როგორ ვაქციოთ სახლი ჰარმონიულ და ანტისტრესულ გარემოდ

ყოველდღიური სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თავის კვალსაც ტოვებს: განუწყვეტელი ზარები, ასობით შეტყობინება მესინჯერში, სამუშაო შეხვედრები, პირადი და საყოფაცხოვრებო საქმეები - ეს ყველაფერი ადამიანის ნერვულ სისტემაზე ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი სიმშვიდესა და ჰარმონიაში იყოს, საამისოდ კი ყველაზე კარგი ადგილი საკუთარი სახლი უნდა იყოს.

მაქსიმალური სიმშვიდისთვის ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში, პირველ რიგში აუცილებელია განათების სხვადასხვა სცენარის უზრუნველყოფა. მკვეთრი განათება სიგნალს აძლევს ტვინს, რომ დღეა და რომ აქტივობის დროა, ამიტომ გირჩევთ მკვეთრი შუქი შეარბილოთ, შეამციროთ მისი ინტენსივობა, რაც საშუალებას მისცემს სხეულს თანდათან შეანელოს გონებრივი
აქტივობა.
განათება უნდა იყოს თბილი, რომ არ აღიზიანებდეს თვალებს. რაც უფრო თბილია განათება, მით უფრო სწრაფად აძლევს ტვინი სიგნალს სხეულს მელატონინის გამომუშავების შესახებ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ძილი ჯანმრთელობის გასაღებია და კარგი ძილისთვის, მისი ფაზების სწორი მონაცვლეობისთვის, აუცილებელია სრული სიბნელე. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მბჟუტავი ნათურები, მაგალითად, ჰაერის დამატენიანებლის ან დამტენის, არ უნდა ანათებდეს თქვენი მიმართულებით. თქვენი ჯანსაღი ძილი არ უნდა დააბრკოლოს ქუჩიდან შემოსულმა სინათლემაც. ამიტომ საძინებლებში გამოიყენეთ სქელი ფარდები.

მყუდრო სახლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი კარგი ხარისხის ლოგინის თეთრეულია, ეკოლოგიურად სუფთა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძილის დროს ადამიანის ორგანიზმის სუნთქავდეს,
ჰაერს კი ყველაზე კარგად ბუნებრივი ქსოვილი ატარებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ქსოვილი უნდა გსიამოვნებდეთ შეხების დროს.
ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის ასევე სახლში ფეხით სიარული, განსაკუთრებით ცოტა რელიეფურ ზედაპირზე. იდეალური ვარიანტია ხის საფარი, პარკეტი, ხის იატაკი. კიდევ კარგი ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტია კორპი, რომელიც მუხის ქერქისგან მზადდება და სიჯანსაღის მხრივ ანალოგი არ აქვს.

ნებისმიერი საცხოვრებელი ფართის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ასევე აბაზანა, რომელიც მაქსიმალურად მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს.
თუ ამის საშუალება არის, ძალიან კარგი იქნება ასევე, თუ სახლს ღია სივრცე ექნება, სადაც მოსასვენებელი სავარძელი ან ჰამაკი განთავსდება.

და ბოლოს წესრიგი, ეს ის მთავარი მომენტია, რომლის გარეშეც ვერც ერთი სახლი იქნება მყუდრო და კომფორტული. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ არეული სახლი არეულ გონებას ნიშნავს. დაალაგეთ და მოაწესრიგეთ სახლი და თქვენი აზრებიც დალაგდება და მოწესრიგდება. მოწესრიგებული აზრები კი მოდუნების და დასვენების საშუალებას მოგცემთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები