განხეთქილების... კოშკი

უკვე წლებია არ ცხრება დავა „ომუნეს“ კოშკის გარშემო, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდებარეობს. კოშკის ისტორია არ არის ცნობილი და მასზე მწირი ცნობები მოიპოვება. დღეს კოშკის გამო საკმაო დავა მიმდინარეობს. მხარეებს შორის არაერთი შეხვედრა შედგა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ისტორიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი რუსუდან იოსელიანი გვესაუბრა:

- ე.წ. „ომუნეს“ კოშკი გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება, რომელიც 1982 წელს აღადგინეს. 2015 წელს მივიღე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან რესტავრაციის სამუშაოებზე. 2016 წელს აღვადგინეთ სართულშორისი გადახურვები, დამაკავშირებელი კიბეები, შესრულდა ქონგურების გამაგრებითი
სამუშაოები, მაგრამ ვერ მოვახერხეთ კოშკის გადახურვა რამდენიმე ადამიანის პროტესტის გამო, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამტკიცებდნენ, რომ თითქოს კოშკი არის არა სვანური, არამედ მეგრული. ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჩვენთვის და საქმე არ მიგვეყვანა ბოლომდე.
შედგა არაერთი შეხვედრა ჩვენსა და წალენჯიხის გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს შორის, მაგრამ შეთანხმებას მაინც ვერ მივაღწიეთ. შემდეგ ამ პროცესებში ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავიდანვე ყურადღებას და მხარდაჭერას იჩენდა ჩვენი საქმიანობის მიმართ და რომლის მოთხოვნის საფუძველზეც საკითხის გარკვევა დაევალა ჩუბინაშვილის ინსტიტუტს. მიუხედავად იმისა, რომ კოშკის ტიპი საეჭვო არ იყო, ინსტიტუტს მაინც უნდა ჩაეტარებინა კვლევა ამ კუთხით.
დასკვნები წარმოადგინეს ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა და ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ირინე ელიზბარაშვილმა, ხოლო შემაჯამებელი დასკვნა - აღნიშნული ცენტრის დირექტორმა თამარ ბელაშვილმა. მოცემულ დასკვნებში კიდევ ერთხელაა დადასტურებული, რომ „ომუნეს კოშკი“ წარმოადგენს მთისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრების, კერძოდ სვანური ტიპის კოშკს.
1990 წელს შესრულებულ ბარათში (ძეგლის პასპორტი), რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში ინახება, ასევე ცალსახადაა მითითებული, რომ „კოშკი წარმოადგენს სვანური კოშკებისთვის დამახასიათებელ ტიპურ ნაგებობას“ (ხელოვნებათმცოდნე მ. აბაშიძე). აგრეთვე, ე. წ. „ომუნეს“ კოშკი სამეცნიერო ლიტერატურაში ყველგან დაფიქსირებულია როგორც სვანური კოშკი.
ცნობილი მეცნიერი თამაზ ბერაძე და დავით ჭითანავა, რომელთა კვლევებიც ეხება დასავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხებს და ისტორიულ ძეგლებს, არათუ ადასტურებენ, ეჭვიც არ შეუტანიათ ამ კოშკის სვანური ტიპის შესახებ.

- რა არგუმენტები გააჩნია მოწინააღმდეგე მხარეს?
- ამ სამი წლის მანძილზე ძეგლის შენარჩუნების მოწინააღმდეგეებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი არგუმენტი იმისა, რომ კოშკი არაა სვანური, შემოიფარგლებიან მხოლოდ განცხადებების წერით და მოთხოვნით, რომ არ გადაიხუროს კოშკი და გადაკეთდეს „მეგრულ ციხედ“, საპასუხოდ კი მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან ორჯერ იყო მცდელობა კოშკის საკუთარი ძალებით გადახურვის, რის შეჩერებაც ჩვენი თხოვნით გახდა შესაძლებელი.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით საქმეში ჩაერთო ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო და ოფიციალურად გადაიბარა კოშკის რესტავრაციის დასრულება შემდგომ მუზეუმის მოწყობის მიზნით. გამოცხადდა ტენდერი, გასული წლის ოქტომბერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და შესაბამისად გამოყოფილ იქნა ფინანსებიც. ამა წლის ივლისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ძეგლზე განხორციელდა ვანდალური აქტი - მონგრეულ იქნა მთლიანად სართულშორისი გადახურვები და წაღებული სამშენებლო მასალებთან ერთად, რაც იქვე, კოშკში ინახებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ძეგლთა დაცვამ შეიტანა საჩივარი შესაბამის სტრუქტურაში.

- თუმცა კოშკი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდებარეობს...
- სვანური კოშკები სვანეთს გარდა სხვაგანაც გვხვდება, რაც სრულიად არაა გასაკვირი. ჯიხაშკარში ჭაქვინჯის ციხის ექვსივე კოშკი სვანურია, მარტვილში ნოღას ციხის ერთ-ერთი კოშკი სვანურია, კასპში მაღალაანთ ციხე სვანური ქონგურებითაა გაფორმებული, აგრეთვე ორბელის ციხეც. რამდენიმე სვანური კოშკი დგას ჩრდილოკავკასიაშიც.
როდესაც სახელმწიფო, კონკრეტულად კი ძეგლთა დაცვა ვალდებულია შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მით უმეტეს, თუ ამისი ფინანსებიც არსებობს და გამარჯვებული კომპანიაც მზადაა შეასრულოს სამუშაოები, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო ყველანაირად ცდილობს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, მაგრამ ვერ ახერხებს, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასზე სერიოზულ ზეწოლას აქვს ადგილი. იმ დროს, როცა ტურიზმის განვითარება ასეთი აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველივე კოშკი, რომელმაც შთაბეჭდილება უნდა შეუქმნას სვანეთისკენ მიმავალ მნახველს, გადაუხურავი და მოუვლელია, რაც, ცხადია არ ქმნის კარგ წარმოდგენას ქვეყნის იმიჯზე.


კომენტარისთვის მივმართეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბექა ბარამიძეს:

- ჩვენ მიღებული გვქონდა მყარი გადაწყვეტილება, რომ აღდგენილიყო კოშკი. ბოლოს ის 1982 წელს აღადგინეს. რეალურად, როგორც კვლევებით დადგინდა, „ომუნეს“ კოშკი არის კოლხური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში. ვინაიდან იყო დავა კოშკის გარშემო, ჩვენ გადავწყვიტეთ პირველი სართული მოწყობილიყო სვანური ელემენტებით, მეორე სართულზე განთავსებულიყო მეგრული ელემენტები, ხოლო მესამე სართულზე იქნებოდა ცენტრალური ტერასა, გასახსნელი სახურავით. ასე უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იქნებოდა. იმდენად დიდი და მწვავე იყო დაპირისპირება, რომ ჩვენ ამის განხორციელების საშუალება არ მოგვეცა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ არ ჩაცხრება დაპირისპირება და არ მიაღწევენ შეთანხმებას, შევწყვიტოთ სარესტავრაციო სამუშაოები. არაერთხელ შედგა შეხვედრა, ვცადეთ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. არ აქვთ გაწონასწორებული პოზიცია, საკითხს მხოლოდ კუთხური ინტერესებიდან გამომდინარე უდგებიან.

მერი ბლიაძე

კომენტარები

უტა 2020-07-08 20:19
კოშკი ანუ მეგრულად ჯიხა, დგას სამეგრელოს ტერიტორიაზე, იყო სასიგნალო დანიშნულების, ფორმით არის კოლხური სტილის, ამისი ფოტოებიც არსებობს , რომელიც სრულიად დაუკითხავად გადკეთთდა სვანურ კოშკად და შეეცვალა მისი პირვანდელი სახე, რომელსაც ჰქვია სრული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვ ა ნ და ლ ი ზ მ ი , ჯიხა კოლხურია , მეგრულია და უნდა დაუბრუნდეს მისი პირვანდელი სახე, სვანურთან არანაირი კავშირი არააქვს
სოფო 2019-06-11 15:43
ამ დავაში დაინგრევა კოშკი.
გაკვირვებული 2018-12-23 11:00
რა უცნაურად ესმის ხალხს "აღდგენა": "ჩვენ გადავწყვიტეთ პირველი სართული მოწყობილიყო სვანური ელემენტებით, მეორე სართულზე განთავსებულიყო მეგრული ელემენტები, ხოლო მესამე სართულზე იქნებოდა ცენტრალური ტერასა, გასახსნელი სახურავით."

ევრო რემონტი გაუკეთეთ ბარემ.
კახაბერ კვარაცხელია 2018-10-06 17:47
ნამდვილი სიმართლე ომუნეს სასიგნალო კოშკის შესახებ: https://cloud.mail.ru/public/GA93/fEx9GQz7q
კახაბერ კვარაცხელია 2018-10-06 17:39
https://cloud.mail.ru/public/FxWU/LjMmhLBDK

კომენტარის დამატება