"ჩეეხუტეთ ერთმანეთს და მაგრად დადექით, დაღმართზე ვეშვები და "ტორმუზი" არ მაქვს..." - ჩემი იმერული ბავშვობა

იმერული ბავშვობა

ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ... ყველას გვქონია ბავშვობა, ანუ ოქროს წლები, ყველაზე ფერადი, ყველაზე კაშკაშა და ყველაზე საოცარი... რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც საუკეთესო... ბევრი რამ ხდება ბავშვობაში ისეთი, რაც სამუდამოდ ილექება ჩვენში და მერე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავს გვახსენებს, ზოგჯერ კარგად და ზოგჯერ ცუდად...

ჩემი ბავშვობა იმერეთში იწყება და იქ არის... თუ დრო გაქვთ და სურვილი, წამომყევით, ერთად ვნახოთ, რა იყო, როგორ და რატომ... ერთი წუთით... გესმით "ტყაპა-ტყუპის" ხმა? ხოო... ყური დაუგდეთ... ეს ბებიაჩემია... არ იფიქროთ, რომელიმე
შვილიშვილს უხამსობის გამო ერთ ადგილზე სცემდეს, არააა, ბატონო, არააა, გეკადრებათ??? როგორც ყველა იმერელ ქალს, მასაც გუმანმა უგრძნო, მისვლას რომ ვაპირებდით და სამზადისშია - თქვენ ახლა მჭადის ცხობის ხმა გესმით... ნამდვილი ვირტუოზია ამ საქმის ჩემი "ვარდო" ბებო. ისე ჟონგლიორობს ამ კეცზე დასადები მჭადით, რომ ბოლოს, ნამუსი არ გყოფნის, გატეხო და მიირთვა, ისეთ ცემა-ტყეპაში ჰყავს ხოლმე...

მოკლედ, გაგვიგეს სტუმრობა იმერლებმა... უნდა ავჩქარდეთ... მაგრამ ასე სად ივლით თქვენ... არ გამოვა... ახლა შემოდგომა დგება ჩვენში და მთლად ტალახს მიაქვს იქაურობა, ჰოდა, იმერულად უნდა გამოგაწყოთ - ფეხზე იმერული კეთილგანწყობა უნდა ჩაგაცვათ... ა, ბატონო... სტუმრის სიყვარული და სიხარული ბეჭებზე მოგახუროთ... სიტყვა და პასუხი შუბლზე დაგაწეროთ და ეგაა... ვესტუმროთ ახლა იმერეთს....

მოკლედ რავაც ჩვენსკენ იციან, ჩემო იმანო, ზემო იმერეთის ერთ-ერთ პატარა, კოპწია, ლამაზ და ხელის გულზე საგოგამანებელ სოფელში მიმყავხართ... აქაა ჩემი ფესვი, ჩემი ბავშვობა, ჩემი სინდისი და ნამუსი... ამ სოფელს ბორი ჰქვია... ისტორია დიდი აქვს, შორს რომ არ წავიდე, მეხუთე საუკუნის წმინდა გიორგის სალოცავი ეკლესია აქვს და ის იცავს, ის პატრონობს... გვეამაყება ეს ჩვენ ძალიან...

აქ ყოველი სასწავლო წლის დასრულებას ნატვრით და სიშლეგით ველოდი... ბოლო გაკვეთილის ბოლო ზარი - ეს იყო შვება, მთელი სამი თვით ვიხიზნებოდი სოფლად, ჩემს დევკაცებთან... ყველა დიდი, სანატრელი, საოცნებო და სასიქადულო კაცი იქ მყავდა, ამ ერთ მუჭა სოფელში და ერთ მუჭა ხალხში... თითებზე ვითვლიდი დროს, თუ როდის მოვიდოდა ეს ძველი დაფახფახებული ავტობუსი, როდის ავვარდებოდი და მძღოლის გვერდით გავჩაჩხავდი ფეხებს - აქ ყველაზე საინტერესო რამ ხდებოდა... მძღოლს "ავთია" ერქვა... არავის არ წყალობდა და არავის არ ინდობდა, იმერული იუმორი სახრესავით ჰქონდა და აბეზარ მგზავრებს სულს უმწარებდა... -"ავთიააა, აგერ გამიჩერე, ბიჭო, ეკლესიასთან ! " - "მაგი თუ გიშველის შენ, მთლაა შიგნით შევალ, დაიაა"...
"ე ბიჭო, სა უჩერებ, გეივსო ე შეჩვენებული!" - "ჩეეხუტეთ ერთმანეთს და მაგრად დადექით, დაღმართზე ვეშვები და "ტორმუზი" არ მაქვს..." - აა, ასე ვგმზავრობდი და ასე გადიოდა დრო...

ბოლო გაჩერებიდან კიდევ ოცი წუთი უნდა მევლო, შარა-შარა, ღორე-ღორე, ღობე-ღობე და მივადგებოდი ადგილს, ხელისგულივით რომ ჩანდა ჩემი სახლი და ბუხრიდან ამოვარდნილი თეთრი კვამლი გველეშაპივით რომ იკლაკნებოდა და უერთდებოდა ცას... ჩემი სახლი და უბანი ყველამ იცოდა და იცის... აქ ცხოვრობს ის ხუთი ბერმუხა, ის ხუთი ძმა ფაიქრიძე, ორას მეტრ ეზოში ხუთი სახლი რომ წამოჭიმეს და დღემდე ყველაფერს უძლებს, იტანს და იფერებს... დრო იქნება, გაჭირვება, სიხარული, სიყვარული, ძეობა, ჭირი და ასე შემდეგ... აქ ამ ხუთ ძმას ყველაფერი ერთი აქვს... მათ მტერიც ერთი ჰყავთ და მოკეთეც... ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო ყველასთვის ცნობილია - აქ, ამ სოფელში არის ხუთი ძმა და მათ უბანს ფაიქრიძეების უბანს ეძახიან...

ა კიდო... გაიგონეთ? - ეს "მაგული" ბებიაა... რას მღერის, ბიჭოო... ციცარივით ხმა აქვს და განწყობა ისეთი, ათასკაციან სუფრას რომ მოუხდება და დაამშვენებს... სულ გიღიმის, სულ გკოცნის და სიმღერით გესაუბრება... არ გენახოს ასეთი არაფერი... მივიდეთ... ავჩქარდეთ, თვარა სული კბილებით მიჭირავს... გასკდა გული...
ა ბატონო საგვარეულო ჭიშკარი... რაც ამ რკინის ჭიშკარზე ნაპროწიალები ვარ, იმდენი სიხარული თქვენ... აბა, მოემზადეთ, ბავშვობის კარს ვაღებ და ცოტას კი ვნერვიულობ... მობრძანდით, სტუმრებო - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება...

ეს პირველი სახლი სულიკო ფაიქრიძის არის... მარჯვე ხელები აქვს სულიკო ბაბუას, მარჯვე და თან ოქროსი... ხეს ისე დაამუშავებს, ისე, რომ მთლად ცოცხალი გეგონება და სალამს მიუძღვნი... მეორე სახლი გურამ ფაიქრიძისაა - იგივე ვასილის, აქ ვიზრდებოდი - მთლად გაყვითლებული რომ გამომიყვანეს სამშობიაროდან ამ ბოვშის ფერი არ მოგვწონს, პატარა ხანს ჰაერზე გეიყვანეთო... ვასილი ტანად პატარა - მარა გული აქვს სამყაროს დეიტევს, მარტო ის საყანე მიწები რომ განახათ, რასაც ეს პატარა კაცი ამ რკინის გულით და შემართებით ამუშავებს - მართლა დაპატარავდებოდით სირცხვილისგან... კაცი თუ ვინმე ყოფილა ვასილი ყოფილაო...
ეს მესამე სახლი - ოთარ ფაიქრიძისაა... დიდებული მომღერლის, პოეტის და თამადის სახლი. ისე გიმღერებს, ისე მოგეფერება, ისეთ ლექსს გეტყვის და ისე დაგლოცავს - თვალზე ცრემლი მოგადგება და ყელში ბურთი გაგეჩხირება... თქვენ ვინ ყოფილხართ, ძმებო, იმერეთო და იმერლებო გენაცვალეთო...
მეოთხე სახლის ჯერია, აქ ჩემო ბატონო, უჩა ფაიქრიძე სახლობს, ეს მისი სახლია - იმერული იუმორი თუ სადმე გინდა ნახო, უჩას უნდა ჰკითხო და რა პასუხსაც მიიღებ, შენს თავს დააბრალე, განთქმულია თავისი იუმორით და სიხალისით...
ეს კიდევ მეხუთე სახლი, ჩემო ბატონო - კი მარა, ხომ არ დაიღალეთ? არ ქნათ მაგი ახლა, არ გევიგო დაღლა და წუწუნი - ავთანდილ ფაიქრიძე უნდა გაგაცნოთ - თუ ვინმეს იმერეთში ვაჟკაცობაზე თავი დაუდია და ქედმაღლურად უთქვამს - მე ვარ და ჩემი ნაბადიაო, მოხვედრია მას ილიჩის მუშტი და ქე დარჩენილა ისთე... ნამდვილი იმერელი ვაჟკაცი, დალოცვილი და ნამუსიანი ულვაშით... მთელი ბავშვობა კაცობის, რაინდობის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ რომ მყავდა - ე, ის ავთანდილ ფაიქრიძეა ეს... ამ ხუთ დალოცვილ ძმას კიდევ ერთი ნაბოლარა და ჰყავთ - ქალბატონი ნარგიზი... ტკბილად და ლამაზად გაათხოვეს და არიან ახლა ასე სიამტკბილობით - შვილებში და შვილიშვილებში, შვილთაშვილებშიც კი...

აგერ აა, ამ კაკლის ხის ქვეშ მოისვენეთ, დაბრძანდით... იმდენი რამ ხდება ახლა ჩემს თავში... "ბაბუკოოოოოოოოოოო.... ბაბუკოოოოოოოო"... ამას რას ისმენს ჩემი ყურები... ღმერთო მომკალი... ლოთი კოწია მოდის... ლოთი კოწია... ამბობენ, ყველა სოფელს ერთი გიჟი ჰყავსო... მაგრამ ეს რომ ვთქვა, ენა როგორ მომიბრუნდეს, რა კაცი ვიყო და რა სახელი ვატარო... თქვენ რომ მისი თვალები გენახათ, მისი ხმა მოგესმინათ - თუ რამხელა ტკივილს, საფიქრალს და ტვირთს ატარებდა, მიმიხვდებოდით... იგრძნობდით... შემოდგომის მიწურულს გამოჩნდებოდა ხოლმე კოწია სოფლად, ღვინოს რომ გემოს უსინჯავენ, ადგილს უცვლიან და ასუფთავებენ, ე მაშინ... სერზე, წეღან რომ განახეთ, იქედან იწყებდა ყვირილს - "ბაბუკოოოოოოოო... ბაბუკოოოოოოოო!" - ამის გაგონება და ცოცხლდებოდა სოფელი, ავტეხდით ბავშვები ჟრიამულს, ვაის და უშველებლს, კისრის ტეხვით გავრბოდით სოფლის თავში... ვიმალებოდით ბუჩქებში, ქვებით და ჯოხებით შეიარაღებულნი და ვუცდიდით... ასე ვიყავით სულ, რამდენი კოწია დაიყვირებდა... მაგრამ ღმერთი, რჯული, არც ერთს, არც ერთს, ვინც იქ ვიყავით, არასდროს არ გვისვრია ქვა და ჯოხი ამ საოცარი კაცისთვის... რომელიც ასე ჩანჩალით, ასე ყვირილით ყველა ოჯახის კარს შეაღებდა, თითო ჭიქა ღვინოს ითხოვდა და თვრებოდა... უაზროდ... გონების დაკარგვამდე... ისეთი თვალები და სახე ჰქონდა, რომ ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს და მეტირება... ასე მეგონა, სულ რომ ყველას დახმარებას სთხოვდა, ყველა ოჯახში თავისი სატკივარი მიჰქონდა და მასპინძელს სთხოვდა, თუ კაცი ხარ, თუ გული გაქვს, არ გამიშვა და მიშველეო... აბა, ისე რა გამოდის, ან ის რა სოფელია, ერთი გულმტკივანი კაცი თუ ვერ აიტანა, შეინახა და ფეხზე დააყენაო... ერთხელ მახსოვს, ძაღლებმა დაგლიჯეს კოწია...

ხელი საშინლად ჰქონდა, ლამის გაუშავდა და ასე ტკივილისგან გაგიჟებული მოადგა მამაჩემს - მიშველე, ბაბუკო, მგონი ვკვდებიო... მამამ ხელს შეხედა თუ არა - ერთადერთი, რაც გააკეთა, პიჯაკს დასწვდა და ჩაიცვა, კოწიას ხელი მოკიდა და წაიყვანა... მთელი დღე მომტირალი და ცხვირგაწითლებული ვიდექი კარებთან და ველოდი მამის დაბრუნებას... შუაღამისას მოვიდა მამა - მახსოვს, როგორ წამოვვარდი ლოგინიდან, გავვარდი მისაღებ ოთახში ,ჩავეხუტე და ვყვიროდი - "მითხარი, რომ არ მოკვდება... მითხარი, რომ უშველი... მითხარი, რომ კარგადაა... მითხარი, სადაა კოწია? რა ჭირს?" - "გაჩერდი, ბიჭო, დამშვიდდი, მაცადე გავიხადო, კარგადაა, კარგად... ხვალ, ზეგ და მაზეგ გამოწერენ, ოპერაცია გაუკეთეს..."
იმ წელს ვეღარ ავედი სოფელში, არ ვიცი, რატომ... მეორე წელს კი თურმე კოწია ისე დათვრა, რომ ღრმად, ძალიან ღრმად და მშვიდად მიეძინა... მასავით ტკივილიან და ცარიელ სახლში... მარტოს....

უჰ, რამდენი ვიტლიკინე... თქვენ კიდევ გშიათ, ნამგზავრნი ხართ... ეეე, შემოგვმღერა მაგულიმაც... გოუშლიათ სუფრა იმერლებს... დავაფასოთ... დავაფასოთ... ისე, ცოდვა გამხელილი ჯობსო, მთელი საქართველო კუდაბზიკობაში გვდებს ბრალს და კი მარა, რატომ? - საჭმელი გინდათ, ბიძია, იმდენი მოგვაქვს და ისე სწრაფად, რომ გადაღებას ვერ ასწრებ, თვალი მეორე კეცზე გაგირბის, მეორიდან - მესამეზე და ასე უსასრულო ფიქრში კი რჩები მშიერი... ღვინო გინდა და ჩვენებური ციცქა და ცოლიკოური როა, ისეთი არ თქმულა მეორე, ოღონდ კაი უნდა დალიო, თვარა გლახას ბაბუაჩემი ვასილი ძმრადაც არ ხმარობს ლობიოში... მერე, მიგებება გინდა, დახვედრა გინდა და მოსვენება გინდა - ბადალი არ გვყავს, ავყრით ცოლ-შვილს და მთლად გარეთ გავათენებიებთ ღამეს, ოღონდ სტუმარმა მეისვენოს და იყოს თავისუფლად... ჰოდა ახლა რატომ ვართ კუდაბზიკები, მაგაზე ამის მერე თქვენ იფიქრეთ...

ახლა საქმეს მივხედოთ, საქმეს... სმენა იყოს და გაგონება! სუფრას ოთარ ილიჩი წოუძღვება... თან მოვილხინოთ და თან მოვუსმინოთ მის მარგალიტებს...

აა, ასეა, ჩემო მეგობრებო... მოსაყოლი კიდევ რამდენია, ვინ მოთვლის, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა და წონა აქვსო... მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, როცა დაბრუნდებით უკან - ეგ ტალახიანი კეთილგანწყობა ფეხზე ჩასაცმელად რომ მოგეცით, არ გარეცხოთ - ეგრე შეინახეთ... მაგ მიწამ გადაგვარჩინა, აქამდე მოგვიყვანა და ყველაზე მადლიანია, უბრალოდ დრო გამონახე, ჩადი, დააფასე, შეიზილე ფეხზე, სულზე და მალამოსავით რომ მოგეცხება, ყველა ტკივილს რომ დაგიამებს, მერე მიხვდები, რამხელა კაცი ხარ და როგორ გყვარებია შენი მიწა-წყალი, შენი სოფელი და შენი ბავშვობა, საიდანაც მოვდივართ და სათავეს ვიღებთ, ის ოქროს წლები, ის ნათელი ფერები, ყველა ხე, ყველა ჭიშკარი რომ რაღაც ერთ და მარადიულს გახსენებს, ისეთს, რაც აღარ განმეორდება, ან თუ განმეორდება, შენ აღარ გექნება ის თვალები, ეშმაკებით და ჭინკებით რომ იყო სავსე... ჰო, ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ და ვერასდროს ვივიწყებთ მას!!!
ნიკა ფაიქრიძე

კომენტარები

dato 2018-05-14 11:16
რამდენი ხანია ცრემლი არ მომდგომია თვალზე.
მანანა--შ 2017-12-22 14:28
მადლობა ნიკა, გუში ჩამწდომი სტატიაა, როგორ მატირე საცოდავი კოწია........
კაწი 2017-11-04 22:39
კარგი იყო :)
gia 2017-11-04 15:50
magari kaci xar , martla vimogzaure shens striqonebtan ertad
მალხაზ აბულაძე 2017-11-04 12:40
ყოჩაღ ნიკა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები