ნატო დუმბაძის ბინის ორიგინალური ინტერიერი

ვიდრე ცნობილ პროდიუსერს, ნატო დუმბაძეს შროშის ქუჩაზე ვესტუმრებოდი, უკვე ვიცოდი, რომ სახლის ინტერიერის შერჩევაში მას უდიდესი წვლილი მიუძღოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულის გადალახვამ მოუწია და მარტომ ითავა ბინის მოწყობა, შესანიშნავად გაართვა თავი ყველაფერს, ამას ფოტომასალაშიც იხილავთ.

მყუდრო და ლამაზ ბინაში პროდიუსერი ქალიშვილ ლიზისთან და პატარა, უსაყვარლეს ძაღლ ტოჩკასთან ერთად ცხოვრობს. ნატო საკმაოდ სტუმართმოყვარე ადამიანია და იშვიათად ნახავთ მის სახლს ცარიელს.



- რას ნიშნავს ეს სახლი თქვენთვის?

- სახლი არის ჩემი სამყარო და ძალიან მიყვარს. სადაც უნდა იყოს ადამიანი, რა
კომფორტშიც უნდა ცხოვრობდეს, ბოლოს ყველას თავისი სახლისკენ მიუწევს გული.

- ნატო, ვიცი, რომ რემონტიც და დიზაინიც თქვენ ითავეთ, არ გაგიჭირდათ?

- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. ძალიან მიმნდობი ვარ, არ ვიცი ადამიანების გადამოწმება, ჩხრეკა და წარმომავლობის ძიება. ვენდობი ყველას და ამ ნდობამ გააჭიანურა რემონტი. მოკლედ, მეგონა, რომ საუკეთესო ადამიანებთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა თვითმარქვიების გუნდი. ჰოდა, ამის შემდეგ საკუთარ თავზე ავიღე და ძალიან კმაყოფილი ვარ, შევიძინე კიდევ ერთი პროფესია და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე.



- ინტერიერის დიზაინის დაგეგმვისას მსოფლიო მოდის ტენდენციები თუ გაითვალისწინეთ?

- მსოფლიო მოდის ტენდენციებს, რა თქმა უნდა, ვაქცევ ყურადღებას, თუმცა მე და არამარტო მე, უფრო ვიცი, სად ვიპოვო სიმყუდროვე. ჩემი უმთავრესი პრინციპია სიმეტრია და შესრულების ხარისხი. ინტერიერის დიზაინში სისადავეს ვანიჭებ უპირატესობას, სახლი უნდა იყოს ელეგანტური და არა დახუნძლული.



- თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ადგილი...

- ყველაზე გამორჩეული ადგილი სამზარეულოა, რადგან სამზარეულოსთან მაქვს ეზო (ნატო კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს და ბინას პატარა აივანი და ეზო აქვს წინ - ავტ.). ისე, ყველა კუთხე მიყვარს და ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ყველა კუნჭული გათვლილი მქონდა ისე, რომ მოხერხებულად და მყუდროდ ვყოფილიყავით.

- ხშირად ახერხებთ სახლში ყოფნას?

- მიყვარს შინ ყოფნა და ძალიან მიჭირს, გარეთ რომ ვარ გასასვლელი. ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადები ხოლმე. თუ რამე იდეა დამბადებია და განმიხორციელებია, ეს მხოლოდ სახლში ხდებოდა. მარტო როცა ვარ, მუზები მიტევენ. მინდა, ყველას მშვიდობა და სიყვარული ჰქონდეს თავის სახლში. მადლობა ჩემს ახალგაცნობილ მეგობრებს, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ და მადლობა ხელოსნებს ჩემი გაძლებისთვის.



- საკმაოდ წარმატებული ქალბატონი ხართ. როგორ შეძელით, კარიერა ოჯახის მოვლასთან შეგეთავსებინათ...

- არ იყო ადვილი ეს გზა, თუმცა დაუღალავი შრომით, ბევრი სიურპრიზითა და ცოტა გულისტკენით მივაღწიე წარმატებას. მადლობელი ვარ ამ გამოცდილებისთვის, ისე არაფერი გამოვა, ეს გზა თუ არ გაიარე. რთული იყო, მაგრამ სასიამოვნო. იმ დროს ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მაგრამ ყველაფერს ვასწრებდი. დილას ვუთმობდი მეუღლეს და შვილებს. როცა ბავშვებს ბაღში წავიყვანდი, ვცდილობდი, იმ დროში ჩავტეულიყავი და ყველაფერი მომესწრო. საღამოს კი, როცა პატარებს დავაძინებდი, მეგობრები ჩემთან იკრიბებოდნენ და ბევრ პროექტზე ვმუშაობდით. ჩემს წარმატებაში ჩემს მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის, სჯეროდა ჩემი - ყველაფერი გამოგივაო, ყველანაირად გვერდში მედგა, და მადლობა მას ამისთვის.

ნინი აბრამიშვილი

კომენტარები

მაიკო 2020-01-12 02:44
ოფისს ჰგავს და ძალიან ცივი ბინის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, თუ ნატოს მოსწონს, კარგია.
ტოტო 2019-12-18 12:50
ბინის მოწყობა,დიზაინი,ავეჟის შერჩევა და განლაგება...მეტად მნიშვნელოვანია.ბინების უმეტესობა ადრე ანტიკვარულ მუზეუმებს ჰგავდ (ვისაც როგორ შეეძლო),ახლა 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებს ჰგავს.მთავარი თემაა,რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს და არ დაიძაბოს.
ირინოლა 2019-10-10 12:00
ჩემი გემოვნების ადამიანისთვის ძალიან არაკომფორტული და უშნო დიზაინია. ფერები - დეპრესიული. აქ ყოფნა არ გიქმნის იმის განწყობას, რომ შინ ხარ. უფრო დიზაინერის ან ხელოვანის ოფისს ჰგავს. ამ ინტერიერის შემქმნელი ზედმეტად ექსტროვერტია და მისთვის სახლი სიმყუდროვესა და ოჯახთან არ ასოცირდება.

ნუ, ეს პატარა ანალიზი გავაკეთე ჩემებურად. ისე, მთავარია ყველამ ისეთი გარემო შეიქმნას საკუთარ სახლში, როგორიც მას მოსწონს. თუ ეს ის არის, რაც ქ-ნ ნატოს მოსწონს, მიხარია მის გამო და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ ამ სახლში!
nino 2019-10-09 12:33
სანამ ვნახავდი, ზუსტად ვიცოდი მომეწონებოდა. მაგარია, კარგი გემოვნება აქვს, მეც მინდა ასეთი სახლი :)
თამო 2019-10-09 11:18
ჩემი სახლია,სისადავეზე ვგიჯდები,სუპერ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები