რა ზღვარი უნდა არსებობდეს კორპუსსა და კორპუსს შორის - "ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსში ტელევიზორს თავისუფლად ვუყურებთ“

ბოლო რამდენიმე წელია მოსახლეობა აქტიურად გამოხატავს პროტესტს ქალაქებში არამიზნობრივ მშენებლობაზე, რაც ზღუდავს მათ პირად სივრცესა და საკუთრების უფლებას. ხშირად მშენებელი კომპანიები საცხოვრებელ კორპუსებს აშენებული კორპუსის გვერდით ისე აშენებენ, მოსახლეობას დაპირებული ლამაზი ხედის ნაცვლად უზარმაზარი ქვის კედელი რჩება, რომელიც არც სინათლეს უშვებს მათ სახლებში და არც დროის აღქმაა შესაძლებელი. რამდენად მწვავეა პრობლემა და რა რეგულაციები არსებობს დღეს საქართველოში მშენებლობაზე ნებართვის გაცემისთვის, აღნიშნულ თემაზე სპეციალისტები და მოქალაქეები საუბრობენ.

- დიღმის მასივში ვცხოვრობ, ბინა მშენებარე კორპუსში მაშინ შევიძინეთ, როცა ნორმალური ხედი იყო. შემდეგ
დაიწყეს მშენებლობა და წინ ააშენეს კორპუსი. რა თქმა უნდა, არ მოგვეწონა, მაგრამ მეორე მხარე ხომ მაინც რჩებოდა ცარიელი. ერთი წლის წინ კი გვერდიდანაც ააშენეს და "ალყაში" აღმოვჩნდით. აივანზე რომ გავდივარ, სხვის სახლს ვხედავ ფანჯარაში და ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ სახლი პირადი სივრცეა. იმის ნაცვლად, რომ კომპანიებმა იზრუნონ პარკის მოწყობაზე, გამწვანებაზე, სადაც კი თავისუფალი ადგილი გამოჩნდება, მშენებლობას იწყენებ და ამაზე მერია ნებართვას გასცემს, - ამბობს თბილისის მცხოვრები.

- ნახევარი თბილისი მასეა უკვე, ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსში ტელევიზორს თავისუფლად ვუყურებთ. - გვიყვება კიდევ ერთი მოქალაქე.

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, ნეგატიურად აფასებს ფაქტს და რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს: 
- ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებ და ეს არის ძალინ ცუდი მოვლენა. ასეთი შემთხვევები, ზოგჯერ კანონიერია, მაგრამ ის კანონია ძალიან ცუდი, რომელიც მოქმედებს. საქართველოში შენობებს შორის დაშორების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტი არსებობს, როგორი დაშორება უნდა იყოს შენობებს შორის ან კიდევ შენობასა და მიწის საზრვარს შორის. ეს კანონი ძალიან ცუდად არეგულირებს, ხშირ შემთხვევაში მეზობლების საზიანოდ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამასაც არღვევენ. მაგრამ, შეუძლიათ სრულიად უნამუსოდ მიუშენონ ცხვირწინ მეზობელს კორპუსი სავსებით კანონიერდ და ეს უნამუსობა არის დაკანონებული.
მისივე თქმით, ქალაქები გარკვეულ ზონებადაა დაყოფილი და ამის მიხედვით უნდა გაიცემოდეს მშენებლობაზე ნებართვა.
- მერია რომ გასცემს მშენებლობის უფლებას, ვალდებულია ეს ყველაფერი გაითვალისწინოს. ხშირად, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს ან კიდევ დამკვეთი მიმართავს ასეთ გზას, რომ შეიტანს განცხადებას, შეუცვალონ მშენებლობის წესები ნაკვეთზე და მერია და საკრებულო უცვლიან მათ წესებს და ფაქტობრივად უწესოდ აშენების უფლებას აძლევენ და ეს ლეგალურად ხდება. - აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მივმართეთ.
- მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. I სტადია: ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება). II სტადია: არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება. III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. მოქმედი რეგულაციით, შენობა-ნაგებობების განთავსების შემთხვევაში დაშორების მანძილის ათვლა ხდება საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრიდან. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შენობა-ნაგებობების განთავსება შესაძლებელია საკადასტრო საზღვარზეც. - აღნიშნავენ არქიტექტურის სამსახურში.

გარდა ამისა, ჩვენ დავინტერესდით, რა ზღვარი უნდა არსებობდეს კერძო სახლების მშენებლობისას მეზობლის ფანჯრებს შორის. მათივე ინფორმაციით: "ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, საკადასტრო საზღვრიდან (სამეზობლო საზღვრიდან) 3 მეტრში დასაშვებია ფანჯრის მოწყობა. ხოლო, სამეზობლო საზღვრის მხარეს ფანჯრის მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, რომლის ფომულაც მოცემულია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში".

პრობლემა მხოლოდ თბილისის მცხოვრებლებს არ აწუხებთ, რამდენიმე დღის წინ ამავე თემაზე აქცია გაიმართა ბათუმში. მოსახლეობა ისტორიულ შენობაზე დაშენების ფაქტს აპროტესტებდა: "გაწიე კედელი, ზღვა დამანახე“, "ქალაქის მერია ბათუმის მტერია“ - ამ სლოგანებით აპროტესტებდა მოსახლეობა არამიზნობრივ მშენებლობებს. თუმცა, როგორც ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ აღნიშნა, კანონია გადასახედი, რომელშიც არსებული რეგულაციების ჩასწორება პრობლემას გადაჭრის.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები