ონისე ონიანმა 22 საცხოვრებლის გამოცვლის შემდეგ საკუთარი სახლი აიშენა

საცხოვრებლის ხშირ გამოცვლაში რეკორდი რომ არსებობდეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ონისე ონიანი, ნამდვილად უკონკურენტო იქნებოდა.

მეუღლესთან 27-28-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე 22 სახლი გამოიცავალა, ზოგი ნაქირავები იყო, ზოგი - საკუთარი, საბოლოოდ კი მხატვრების დასახლებაში იყიდა მიწა და ორსართულიანი სახლი აიშენა. ქუჩაზე, სადაც მსახიობი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ძირითადად კერძო სახლებია, შორიდან ეს ადგილი ევროპულ სოფელს მოგაგონებთ, რეალურად კი ნუცუბიძის მეოთხე პლატოდან მანქანით სულ 5-10 წუთის სავალია.



- ჩვენი სახლების ცვალებადობის ამბავი რომ გიამბოთ, მკითხველს ძალიან დავღლით (იცინის), ამიტომ გეტყვით, რომ ჯამში 22 სახლი გვაქვს
გამოცვლილი, ეს ოცდამესამეა. ძირითადად ვაკის ტერიტორიაზე „ვმოძრაობდით“, მაგრამ კორპუსი და ხმაურიანი ადგილები დიდად აღარ გვხიბლავდა, უფრო მშვიდ ადგილას, კერძო სახლში გვინდოდა ცხოვრება. ხომ იცით, რაც გულით გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ, ჰოდა, ასეც მოხდა. ჯერჯერობით ეზო არ გვაქვს შემოკავებული, არც გაკეთებული, მაგრამ ნელ-ნელა ესეც იქნება.

ონისეს ოჯახი ერთი წელია აქ, მთებით გარშემორტყმულ სახლში ცხოვრობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმოუდგენელი ფუფუნებაა, ცხოვრობდე თბილისში, არ გაწუხებდეს მანქანების ხმაური, ფანჯრიდან კი უმშვენიერესი ხედი იშლებოდეს.



- გარშემო სიმწვანე და სიწყნარეა, ჰაერიც კარგი გვაქვს, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნო, რომ სადაც კი ვცხოვრობდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, სახლი დიდი იყო თუ პატარა, ნაქირავები თუ საკუთარი, ვცდილობდით, კომფორტი შეგვექმნა და ჩვენი ბუდე ჩვენივე გემოვნებით მოგვეწყო. აქაც არაფერია ძვირფასი და განსაკუთრებული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერში ჩვენი სული და გულია ჩადებული.

სახლი ორსართულიანია და პერსპექტივაში მესამე სართულის დადგმაც შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით ოჯახის მასპინძელი მშენებლობას არ გეგმავს, რადგან ამ პროცესმა ძალიან დაღალა.



- მშენებლობა და რემონტი ურთუ­ლესი რამაა, ძალიან გაგვაწვალა სამშენებლო კომპანიამ, რომლის სახელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, იყო ბევრი ტყუილი, უსიამოვნო საუბრები, სიტუაციები. მოგეხსენებათ, თავისუფალი დროით განებივრებული არ ვარ, სულ გადარბენები მაქვს და ამიტომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი მშენებლობას, მაგრამ ბოლოს სხვა გზა არ დამიტოვეს, საკუთარ თავზე ავიღე ყველაფერი და უშუალოდ ჩემი ზედამხედველობით მიმდინარეობდა საქმე. არ ვიცი, რა ჯადოქრობა ჩავატარე, მაგრამ აქამდე კი მოვიყვანეთ სახლი. რასაკვირველია, ყველაფერი დასრულებული არაა, თუმცა ცხოვრება შეიძლება.

სახლის მთავარი ხიბლი მეორე სართულის შემინული აივანია, საიდანაც მწვანე ხედი იშლება, თავად აივანზე კი დაახლოებით 30 სახეობის ქოთნის მცენარეა.



- ეს იყო ღია აივანი, მაგრამ შევმინეთ, რომ ქარს არც ჩვენ შევეწუხებინეთ და არც ჩვენი მცენარეები, ახლა უფრო მყუდრო გახდა, ამიტომაც ყველაზე მეტ დროს აქ ვატარებთ, სტუმრებსაც აქ ურჩევნიათ ყოფნა. გათბობის მილები აქაც ამოყვანილი გვაქვს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძველებური ღუმლის დადგმა მინდა. ვფიქრობ, ძალიან მოუხდება აქაურობას. რაც შეეხება მცენარეებს, დაახლოებით 100-მდე დასახელების ყვავილი გვქონდა, მაგრამ ამ გადასვლა-გადმოსვლაში ზოგი გაფუჭდა, ზოგი გახმა და სადღაც 35 სახეობაღა დაგვრჩა. მცენარე ირჩევს თავის ადგილს, ის ვერ გეტყვის, სად უფრო ურჩევნია, მაგრამ დაკვირვების შედეგად მიხვდები, სად გრძნობს თავს უკეთესად. ახლა ზუსტად ამ ეტაპზე ვართ, მცენარეებიც ეჩვევიან აქაურობას და ჩვენც.

აივნის ყველაზე ორიგინალური ნაწილი ჭერზე დაკიდებული დეკორატიული სასანთლეები და იქვე გაკრული ნახატებია. პირადად მე, სხვაგან არსად მინახავს ჭერზე მიკრული ნახატები, ამიტომაც დავინტერესდი, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება...


- სასანთლეები, რომლებიც ჭერში კიდია, ძირითადად ნაჩუქარია, არ გვინდოდა კარადაში შეგვენახა, ამიტომ მოვიფიქრეთ, ასე დეკორატიულად გაგვეფორმებინა ჭერი. რაც შეეხება ნახატებს, ეს ჩემი შვილის შემოქმედებაა, პირველ კურსზე რომ იყო, ბევრს ხატავდა და ინახავდა. მერე თქვა, როდემდე ვინახოო, ვიფიქრე, რაჭაში წამეღო და ასეც მოვიქეცი, ნაწილი წავიღე, ნაწილი ჩემს საგრიმიოროში გადავაბარგე და ნაწილი ჭერში გავაკარი. ადამიანი რომ დაამთქნარებს ან დააცემინებს, ჭერში აიხედავს, დაინახავს და იტყვის, - უი, აქ რა ყოფილაო, მერე უკვე ინტერესი გაუჩნდება და დაათვალიერებს (იცინის). თუ ეს სტილი მოგწონთ, შეგიძლიათ, ჭერში ფინჯნებიც ააკრათ თავისი ლამბაქებით, ძალიან ორიგინალური იქნება.

აივანზე, თეთრი მაგიდისა და სავარძლების თავზე, ნაჭრის ჭაღი კიდია. როდესაც ონისეს სახლს მივუახლოვდი, სწორედ ეს ჭაღი იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ ზუსტ მისამართზე მოვედი - ეს იქნებოდა ხელოვანი ადამიანის საცხოვრებელი.

- ეს ჭაღი ხომ დიდი არაფერია, მაგრამ ისეთი ადამიანის ნაჩუქარია, რომ ნამდვილად ძვირფასია. მანანა კაზაკოვამ და ჭოლამ გვისახსოვრეს. სხვათა შორის, მეორე სართულზე კიბის თავზე რომ ჭაღი კიდია, მისი კარკასიც მანანამ და ჭოლამ გვაჩუქეს, მე და ჩემმა მეუღლემ გავაფორმეთ, ავაწყვეთ და გუშინ ჩამოვკიდეთ, შეიძლება ითქვას, რომ ექსკლუზივია (იღიმის). ეს ტახტიც მანანას და ჭოლას ნაჩუქარია, თოჯინა კი, რომელიც ტახტზე ზის, 23 წლისაა, ჩემს შვილს მოუტანა ბიძამისმა, იმ პერიოდში ამ თოჯინებზე ბუმი იყო. ეს აფიშების დაფა თეატრის საჩუქარია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძვირფასი სუვენირია. ეს კარადა ჭოლას და მანანას საკუჭნაოში ჰქონდათ, ახალ სახლში რომ გადადიოდნენ, ვთხოვე, არ გადააგდოთ, მე წავიღებ-თქო და ასეც მოვიქეცი, აქ დავდგი და ვფიქრობ, მოუხდა. ეს საათი კი სანაგვიდან ამოვიღე, რაჭაში ვნახე დაგდებული, როგორც ჩანს, ვიღაც ბებოს აღარ მოუვიდა თვალში, იფიქრა: „ბოშო, ეტყობა არ მუშაობსო“ და გადააგდო, მე კიდევ ავიღე და გავაკეთებინე. მერე ზამბარა გავწყვიტე დაქოქვისას და გავაფუჭე, მაგრამ ისე მომწონს, არ ვაგდებ.

მეორე სართულზე ხის კიბითაა ასასვლელი. კიბის მთავარი ხიბლი ჭრელი ფილებით მოპირკეთებული საფეხურებია. კიბის უჯრედი ონისეს ფოტოებითაა გაფორმებული, შეიძლება ითქვას, რომ ონისეს შემოქმედების ერთი ნაწილის ნახვა აქაა შესაძლებელი. ზედა სართულზე აივანი, ჭრელი აბაზანა და ორი საძინებელია.



- კიბე ჩემი მეუღლის იდეაა, აქ წარმოდგენილი ფოტოები ჩემი შემოქმედების მიზერული აღწერაა. კიბის მოაჯირზე რომ ანგელოზები კიდია, ისინი ჩემი მეუღლის შექმნილია.

ონისეს და მისი მეუღლის საძინებელში ანკა კალატოზიშვილის ტილო კიდია:

- როცა ამ სახლში გადმოვდიოდი, ანკას ვუთხარი, შენი შემოქმედებიდან რამე მაჩუქე-თქო. უცებ მომიტანა ამხელა ტილო, რომელიც თურმე დედამისს 1500 დოლარად ჰქონდა გაყიდული მოსკოვში, მაგრამ აღარ გაატანა და მე მაჩუქა. ეს არის ნინო გუნიას შემოქმედება, ჩემი ესკიზი შექმნა, ერთ-ერთი სპექტაკლის მიხედვით და მერე მისახსოვრა.

ვინაიდან სახლის დათვალიერება ზედა ნაწილიდან დავიწყეთ, მეორე სართულის მოვლის შემდეგ, პირველზე გადავინაცვლეთ, სადაც დიდ მისაღებ ოთახთან ერთად ონისეს უმცროსი გოგონას და დედის საძინებლებია.


სტუდიოს ტიპის მისაღები კი თავის თავში სამზარეულოსაც იტევს, სადაც რეტრო სტილის კარადაში ისეა განლაგებული ნიჟარა და მაგიდა, რომ სტილისტიკა დაკარგული არაა, აქვეა განახლებული „ბუფეტი“ და მრგვალი მაგიდა. მისაღების ნაწილში კლასიკური სტილის ოთხეული, ტელევიზორი და თაროა განთავსებული, რომელზეც შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო „ეტევა“.

- აქ წარმოდგენილი ნივთები, ასევე მაცივარზე და გამათბობლის ქვაბზე მიკრული მაგნიტები, სხვადასხვა ქვეყნიდან მაქვს ჩამოტანილი. ზოგი ნაჩუქარია, მაგრამ ძირითადი ნაწილი ჩემი შეგროვებულია, თვალს რომ გადავავლებ, ვხვდები, რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ამ სართულზე წარმოდგენილი ჭაღები, ოდესღაც სასანთლეები იყო, ისე მომწონდა, მე გადავაკეთე და ვაქციე ჭაღად. კედელზე რომ პანოა, ბესო კუპრეიშვილის სახსოვარია, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ამ კუთხეში, ბესოს ნამუშევარი ჩამოვკიდეთ და შეივსო, მეტი აღარაფერია საჭირო.




ალბათ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება „ბოცა“ გადააკეთო ტორშერად, მაგრამ აქ რას არ ნახავთ?! ჭრელ სადგამზე შესკუპებული ბორდოსფერი ბოცა ლამაზი ქუდის ფორმის სანათით იწონებს თავს.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი წელია, ონიანების ოჯახი ამ სახლში ცხოვრობს, შედგამთ თუ არა მათთან ფეხს, მიხვდებით, რომ ესაა სახლი, სადაც მოსაყოლი ბევრი აქვთ და ბედნიერებას არა ნივთებში, არამედ ურთიერთობებში პოულობენ.

ციცი ომანიძე

დანარჩენი ფოტოები კი იხილეთ გალერეაში

კომენტარები

ცირა 2023-03-06 22:50
სიხარულში და ბედნიერებაში მოიხმარონ
იოიო 2019-12-30 14:16
ამათმა წუწუნმა აგვიკლო. როლების არქონა, სპექტაკლწბზე მაყურებლის ნაკლებობა და კიდევ ათასი რამ. თურმე სად ყოფილხარ?
5555-ს 2019-12-20 10:36
ალბათ მისი სტიპენდია შეაგროვა, და არც შერცხვა ისე გამოვიდა მის წინააღმდეგ...
... თუ არ მოგწონს, "სტიპენდია"-ს რატომ იღებ?
დასკვნა: არა ხარ კარგი კაცი!!!
giorgi otarashvili 2019-12-13 15:42
რა დამსახურებისთვის და რა შემოსავლებით შე
ყლეო
ელ 2019-10-10 07:53
საწყალი დევნილები. ლომის წილი გიდევთ მათ გამოდევნაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები