როგორ მოვუაროთ ბონსაის - ალექსანდრე მესხის საჭირო რჩევები და მისი საოცარი კოლექცია

მიუხედავად მცირე მასშტაბებისა, არ არსებობს, თვალში არ მოგხვდეს - ეს საოცარი თვისება და მიზიდულობის ძალა აქვს ბონსაის...

ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ის ჩვეულებრივი ხე ან ბუჩქია, რომელიც სპეციალური მოვლის შედეგად პატარა ზომის რჩება. ნამდვილი ბონსაის შექმნას დიდი დრო და გამოცდილება სჭირდება, ამიტომ ასეთი ეგზემპლარები ჩვენს დროსაც იშვიათობას წარმოადგენს. თუ რა სიმაღლის უნდა იყოს ბონსაი, ამ კითხვაზე ზუსტი, მათემატიკურად განსაზღვრული პასუხი არ არსებობს. ბონსაი შეიძლება იყოს როგორც 5 სანტიმეტრი, ისე „გიგანტური“ - რომელიც 2 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს.



არსებობს მოსაზრება,
რომ მინიატიურული ხეების ქოთანში გაზრდა ძველ ეგვიპტეში დაიწყეს. შეიძლება ძველ ბაბილონში, სემირამიდას დაკიდებული ბაღებიც ჩაითვალოს ბონსაის შექმნის საფუძვლად, მაგრამ თანამედროვე, კლასიკური ბონსაის წარმოშობა ჩინეთს უკავშირდება. ჩინეთში, 1972 წელს აღმოაჩინეს პრინც ძან ჰუაის სამარხი, რომლის კედელზე არის ნახატი: მსახურს ხელში უჭირავს ქოთანში მოთავსებული მინიატიურული ლანდშაფტი, პატარა ქვებითა და ხეებით. ეს არის ჩვენ დრომდე შემორჩენილი, ქოთანში ჩარგული მინიატიურული ხეების, ყველაზე ადრეული გამოსახულება.

საუკუნეების წინ ჩინეთში დაბადებული მინიატიურული ხეების შექმნის ტრადიცია, ახლა უკვე მთელ მსოფლიოშია პოპულარული. თუმცა, საქართველოში ბონსაის შესახებ ინფორმაცია ცოტა ადამიანს თუ აქვს და ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ალექსანდრე მესხი მინიატიურული ხეების შესახებ, თავის 28-წლიან გამოცდილებას გვიზიარებს:



- მინიატიურული ხეებით პირველად 13-14 წლის ასაკში დავინტერესდი – მცირე სატელევიზიო რეპორტაჟის ნახვის შემდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში ვერც ლიტერატურა ვიპოვე და ვერც ადამიანი, რომელსაც ბონსაის შესახებ შეეძლო, თუნდაც მცირე ინფორმაციის მოწოდება შეეძლო. მხოლოდ 1990 წელს, ინდოელი ავტორის რუსულად ნათარგმნი წიგნის ყიდვის შემდეგ დავიწყე ბონსაიზე მუშაობა. ბონსაის კეთება ჩემივე დარგული თუთის ჯიშის ხისგან დავიწყე. დღეს ის 28 წლისაა. თავიდან, აივანზე მხოლოდ ოთხი მცენარე მქონდა. მერე ინტერნეტმა გაცილებით მეტი საშუალება მომცა და სისტემატურად ვეცნობოდი გამოცდილი სპეციალისტების ნამუშევრებისა და მუშაობის მეთოდებს. ბონსაების ხარისხი ნელ-ნელა უმჯობესდებოდა და რაოდენობაც გაიზარდა. ხეებს აივანზე რომ ვეღარ ვტევდი, ჩემი სახლის, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე გადავინაცვლე, იქ მცენარეები დიდ თაროებზე განვათავსე. როცა უკვე სახურავზეც აღარ დაეტია, ჩემი კოლექცია დიდუბეში, ღია სივრცეში გადავიტანე.

- ნებისმიერი მცენარისგან შეიძლება ბონსაის მიღება?



- პრაქტიკულად ნებისმიერი ხისგან, მთავარია, რამდენად ეფექტური გამოვა. ბონსაის ყვავილი და ნაყოფი არ პატარავდება, ხოლო ფოთოლი ზოგი მცენარის პატარავდება და ზოგის - არა. თუთას დიდი ფოთოლი აქვს, მისი დაპატარავება შეიძლება და ლამაზი გამოდის. მაგრამ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა, ვთქვათ: წაბლი, პაულონია და ა.შ. ხელს არ კიდებენ და არც მე გამირისკავს მათზე მუშაობა. უბრალოდ, თუ ადამიანი დამწყებია, ჯობს ისეთი მცენარე შეარჩიოს, რომელიც სწრაფად იზრდება. მაგალითად: თუთა, ნეკერჩხალი, რცხილა, თელა... წიწვოვანებით დაწყებას არ ვურჩევ, რადგან თავისი სპეციფიკა აქვს და ნელა იზრდება. მნიშვნელოვანია გადარგვის საკითხიც. ეს დრო ყველა ჯიშისთვის სხვადასხვაა, წიწვოვანს 4-5 წელიწადში ერთხელ სჭირდება გადარგვა, ფოთლოვანებს კი უფრო ხშირად.

- გარკვეული ფორმისა და პროპორციებისთვის, მცენარეებზე მავთულებია დახვეული...



- როგორც წესი, ბონსაისთვის აუცილებელი ატრიბუტია მავთულები - სპილენძით დაფარული ალუმინი, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ მე ვიყენებ სპილენძისა და ალუმინის მავთულებს. ბონსაის აქვს გარკვეული პროპორციები, თუ როგორ უნდა იზრდებოდეს. ძირითადად არასიმეტრიული ფორმის უნდა იყოს, მაგრამ არის გამონაკლისები. თუ სწორად მდგომი ხეა (მაგალითად, ლიკვიდამბრი), ქვედა ტოტები უნდა იყოს ყველაზე მსხვილი და ზევით ნელ-ნელა ვიწროვდებოდეს. ეს პროპორციები გაკრეჭის შედეგად მიიღება. ნეკერჩხალსა და სხვა ფოთლოვან მცენარეებზე ცოტა რთულია მავთულის დახვევა, რადგან შეიძლება ამ დროს დაზიანდეს. წიწვოვან მცენარეებს დრეკადი ტოტები აქვთ და შეგიძლია მათ ნებისმიერი ფორმა მისცე, განსაკუთრებით ღვიას.

- როგორი უნდა იყოს მიწა ბონსაისთვის?



- კარგად განვითარებული და ჯანმრთელი ბონსაის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორად შერჩეული მიწის ნაზავია. მიწა უნდა შეიცავდეს საკმარის საკვებ ნივთიერებას, კარგად უნდა ატარებდეს წყალს (მორწყვისას ზედაპირზე წყალი არ უნდა გუბდებოდეს), ინარჩუნებდეს ტენიანობას და ფესვები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟანგბადით. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი, ბონსაის ენთუზიასტებსა და სპეციალისტებს შორის, ბონსაისთვის მიწის ნარევის მომზადებაა. ყველა სპეციალისტს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და კლიმატური პირობების გათვალისწინებით აქვს რეცეპტი, თუ როგორ უნდა დამზადდეს მიწის ნაზავი. ამიტომ ბონსაიზე დაწერილ წიგნებში თუ ინტერნეტსაიტებზე ვერ ნახავთ ორ ერთნაირ რეცეპტს ბონსაის მიწისთვის. არსებობს ბონსაისთვის სპეციალურად მომზადებული გრანულები, აკადამა, ე.წ. არაორგანული მიწა. საქართველოში, როგორც მე ვიცი, არსად იყიდება. მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით თუ გამოიწერთ. ასეთი გრანულები საკმაოდ აიოლებს საქმეს მცენარის გადარგვისას, მაგრამ ძვირი ღირს. ასევე არსებობს მიწის ნაზავებიც, რომლის ინგრედიენტებია: პემზა, სხვადასხვა სახეობის ტორფი, ფიჭვის ქერქი, გამომწვარი თიხის გრანულები, ვულკანური წარმოშობის გრანულები (ლავა) და ა.შ. მე არასოდეს გამომიყენებია არც აკადამა, არც გამზადებული ნარევები, ამიტომ ჩემთვის ძნელია მათ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე საუბარი. მიწის ნარევს ყოველთვის თვითონ ვამზადებ.

მიწის ნარევის მომზადება საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრი ბონსაია გადასარგავი და მოსავლელი. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ აუცილებელია ბონსაის კვება და უნდა მივაწოდოთ მათ სასუქი. ბონსაიზე მუშაობა რომ დავიწყე, მიწას ტყეში ან სადმე ქალაქგარეთ ვიღებდი. ლითონის ფართო ჭურჭელში ვახურებდი ცეცხლზე, მასში არსებული მავნებლები და დაავადებები რომ მომეცილებინა. შემდეგ ვცრიდი ორ სხვადასხვა ზომის საცერში. ვუმატებდი ქვიშას. ამჟამად ძირითადად ვიყენებ ტორფზე დამზადებულ სუბსტრატებს, რომლებიც თითქმის ყველა საბაღე მაღაზიას შემოაქვს უცხოეთიდან. ეს სუბსტრატი სტერილურია და დაფასოებულია ტომრებში, სხვადასხვა სახეობის მცენარეებისთვის. ყველა მცენარისთვის უნდა შეირჩეს მისთვის შესაფერისი სუბსტრატი მჟავიანობის მიხედვით და როგორც წესი, პაკეტებზე ყოველთვის აწერია სუბსტრატის მჟავიანობა.

- რა სიხშირით ხდება ბონსაის მორწყვა? ამ შემთხვევაშიც ალბათ გარემო პირობები და მათი ჯიშებია გასათვალისწინებელი...



- თუ ბონსაის სათანადოდ არ მორწყავთ, მცენარე სუსტი და ულამაზო იქნება, წყლის ნაკლებობის გამო კი ის შეიძლება საერთოდ გახმეს. ბონსაის რეგულარული და გულმოდგინე მორწყვა სჭირდება.

- წყალი მხოლოდ ფესვებთან უნდა დაისხას, თუ დანამვაც შესაძლებელია?

- შესხურება აუცილებელია. მე სულ ვრწყავ, განსაკუთრებით წიწვოვანებს უყვართ და თან ზაფხულში. ბონსაის მორწყვის სიხშირე გარემო პირობებზეა დამოკიდებული, მიწაზე კონტეინერში და თვითონ მცენარის სახეობაზე. ბონსაის მორწყვა სჭირდება არა მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით, არამედ საჭიროების მიხედვით. მაგალითად, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, შესაძლებელია, დღეში ერთხელ მორწყვა საკმარისი არ აღმოჩნდეს. არსებობს კიდევ ერთი მცდარი აზრი, თითქოს იმ პერიოში მორწყვა საზიანოა, როდესაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება მცენარეს, პირიქით, ზაფხულში, დღის მზიან პერიოდში ხანდახან აუცილებელიც კი არის ბონსაის მორწყვა. ზოგიერთი სახეობის მცენარეს მიწა მუდმივად ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ზოგს კი ნაკლები სინესტე ესაჭიროება, მაგრამ მიწის აბსოლუტური გამოშრობა, ხშირ შემთხვევაში, მცენარის გახმობის მიზეზი ხდება. აუცილებლად შეამოწმეთ მიწის მდგომარეობა ყოველდღე და მორწყეთ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა გაჩნდება.

- როგორი უნდა იყოს წყალი?



- მოსარწყავად საუკეთესო ვარიანტია წვიმის, წყაროს ან ტბის წყლის გამოყენება. მაგრამ, თუ მცენარეების მრავალრიცხოვანი კოლექცია გაქვთ, რთულია მარაგის გაკეთება. ამიტომ გამოიყენეთ ჩვეულებრივი, ონკანის წყალი. მისი უარყოფითი მხარე ქლორიანობა და მარილების მაღალი შემცველობაა. ასეთი წყლით რეგულარულად მორწყვის შემდეგ ზედაპირული ფესვები და კონტეინერის კიდეები თეთრი ნადებით იფარება. ამიტომ მოგიწევთ ამ ნადების დროდადრო მოშორება.

- ბონსაისთან ხშირად გვხვდება „ხავსი“, რამე კონკრეტული დატვირთვა აქვს? და ასევე საინტერესოა, როგორ იქმნება მინიატიურული ლანდშაფტი?

- ხავსი პირველ რიგში დეკორატიული და ძალიან ლამაზია, ამავდროულად სინესტეს კარგად ინარჩუნებს. საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატიურული ლანდშაფტის შექმნა. საიკეი მნახველზე უნდა ქმნიდეს ყველა ელემენტის ჰარმონიულად შეთავსებული მინიატიურული ბუნების ილუზიას. ყველა კომპონენტი ისე უნდა მოთავსდეს კონტეინერში, რომ დაცული იყოს ყველა პროპორცია, ხოლო კომპოზიცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს. მიწა, ქვები და მცენარეები ისეა განლაგებული, რომ ზღვის სანაპიროს, ბორცვიანი მდელოს ან მთიანი ადგილის ბუნებრივი მოდელს ქმნის.

- თქვენი რამდენიმე მცენარე კლდე­ზე გაზრდილის იმიტაციას ქმნის, ზოგი თიხის ჭურჭელშია ჩარგული. აქვს თუ არა მნიშვნელობა ქოთნის მასალასა და ზომას?



- მიღებული პრაქტიკაა, რომ უკვე დასრულებული ბონსაი თიხის ქოთანში მოთავსდეს. ბოლო ხანს მას ქარსის ქოთანშიც შევხვდებით. მას მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება არ აქვს, ყველა მცენარისთვის შესაბამისი ზომის კონტეინერი უნდა შეირჩეს. ბონსაის შემთხვევაში ქოთნის მაგივრად, კონტეინერი იხმარება. საკმაოდ რთული პრობლემაა მათი შოვნა. საქართველოში გამწვანების მაღაზიებში ბონსაი რომ შემოაქვთ, ზოგჯერ უხმებათ. ასეთ მაღაზიებში ხშირად დავდივარ და იქიდან მომაქვს კონტეინერები, რადგან ჩვენთან ვერ აკეთებენ ისეთ ჭურჭელს, როგორიც მჭირდება.

- ყოველთვის მეგონა, ბონსაი თავს კომფორტულად გრძნობდა ინტერიერში, თურმე ასე არ არის. ჩვენს კლიმატურ პირობებში გარეთ, ვერანდებსა და აივნებზე გამოზამთრება მას ზიანს აყენებს?

- არა. ზომიერი კლიმატის რეგიონებში, იქ, სადაც ზამთარი არც ისე მკაცრია, ბონსაი არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ პირობებს გამოზამთრებისათვის. ზამთარში ხე მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება და გაზაფხულამდე მისი აქტიური განვითარება დროებით შეჩერებულია. სიმშვიდის პერიოდი ისევე აუცილებელია მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის, როგორც აქტიური ზრდის პერიოდი. ამიტომ, ზამთარში ბონსაის სითბოში შემოტანა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ მას „შეიძლება შესცივდეს“, მცენარისთვის დამღუპველია. რა თქმა უნდა, თუ მას 1-2 დღით ოთახში შემოვიტანთ, ინტერიერის გასალამაზებლად, ეს ზიანის მომტანი არ იქნება. მაგრამ თუ მთელი ზამთარი სითბოში იქნება, რაღაც პერიოდის შემდეგ, აუცილებლად გახმება. ბონსაი არ არის ოთახის მცენარე. ის მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს გარეთ და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში, რამდენიმე დღით, შეიძლება შემოტანა ინტერიერის გასალამაზებლად.

იდეალური ადგილი ბონსაის ინტერიერში გამოსაფენად არის განცალკევებული, თითქმის ცარიელი ადგილი, სადაც ბონსაის ხელს არაფერი უშლის და საშუალებას აძლევს დამკვირვებელს, კარგად შეაფასოს მისი სილამაზე. თუ სპეციალური სადგამები არ გაქვთ, ბონსაი მოათავსეთ მაგიდაზე კედელთან ან თაროზე. სასურველია, კედელი თავისუფალი იყოს.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები