დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის თბილისური ბინა

მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაქარიაძის ქუჩაზე, პატარა და მყუდრო ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ბინა ქალბატონმა მარინამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ინტერიერი განსხვავებული, ფერადი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც კი. აქ ყველა კუთხეში შეხვდებით ორიგინალურ ნივთებს, ფერად სანათებს, ანგელოზებს, სხვადასხვაფერ ჩიტებს. ქალბატონი მარინას საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლო ხომ სწორედ ჩიტია. თავის პირველ ნამუშევარსაც ამიტომ დაარქვა „ლურჯი ფრინველი“, რომელიც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ნივთია.

- დიდი ხნის წინ ჩემს მშობლებთან ერთად გადმოვედი ამ სახლში საცხოვრებლად. ახლა ჩემს
მეუღლესთან, შვილებთან და ძაღლთან ერთად ვცხოვრობ. რაც დრო გადის, მით მეტად მომწონს ეს სახლი, მისი ადგილმდებარეობა, ქუჩა.



ფაქტობრივად, სახლში რემონტი არ გაგვიკეთებია, მხოლოდ ერთხელ შევცვალეთ იატაკი და შევღებეთ კედლები. სახლის ინტერიერი ძველისა და ახლის მიქსია და ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი. როგორც ხედავთ, ოთახი ჭრელია და ძალიან ბევრი ფერისგან შედგება.

- სახლის რომელ ნაწილში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად? თქვენი კუთხე თუ გაქვთ შერჩეული?

- სამზარეულოში მაქვს ჩემი სავარძელი და იქ არის ჩემი კუთხე. ესკიზებს ძირითადად იქ ვხატავ. თუმცა ეს ბინა ძალიან მიყვარს და ყველა ნაწილში მყუდროდ და მშვიდად ვგრძნობ თავს.



ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს უყვართ ჩვენი სახლი და ხშირად გვსტუმრობენ. თითქმის ყოველ საღამოს გვყავს სტუმარი. ალბათ, ისინიც კარგად გრძნობენ ჩვენთან თავს.

- რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, ეკრანზე ყოველთვის ენერგიული და ხალისიანია. სახლშიც ასეთია?

- რა თქმა უნდა, სულ კარგ გუნებაზე და გართობის ხასიათზე არ არის. სახლში, ძირითადად, ისვენებს. მასაც თავისი ადგილი აქვს, ტელევიზორთან ნახავთ ხშირად. როცა სახლშია, ვცდილობთ, არ შევაწუხოთ და დაისვენოს. ბოლო პერიოდში უფრო მეტ დროს ატარებს შინ, ადრე უფო გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა. ახლა ასე აღარაა.



- როგორია თქვენი ერთი ჩვულებრივი დღე სახლში?

- სულ რაღაცას ვაკეთებ, არ მიყვარს ერთ ადგილას ჯდომა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელ დღეს სამზარეულოში ვფუსფუსებ. არ მიყვარს კერძების მომზადება, მაგრამ თუ რამეს ვაკეთებ, გემრიელი გამომდის. დუტასაც კარგად გამოსდის ხორციანი კერძები, არაჩვეულებრივად ამზადებს თევზეულს. მე ძირითადად ვალაგებ სახლს ან ნივთებს ვაადგილებ, ვხატავ. ვერასოდეს ვისვენებ წამოწოლილი, პირიქით, როცა ვმოძრაობ, მაშინ უფრო ვისვენებ.

- არსებობს ინტერიერში ფერი, რომელიც გაღიზიანებთ და ცუდ ხასიათზე გაყენებთ?

- ფერებთან დაკავშირებით პერიოდულად, ხასიათიდან გამომდინარე მეცვლება შეხედულება, გემოვნება. ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფერი მაღიზიანებს. ერთადერთი, რაც ყოველთვის მომწონს, არის თეთრი ფერი. ახლა ძალიან მომწონს წითელი და ბევრი წითელია ჩემს სახლში. თუმცა იყო პერიოდი, როცა არ მომწონდა წითელი და ლურჯი მიზიდავდა.



- ოთახის განათებას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?

- ნათელი ოთახები მიყვარს, ბევრი განათება მაქვს სახლში, მაგრამ ჭერის განათებები - არა. ძირითადად სხვადასხვა ზომისა და ფერის სანათები მაქვს. ღამე დაბალ ნათებას ვანიჭებ უპირატესობას, არ მიყვარს გაჩახჩახებული ოთახები. მზის სინათლე მიყვარს, მაგრამ ღამეს დაბალი ნათება უხდება. დღესა და ღამეს შორის სხვაობა ხომ უნდა იყოს?

- სამკაულის შექმნის დროს, მნიშვნელოვანია თქვენთვის ატმოსფერო, სადაც მუშაობთ?

- კი, რა თქმა უნდა. ოთახში არ უნდა იყოს არეულობა, ჩემს თვალს არ უნდა აღიზიანებდეს მიყრილ-მოყრილი ნივთები, უნდა იყოს სიჩუმე, სიმშვიდე. მაქვს ჩემი სამყარო, ჩემი სავარძელი, სანათი, რომლის ქვეშაც ვმუშაობ მშვიდად.



- ნახატები თუ მოგწონთ ინტერიერში?

- ცარიელი კედლები არ მიყვარს, ამიტომ ნახატები ძალიან მომწონს ინტერიერში. სხვადასხვა ნივთით, ნახატებით დატვირთული ოთახი მე პირადად გარკვეულ კომფორტს მიქმნის და ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს. მაქვს ნახატები, მაგრამ ბევრი არა. მიყვარს, როცა ბევრი ნივთია სახლში. ჩემთვის ისინი მხოლოდ უსიცოცხლო საგნები არ არის, თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. ამიტომ მე ამ გარემოში კარგად ვგრძნობ თავს.

- როგორც მივხვდი, მცენარეებიც გიყვართ...

- კი, მიყვარს და მაქვს კიდეც. მცენარეები უხდება ინტერიერს, თითქოს სიცოცხლეს სძენს სახლს.



- განსხვავებული ყვავილების ქოთნები გაქვთ. თქვენი მოხატულია?

- დიახ. არა მარტო ქოთნები, მაგიდები, სკამები, სანათები... ზოგადად ნივთების უმრავლესობა, რასაც აქ ხედავთ, ჩემი ხელით არის გაკეთებული და მოხატული. სამზარეულოს ჭაღიც მე თვითონ გავაკეთე. ბევრს მოსწონს, რადგან განსხვავებული და ორიგინალურია.

- ინტერიერის დიზაინის საკითხში თქვენი და თქვენი შვილების გემოვნება თუ ემთხვევა ერთმანეთს?

- ჩვენი გემოვნება დიდად არ ემთხვევა ერთმანეთს. გოგო რაღაცნაირად თითქოს გადმოდის ჩემს ყაიდაზე, მაგრამ ბიჭი სულ მებუზღუნება - ყოველთვის ისეა ყველაფერი, როგორც შენ გინდა და არასდროს ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდაო. ჩემი გოგო ახლა პარიზში ცხოვრობს. იქ თავისი ოთახი, რა თქმა უნდა, საკუთარი გემოვნებით აქვს მოწყობილი. აქ კი მე ვერევი ამ საკითხში და ამიტომ ზოგჯერ პრეტენზიები აქვთ.



- დუტა ყველაფერში გეთანხმებათ, თუ მასაც აქვს ხოლმე პრეტენზიები?

- ძირითადად მეთანხმება, მაგრამ ზოგჯერ შენიშვნებიც აქვს. არ მოსწონს ამა თუ იმ ადგილას დაკიდებული ნივთი და მეუბნება, რომ არ არის პრაქტიკული. მას ურჩევნია, ნივთი პრაქტიკული იყოს, ვიდრე ესთეტიკური.

- ითვალისწინებთ ხოლმე ამ შენიშვნებს?

- სხვა გზა არ მაქვს, ვცდილობ, გავითვალისწინო. თუმცა უკვე დუტაც ჩემს ყაიდაზე გადმოვიყვანე. მე ამით ჩემთვის რაღაც აურას ვიქმნი და მგონია, რომ მათთვისაც კარგს ვაკეთებ. ისინიც მიეჩვივნენ უკვე.

- არაერთი ანტიკვარული ნივთი გაქვთ. თქვენი შეგროვილია?



- დედაჩემს უყვარდა და აგროვებდა წლების განმავლობაში. მაშინ ეს არ მესმოდა და ვეწინააღმდეგებოდი, ახლა ძალიან მომწონს და მადლობელი ვარ მისი. რაც მართლა ძვირფასი და ფასეულია ამ სახლში, ყველაფერი დედაჩემისგან მაქვს.

- დღეს დიდ ბინასა და პატარა კერძო სახლს შორის რომ მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

- ძალიან მინდა, დიდი სახლი მქონდეს, ამაზე ბევრად დიდი, რომელსაც სხვადასხვა ნივთით გავაფორმებდი. ოდესმე პროფესიის შეცვლა რომ დამჭირდეს, სიამოვნებით გავხდები ინტერიერის დიზაინერი. საკუთარი სახლიც ძალიან მინდა, ოღონ დიდი, პატარა - არა (იღიმის).

მერი ბლიაძე


იხილეთ წყვილის სახლი მცხეთაში:
დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - შემოქმედებითი სავანე

კომენტარები

თამო 2019-07-16 12:48
აქ რო შემიყვანა ყველაფერს გადავყრიდი,...გავასუფთავებდი :)))))სახლცას და აურასაც,რა უბედურებაა სახლია თუ ნაგვის ბუნკერი.
nini 2019-07-12 14:24
vaimeeee
დათო 2019-07-12 13:24
რაც თვითონაა ამხელა კაცი ტინგიცობს ისე სახლი აქვს ტინგიცურად მოკაზმული, რაა აქ საინტერესო და ლამაზი.
ციცო 2019-07-11 11:42
ძალიან ლამაზია, შემოქმედის ხელი უდავოდ ეტყობა და თან ძალიან გემოვნებით
ruxadze gulnara 2019-07-11 10:55
odnav minimalizmi ar awyenda

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები