როგორ გადავრგოთ ოთახის მცენარეები - რჩევები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს


ზაფხული ოთახის მცენარეების გადარგვის საუკეთესო დროა. სანამ თქვენი მცენარეების გადარგვას დაიწყებდეთ, ეცადეთ, დააკვირდეთ და გარეგნული იერ-სახის მიხედვით გაარკვიოთ, რამდენად სჭირდება ეს პროცესი ამა თუ იმ მცენარეს. თუ მცენარე:
*თავს ქოთანში ვიწროდ გრძნობს, ქოთანში იმდენი სიმწვანეა, რომ ნიადაგი აღარ ჩანს.
*სადრენაჟე ხვრელებიდან მოჩანს მცენარის ფესვები.
*თითქოს მცენარე ქოთნიდან გადმოვარდნას აპირებს, იმდენად დაბალია მისთვის ძველი ქოთანი.
*მიუხედავად რეგულარული მორწყვისა, მცენარე ვერ იზრდება სიმაღლეში
*ერთი-ორი წელია, მცენარისთვის არ შეგიცვლიათ ქოთანი.

გადარგვაა საჭირო იმ შემთხვევაშიც, თუ გინდათ, რომ თქვენი მცენარე საგრძნობლად გაიზარდოს სიმაღლეში.
შეგიძლიათ
ჩაატაროთ მინი ტესტი და ნახოთ, რამდენად საჭიროებს ესა თუ ის მცენარე სხვა ქოთანში გადაბრძანებას. ამისთვის ქოთნის მცენარე უნდა ამოატრიალოთ და ხელის გულზე ამოიღოთ მცენარე ქოთნიდან თავის მიწიანად, ეცადეთ, რომ ამ დროს მიწა არ იყოს სველი.

თუ ფესვები მთლიანად ეკვრის გარს მიწას, მაშინ მცენარეს აუცილებლად სჭირდება მეტი სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დატოვოთ იმავე ქოთანში, ამ ტესტით მცენარეს არანაირ ზიანს არ მიაყენებთ.

გადარგვის ეტაპები

პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ქოთანი. თუ ძველ, მიწიან თიხის ქოთანს იყენებთ, მაშინ კედლები თბილი წყლით უნდა ჩამორეცხოთ.
დახურეთ სადრენაჟე ხვრელი დიდი ზომის ქვით ან აგურის ნატეხით. ძალიან კარგია კერამზიტის ნატეხი, ის კარგად იწოვს სითხეს და არ ლპება.
ამოატრიალეთ ქოთანი და ხელის გულზე გადმოიტანეთ მცენარე. თუ საჭირო იქნება, ქოთნის კედლებიდან მიწა დანის დახმარებით მოაშორეთ. შემოაცალეთ მცენარეს ძველი, გამხმარი ფესვები და მიწა.
ჩაყარეთ ახალ ქოთანში ახალი მიწის ფენა, მოათავსეთ მასზე მცენარე, დააყარეთ ახალი მიწა. მიწა თითებით დატკეპნეთ.
მოათავსეთ ქოთანი ლამბაქზე და უხვად მორწყეთ. ამის შემდეგ მცენარეს ერთი კვირა ჩრდილი დასჭირდება. ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ მიუჩინოთ თავისი ადგილი.
თუ მცენარეს არ სჭირდება ახალი ქოთანი, შეგიძლიათ მას მიწის მხოლოდ ზედა ფენა შეუცვალოთ. ძალიან ნაზად, ფრთხილად ააცალეთ მიწის ზედა ფენა, დაახლოებით 2 სმ და დააყარეთ ახალი მიწა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები