სეზონური ფეხსაცმლის შენახვის საუკეთესო გადაწყვეტილებები

შენახვის ამ მეთოდების წყალობით ნებისმიერ წყვილს მყისიერად იპოვით და შესასვლელსაც გაათავისუფლებთ.

ყველა ოჯახში ოჯახის ყველა წევრს აქვს რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი სხვადასხვა შემთხვევისთვის, ასევე სეზონური ფეხსაცმელი. ყველაფერ ამას დაბინავება სჭირდება. რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის კარადა და საგარდერობე ოთახი იდეალური ვარიანტია, მაგრამ ყველას როდი აქვს. აბა, როგორ მოვიქცეთ?


ძალიან ბევრი ჩვენგანი სახლში შესვლისას პირველ რიგში იხდის ფეხსაცმელს და ტოვებს შესასვლელში. იმისათვის, რომ სახლში არ იყოს ქაოსი, უნდა გადაარჩიოთ ფეხსაცმელები, დატოვოთ მხოლოდ ის, რომელსაც ყველაზე ხშირად ხმარობთ, დანარჩენს კი მიუჩინოთ ადგილი.
შესასვლელ კართან
მოწესრიგებული სივრცე ადამიანს ამშვიდებს სულიერად.

სეზონური ფეხსაცმელები შენახვის დროს აუცილებლად დაახარისხეთ სეზონის მიხედვით და ისე დააბინავეთ. დაზიანებული ფეხსაცმელი შენახვამდე შეაკეთეთ, მოძველებული, რომელსაც ზუსტად იცით, რომ აღარ იხმართ, გადაყარეთ.
თუ კარადის ყიდვას ან შეკვეთით დამზადებას აპირებთ, აუცილებლად დაგეგმეთ წინასწარ, სად უნდა მოათავსოთ, გაზომეთ ადგილის სიგანე და სიმაღლე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. დაახლოებით გათვალეთ, რამდენი წყვილი ფეხსაცმლის შენახვა დაგჭირდებათ და იმის მიხედვით დაამზადებინეთ.

ფეხსაცმელების ყუთები შესანახად ლამაზად მხოლოდ ფოტოზე გამოიყურება. თუ ის რამდენიმე რიგად გექნებათ დალაგებული, მათი გამოწევა ყოველ ჯერზე და ფეხსაცმლის იქიდან ამოღება არც ისე მოსახერხებელია, ამიტომ ამის გაკეთებას არ გირჩევთ.
მუყაოს ყუთები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გამჭვირვალე პლასტმასის ყუთებით, საიდანაც კარგად დაინახავთ, რომელში რომელი ფეხსაცმელი დევს და მოძებნის დროს პრობლემები აღარ შეგექმნებათ.

საზაფხულო ფეხსაცმელები, ქუსლის გარეშე, ეცადეთ შეინახოთ ძირით ერთმანეთზე მიდებული, ვერტიკალურ მდგომარეობაში, ასევ ბევრ ადგილს დაზოგავთ.

ფეხსაცმლის შესანახ ადგილად შეგიძლიათ გამოიყენოთ სივრცე საწოლის ქვეშ, შესაბამის გამოსაწევ ყუთებში, ორგანაიზერებში, რა თქმა უნდა.

კომენტარის დამატება