ლოს-ანჯელესში იყიდება დევიდ ლინჩის სახლი, რომელში რეჟისორი 35 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა


რეზიდენცია, სადაც დიდი რეჟისორი 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, 15 მილიონ დოლარად არის გამოტანილი აუქციონზე.
1 ჰექტარი ფართობის კომპლექსი ხუთი მიმდებარე ნაკვეთისგან შედგება, თავად სახლი ფრენკ ლოიდ რაიტ უმცროსის მიერ არის დაპროექტებული და 1963 წელს აშენდა. ცნობილმა რეჟისორმა ამ სახლში 1987 წელს 560,000 დოლარი გადაიხადა.


ფრენკ ლოიდ რაიტ უმცროსი მამის ორგანული არქიტექტურის ხედვა გაჰყვა და ცდილობდა შეექმნა შენობა, რომელიც გორაკის ბუნებრივ კონტურებს შეეხამებოდა. სტრუქტურა სუფთა ხაზებით და დიდი ფანჯრებით გამოირჩევა, რომლებიც მიმდებარე ლანდშაფტზე იხსნება და შეუფერხებელი გადასვლის
შეგრძნებას ქმნის შიდა და გარე სივრცეებს შორის.



ჯერ კიდევ 1991 წელს რეჟისორმა არქიტექტორთა ოჯახის მემკვიდრეს, ერიკ ლოიდ რაიტს, საცურაო აუზისა და პატარა დასასვენებელი სახლის დაპროექტება დაავალა. მასში გამოყენებულია იგივე შევრონის ფორმის ბეტონის ელემენტები, რომლებიც კომპლექსის სხვა ადგილებში გვხვდება.


პირველი შესყიდვიდან მალევე, ლინჩმა ახლომდებარე კიდევ ორი შენობა შეიძინა, ერთ-ერთი მათგანი ფილმ "დაკარგული გზატკეცილის" გადასაღებ მოედანი გახდა, სადაც რეჟისორმა მას ვიწრო ფანჯრების დამატებით უფრო პირქუში იერი მისცა. მეორეში ბიბლიოთეკა, კინოთეატრი და სამონტაჟო ოთახი იყო განთავსებული. ამჟამად ქონება დაახლოებით შვიდი შენობისგან შედგება, მათ შორის სამი საცხოვრებელი ერთეულისგან, რომლებიც სულ 10 საძინებლითა და 11 სააბაზანოთია წარმოდგენილი. დევიდ ლინჩი აქ 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები