვენთვის. საკუთარი სახსრებით ძნელია რამის გაკეთება. აქ მცხოვრებ ოჯახებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ აღადგინონ. ძეგლს თავის დროზე უნდა შველა, მიხმარება, ამ მდგომარეობამდე რომ არ მივიდეს, მაგრამ პატრონი არ გვყავს. ჩვენს კოშკს დრო და დრო საკუთარი ძალებით ხის სამაგრებს ვუდგამდით, რომ დროებით მაინც გაგვემაგრებინა, მაგრამ რესტავრაციას, რომელიც მას სჭირდებოდა და დიდხანს შეუნარჩუნებდა სიმყარეს, ვერ გავაკეთებდით. მისი აღდგენისთვის საჭირო სახსრები რომც გვქონოდა, ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და ჩვენ თვითნებურად აღდგენის უფლება არ გვაქვს. ფაქტია, რომ ერთ წამში განადგურდა 5-სართულიანი კოშკი და 2-სართულიანი მაჩუბი - ჩვეულებრივი სვანური საცხოვრისი...
რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, დღეს დილას დაიწყეს სპეციალისტებმა. დაახლოებით ალბათ 1 თვე დასჭირდება გაწმენდას. მხოლოდ ამას შემდეგ გვპირდებიან, რომ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

- გამიგია, კოშკის ჩამოგრევას სვანები ძალიან განიცდიან და ეს მათთვის ადამიანის დაღუპვის ტოლფასია...
- ჩვენი წინაპრები ასეთ რამეს ამბობდნენ, კოშკი რომ ინგრევა, მთელი ოჯახი ინგრევაო... ამ ამაყმა კოშკებმა უამრავ ომიანობას, სტიქიურ უბედურებებს გაუძლო, დიდთოვლიანობის დროს მრავალი ადამიანის სიცოცხლე გაადარჩინა. ჩვენ ადამიანებს კი არ შეგვიძლია მათ გადარჩენა. ეს ჩვენი ისტორიაა. ვერ გამოვდექით ჩვენი წინაპრების მსგავსად ძლიერები და ვერ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკა ანთიძის განცხადებით, უშგულში მივლინებული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი დეტალურად შეისწავლის, აღრიცხავს და მოამზადებს ანგარიშს. როგორც ის ამბობს, დღეს დილით უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები...

ნიკა ანთიძე: 
- სამწუხარო ფაქტია კოშკის ჩამონგრევა, თუმცა ფიზიკურად ვერ მოხერხდება ყველა დაზიანებული კოშკის ერთდროულად აღდგენა და რეაბილიტაცია. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ჩამონგრეულ ჩარკვიანების კოშკს, დღეს დილას დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით რა დრო და რა ვადები დასჭირდება ამ პროცესს, უახლოეს მომავალში გვეცოდინება. ჩვიბიანში ჩარკვიანების კოშკის შესასწავლად ის სპეციალისტები არიან გაშვებულები, ვინც ჩაჟაშის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებენ. ამ ძეგლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვქონდა და ვაპირებდით რეაბილიტაციას, ოღონდ მას შემდეგ, რაც სხვა უფრო დაზიანებულ კოშკებს ჩავუტარებდით რეაბილიტაციას. როგორც ჩანს, წელს სვანეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უხვი ნალექი მოვიდა და ამან გამოიწვია და დააჩქარა კოშკის და მაჩუბის ჩამონგრევა.
მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის სრული რეაბილიტაცია. სვანეთში 160 ძეგლია მძიმე მდგომარეობაში და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ სიაში როგორც კოშკები, ასევე მაჩუბებიც შედის და ამის ფონზე მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად 10-12 ძეგლის რეაბილიტაციას ვახდენთ. ბოლო წლების მონაცემებით, 100-მდე ობიექტი არის სრულად რეაბილიტირებული, თუმცა ყველას ერთნაირად აღდგენა ფიზიკურად ვერ მოხდება. ეს რთული კი არა, შეუძლებელია პროცესია.

როგორც უშგულში გამგებლის წარმომადგენელმა ბესო ჩარქსელიანმა გვითხრა, მძიმე მდგომარეობაში კიდევ ბევრი კოშკია და მათ რეაბილიტაცია ესაჭიროვება და თუ ეს დროულად არ მოხდება ეს კოშკების ჩარკვიანების კოშკის ბედს გაიზიარებენ:
- სამწუხაროა, მაინცდამაინც ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა საქმე. უშგულში კიდევ უამრავი კოშკია მძიმე მდგომარეობაში. ველოდებით ყოველდღიურად, რომ ერთი კოშკი მაინც აღდგეს და გამოაკლდეს იმ აღსადგენთა კოშკების სიას, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
ნინო ჩიქოვანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები