ავოკადო, მანგო და ლიმონი: როგორ გავახაროთ კურკით

ნეტავ თუ არის შესაძლებელი ქალაქის ბინაში ეგზოტიკური მცენარეების გახარება? გთავაზობთ ინსტრუქციას და შეგიძლიათ სცადოთ.
თუ თვლით, რომ სითბოს მოყვარული ეგზოტიკური მცენარეების კურკით სახლში გახარებას განსაკუთრებული მოთმინება და ნერვები სჭირდება, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ცდებით.
მეტსაც გეტყვით, ეს ჰობი ბევრი ადამიანისთვის ჩვეულებრივ რუტინად იქცა და ბევრ ოჯახში შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული მცენარეები.

ავოკადო

პირველ რიგში უნდა შევიძინოთ სრულყოფილი ნაყოფი. ზოგი ადამიანი გვირჩევს უპირატესობა შედარებით მუქი ფერის ნაყოფს მივანიჭოთ, რადგან ასეთი ტიპი ჩვენს კლიმატურ პირობებს ეკეთესად ერგება, მაგრამ მოდით, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ მწვანე
ნაყოფზე ვისაუბროთ. ეცადეთ შეარჩიოთ კარგად დამწიფებული და დიდკურკიანი ნაყოფი, რადგან დიდ კურკას მეტი ძალა და ენერგია აქვს.
კურკასთან ურთიერთობის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ პირდაპირ გრუნტში მოათავსოთ ისე, რომ მისი მესამედი ნაწილი ზემოთ დატოვოთ, თუმცა ბევრად მარტივი და გავრცელებული ვარიანტი კბილის ჩხირებს უკავშირდება.

1.  კარგად გარეცხეთ კურკა თბილი წყლით, ისე, რომ აღარაფერი ჰქონდეს ზედ.
 
2. სადგისით ან რაიმე წვეტიანით კურკას 3-4 ადგილას 2-3 მმ ხვრელი გაუკეთეთ და დააფიქსირეთ კბილის საწმენდი ჩხირები. ეს ერთგვარი ფიქსატორი იქნება ჭიქის ან ქილისთვის, რომელშიც კურკას მოათავსებთ.

3. ჭურჭელში მოათავსეთ ნადგომი წყალი, სასურველია ოთახის ტემპერატურის. წყალში შეგიძლიათ მოათავსოთ აქტივირებული ნახშირის ერთი აბი, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

4. სპეციალურად დამუშავებული კურკა მოათავსეთ ჭიქაში ისე, რომ ბლაგვი მხარე წყალში აღმოჩდეს, გახვრეტილი ადგილი წყალს არ უნდა ეხებოდეს, ამიტომ მისი რაოდენობა აკონტროლეთ.

5. წყლიანი ჭურჭელი ნათელ ადგილზე მოათავსეთ და აკონტროლეთ წყლის რაოდენობა. პერიოდულად წყალს ჩამატება დასჭირდება, რათა ბლაგვი მხარე მუდმივად წყალში იყოს.

ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ და დააკვირდეთ კურკას. მის გაზრდას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს ან ერთი თვეც კი. მთავარია არ მოგბეზრდეთ და არ გეგონოთ, რომ თქვენი ცდა უშედეგოა. კურკა აუცილებად გაიზრდება და მისი მიწაში გადარგვა წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუმცა გაზაფხულის დასაწყისი საამისოდ ყველაზე ოპტიმალური პერიოდია.
როგორ მოვიქცეთ, როდესაც ავოკადო გაიზრდება?

როდესაც გამონაზარდი 3 სმ-ს მიაღწევს, ნაყოფი შეგვიძლია გადავიტანოთ მსუბუქ მიწაში. არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი მცენარის გახარების მთავარი ფაქტორი - კარგი დრენაჟი. წყლის დაგროვება ფესვებში გამოიწვევს მცენარის ლპობას ან ფესვების სხვა დაავადებებს. თავიდან ქოთანი მომცრო ზომის შეარჩიეთ, ნაყოფის გაზრდის და მოძლიერების შემდეგ კი ის მოზრდილ ქოთანში გადაიტანეთ.
ავოკადო საკმაოდ სწრაფად იზრდება და 1-2 თვეში მიიღებთ ლამაზ მწვანე ბუჩქს. თუ ტოტი ძალიან გამაღლდა, ხოლო ფოთლები მკრთალი და პატარა ზომის არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეს არ აქვს საკმარისი რაოდენობის სინათლე. რაც შეეხება მიწას და წყალს, მორწყვა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით გაშრება მიწა.

მანგო
ამ შემთხვევაშიც უნდა შევარჩიოთ კარგად დამწიფებული ნაყოფი, ამოვაცალოთ კურკა, კარგად გავრეცხოთ თბილი წყლით და მოვამზადოთ პროცესისთვის.

1. გარსი  გაჭერით დანით და ამოიღეთ თესლები. ეცადეთ არ დააზიანოთ.

2. ზედმეტი ინფექციისა თუ სოკოს თავიდან ასაცილებლად ცოტა ხანი თესლები მარგანეცის მსუბუქ ხსნარში მოათავსეთ და შემდეგ კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში.

3. თესლები გაახვიეთ ნამიან მარლაში ან ქაღალდის ხელსახოცში, მოათავსეთ პაკეტში და ამის შემდეგ თავსახურიან კონტეინერში. მოათავსეთ ბნელ და თბილ ადგილას. შესაძლოა გათბობასთან ახლოსაც კი. ყურადღებით იყავით, რომ თესლები არ გამოშრეს და პერიოდულად დანამეთ ხოლმე ოთახის ტემპერატურის წყლით.

4. რამდენიმე კვირაში თესლები გაიზრდება და შეგიძლიათ ქოთანში გადაიტანოთ. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული არაფერი კეთდება, საჭიროა მხოლოდ კარგი დრენაჟი, მსუბუქი მიწა და საშუალო ზომის ქოთანი. თესლი გრუნტში მთლიანად არ მოათავსოთ, მესამედი ზემოთ უნდა დარჩეს. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ტენი, შესაძლოა ქოთანს პირველ ხანებში თავზე პოლიეთილენის ბოთლი დავაფაროთ.

5. რამდენიმე კვირაში მანგოს გამოუვა გამონაზარდი, შესაძლოა რამდენიმე, დაფარებული ბოთლი კი ნელ-ნელა შეგიძლიათ მოაშოროთ.

ლიმონი

ვიღებთ კარგ, მწიფე ლიმონს, ვარჩევთ ყველაზე მოზრდილ კურკებს, ვრეცხვათ თბილ წყალში და პირდაპირ გრუნტში ვათავსებთ. ლიმონი ძალიან მარტივად მოსავლელი მცენარეა, მას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები, მაღალი ტენიანობა და განსაკუთრებული მიკროკლიმატი, კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას. ასე რომ, ძალიან კარგია პირველი ექსპერიმენტისთვის.
საწყის ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი ჭიქა, ჩაყაროთ მიწა, დაასველოთ და ჩათესოთ კურკა.
ლიმონის კურკას გასახარებლად რამდენიმე კვირა ან ერთი თვე დასჭირდება. ტემპერატურა 18 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. როდესაც მცენარეს 3-4 ფოთოლი გამოუვა, შეგიძლიათ გადაიტანოთ ქოთანში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები