რა უნდა იცოდეთ წყლის სისტემაზე კერძო სახლებსა და აგარაკებში - გამოცდილი ხელოსნის რჩევები და რეკომენდაციები

წყლის სისტემის გაყვანა სახლებსა და ეზოებში სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და მნიშვნელოვანია სპეციალისტმა შეაფასოს. ბოლო დროს აგარაკებზე სულ უფრო პოპულარული ხდება დეკორატიული შადრევანი და ჩანჩქერი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეზოში წყალი გვქონდეს და რა შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ წყალი ცუდად ან საერთოდ არ მოგეწოდებათ - ამ და სხვა საკითხებზე წყალმომარაგების სპეციალისტი ბექა ჯიქიძე საუბრობს.

- თავდაპირველად მინდა გითხრათ, იმისთვის, რომ ეზოში წყალი გვქონდეს, საჭიროა განცხადებით GWP-ს მიმართოთ და შეავსოთ მარტივი ფორმა, რის შემდეგაც, ტექნიკური პირობის საფუძველზე, განისაზღვრება, რა დიამეტრის
მილითაა წყლის შემოყვანა შესაძლებელი. განაცხადში წერილობით მიეთითება ახალი აბონენტის სავარაუდო გეგმა და შესაბამისად, GWP განსაზღვრავს მილის დიამეტრს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღოთ საჭირო წნევა და არ შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები სარწყავ სისტემასთან დაავშირებით.

- რამდენად ძვირი ჯდება ეზოში მთლიანი სისტემის გაკეთება?
- წყლის ფასი განისაზღვრება მომსახურების მიხედვით და იყოფა ორ ნაწილად: პირველი, საყოფაცხოვრებო და მეორე, არასაყოფაცხოვრებო მიწოდება. ამ შემთხვევაში, რადგან ეზოს და სახლის წყალმომარაგებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ განვიხილავთ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა პაკეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასმელ წყალს მოვიხმართ ეზოს სარწყავი სისტემისათვის. არსებობს ორნაირი გადახდის ტიპიც - მრიცხველიანი და უმრიცხველო. უმრიცხველოს შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი ითვლება თვეში 3.89 ლარი ერთ სულზე, აქედან წყლის მიწოდებისთვის 2.92 ლარია, გამწმენდი მომსახურებისთვის 0.93 ლარი, ხოლო მრიცხველიანის გადასახადია 0.39 ლარი.

- რატომ არის აუცილებელი, რომ სპეციალისტმა გააკეთოს ეს ყველაფერი?
- ვფიქრობ, სპეციალისტის ჩართულობა ეზოს სარწყავი სისტემის მოწყობისას ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, სარწყავი ტიპის შერჩევისას გასათვალისწინებელია სპეციალისტის რჩევა, მაშინაც კი, როდესაც ეზო, გარკვეულწილად, უვე განაშენიანებულია ხე-მცენარეებით და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ სარწყავი სისტემის დაპროექტებასა და მასალების შერჩევაში შესაბამისი ცოდნის სპეციალისტის ჩართვა, სარწყავი სისტემის გამართული ექსპლუატაციის საწინდარია. აღარაფერს ვამბობ შედგენილი პროექტის ტექნიკურ განხორციელებაზე. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, მინიმუმ მოისმინოთ პროფესიონალის რჩევები, თუკი ეზოს სარწყავი სისტემის მოწყობას გადაწყვეტთ.

- ხშირად, ეზოს გასალამაზებლად იყენებენ დეკორატიულ ჩანჩქერებსა და შადრევნებს, რამდენამდ მარტივია მისი გაკეთება და როგორ ხდება წყლის შეყვანა?
- გეთანხმებით, უკანასკნელ ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, ეზოს გასალამაზებლად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აწყობს ეზოში დეკორატიულ შადრევნებსა თუ ჩანჩქერებს. ისინი ეზოს მეტ სიმყუდროვეს, მდიდრულ იერს, სილამაზეს სძენენ და განტვირთვისათვის შეუდარებელ გარემოს ქმნიან. დეკორატიული შადრევნებისა და ჩანჩქერების მოწყობის სიმარტივე დამოკიდებულია რელიეფზე, წყალმომარაგებაზე, მომხმარებლის მოთხოვნაზე და ა.შ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივ პირობებში, ტექნიკური თვალსაზრისით, მათი მოწყობა არ წარმოადგენს სირთულეს.

- რა ჯდება მსგავსი დეკორატიული ჩანჩქერის გაკეთება?
- იმის გათვალისწინებით, რომ შადრევნის 21 ნაირსახეობა არსებობს, ფასიც სწორედ კლიენტის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, ყველა შადრევანი ერთსა და იმავე პრინციპზეა დამოკიდებული. დეკორატიული შადრევანი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. პირველი, ესაა ჩანჩქერის დეკორატიული ნაწილის ქვეშ არსებული ავზი, რომლის ფასს მისი ხარისხი და ზომა განაპირობებს. ავზში თავსდება ე.წ. ტუმბო, რომელიც დეკორატულ ნაწილში განთავსებულ მილსა და მის ნაწილებში წყალს ამოძრავებს. ტუმბოს ფასს განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, მისი ბრენდი და სიმძლავრე, შესაბამისად, მისი ფასი ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, შადრევნის მოსაწყობად, აუცილებელია დეკორატიული ნაწილი. დეკორატიული ნაწილი, ზოგერ ძალიან მინიმალისტურია და სულაც არაა პომპეზური, რომელსაც მომხმარებელთა გარკვეული ტიპი ანიჭებს უპირატესობას. შადრევნის ამ ნაწილის ფასი დამოკიდებულია მასალაზე, სირთულეზე, სიდიდესა და მწარმოებელზე. ხარჯთაღრიცხვის შედგენისას, ყოველთვის ვიღებთ მხედველობაში ფილტრებს, მილების სიგრძესა და ხარისხს. მომხმარებელმა, ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს წმენდის, წყლისა და ელექტრო ენერგიის დანახარჯები. გავიმეორებ, რომ დეკორატიული ჩანჩქერისა თუ შადრევნის მოწყობა დამოკიდებულია მასალაზე, მომხმარებლის მოთხოვნასა და სხვა ობიექტურ გარემოებებზე. ფასი, საშუალოდ 3000 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს.

- საშუალოდ, თვეში რამდენს წვავს ეზოში მოსარწყავად განკუთვნილი წყალი და დეკორატიული ჩანჩქერი?
- სარწყავი სისტემის მიერ წყლის მოხმარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, სარწყავი სისტემის ტიპზე (წვეთოვანი და ჭავლური), კლიმატზე, სეზონზე, ნარგავების ტიპზე და ა.შ. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, ჭარბტენიანობისა და ნალექების სიუხვის გამო, სარწყავი სისტემის მიერ წყლის მოხმარება, თუნდაც ზაფხულის პერიოდში, საკმაოდ მცირეა. აღმოსავლეთ საქართველოში კი, პირიქით, სისტემის ფუნქციონირებისათვის დიდი ოდენობით წყალია საჭირო. ზოდაგად, დაუწერელი წესია, რომ მცენარეთა მორწყვა სასურველია საღამოს, როდესაც წყლის აორთქლება ნელა მიმდინარეობს. ვინც მცენარეთა მოვლაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, დამეთანხმება, რომ თავად ნარგავებისათვის ღამის საათებში დატენიანება უფრო უპრიანია, ვიდრე დღის განმავლობაში. ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, მომხმარებლის „წისქვილზე ასხამს წყალს“ და მნიშვნელოვნად ამცირებს საექსპლუატაციო ბიუჯეტს. სარწყავ სისტემებთან დაკავშირებულ არაერთ ლიტერატურაში ავტორები თანხმდებიან, რომ დღის განმავლობაში, 1 კვადრატულ მეტრზე, მცენარეთა სრულფასოვანი დატენიანებისათვის დაახლოებით 2 ლიტრ-ნახევარია საჭირო. გადაიყვანეთ ეს ციფრი წყლის ტარიფსა და სარწყავი სისტემით მოსამარაგებელი მიწის კვადრატულბაზე და მიიღებთ წყლის ხარჯის საშუალო ოდენობას. რაც შეეხება ჩანჩქერის წყლის დანახარჯებს, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად სისტემაში ასებული წყალი ბრუნავს, ჩვეულ მდგომარეობაში, ორ კვირაში ერთხელ მაინც საჭიროებს შეცვლას. მკითხველისათვის ადვილი აღსაქმელი რომ იყოს, ჩანჩქერის მიერ დახარჯული წყალი უტოლდება ერთი თვის განმავლობაში უნიტაზის მიერ მოხმარებულ წყალზე ცოტა ნაკლებს.

- რა შეცდომები შეიძლება დაუშვან ადამიანებმა, რომლებიც თავად, სპეციალისტის გარეშე აკეთებენ ამ სისტემას?
- წყალმომარაგების სისტემა საკმაოდ სპეციფიურია, რომელიც სწორ დაგეგმარებას საჭიროებს. სწორი დაგეგმარება ნიშნავს კომფორტისაკენ გადადგმულ ნაბიჯს და სამომავლოდ სისტემის გამართულ მუშაობას. რასაკვირველია, მასალების შერჩევაშიც ხშირად ცდება მომხმარებელი. ამიტომაც, საჭიროა კომპეტენტური და კვალიფიციური პირი, რომელმაც ზედმიწევნით იცის პროცესის თანმიმდევრობა და წყალმომარაგების სპეციფიკა გარემო პირობების გათვალისწინებით.

- რამდენად კარგია ბევრი წყლის წერტილის არსებობა ეზოში?
- წყლის ბევრი წერტილი ეზოში სულაც არ უდრის კომფორტს. საჭიროა სწორი დაგეგმარება, მომხმარებლის მოთხოვნა და წყლის წერტილის საჭიროებისამებრ გაკეთება იქ, სადაც ამას აუცილებლობა მოითხოვს.

- რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც აგარაკზე წყლის სისტემას აკეთებენ და რამდენ ხანში ერთხელაა მილების გამოცვლა აუცილებელი?
- აგარაკზე წყლის სისტემის გაკეთებისას უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გამოიყენება როგორც პლასტმასის, ასევე მეტალის მილები. მეტალის მილის გაყვანის შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ მილი დაფარული იყოს კოროზიის საწინააღმდეგო გარსით, რათა ავიცილოთ თავიდან მილების კოროზირება და დროთა განმავლობაში დაზიანება, გაჟონვა და ასე შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ ნიადაგის შემადგენლობა, სიღრმე, რათა ჩვენი მილები არ გაიყინოს და არ გასკდეს. კანალიზაციის სისტემა აუცილებელია გაკეთდეს 110 მმ დიამეტრის მილით, მოხრა აუცილებელია იყოს 45 გრადუსის ტოლი, ხოლო წყლის მილები უნდა იყოს დიამეტრით 50 მმ-ის ტოლი. ხშირად მომხმარებელი უარს ამბობს კოროზიისგან დამცავი გარსით დაფარული მეტალის მილის გამოყენებაზე, წონის და შრომატევადი სამუშაოს გამო და წყალმომარაგების ქსელი კეთდება პლასტმასის მილებით. კოროზიისაგან დამცავი გარსით დაფარულ მეტალის მილებს ბევრი პლუსი აქვს, ის იდეალურად უძლებს დაბალ ტემპერატურას, ნიადაგის ზეწოლას და სხვა რიგ პრობლემებს. არ იკეთებს ნადებს და არ არის ჯანმრთელობისთვის მავნე.

- როდესაც სოფლებში წყალი შედის, მაგრამ არ არსებობს კანალიზაციის სისტემა, ადამიანები საკუთარი სახსრებით ცდილობენ ე.წ. დიდი ორმოების გაჭრას, რას ურჩევთ მათ, ვინც საკუთარი ძალებით აკეთებს ამას, რამდენად აუცილებელია პროფესიონალი?
- აგარაკებზე, სადაც არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, მომხმარებელს ვთავაზობთ სეპტიკურ ავზებს, რომელიც ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია. მუშაობის პროცესში ხდება მავნე ნივთიერებების და მიკრობების განადგურება, რომელიც საზიანოა ნიადაგისთვის. მხოლოდ ორმოს ამოჭრას გამოსავალს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ვთვლით, რომ აუცილებელია სეპტიკური ავზების არსებობა კანალიზაციის არარსებობის შემთხვევაში. ის გადაამუშავებს 1,5 მ 3/24ს განმავლობაში, რაც საკმარისია 8 კაციანი ოჯახისთვის. ფერმენტებისა და ნარჩენების გაწმენდის შემდეგ ავზში დაგროვილი სითხე უერთდება ნიადაგს და გარემოს ზიანს არ აყენებს.

- რა შეიძლება გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომელთაც წყლის პრობლემა აქვთ?
- აგარაკებზე წყლის მიწოდების პრობლემის შემთხვევაში, უმჯობესია გამოვიყენოთ პოლიეთილენის წყლის ავზები, რომელიც სპეციალურადაა დამუშავებული ანტიბაქტერიული ზედაპირით და არ იკეთებს ნადებს. ავზის დამონტაჟებას სპეციფიკური პროცესია. აუცილებლად უნდა დაუყენდეს ფილტრები, რათა თავი მაინც დავიზღვიოთ მავნე ნივთიერებების მოხვედრისაგან. ავზს უმონტაჟდება ელექტრო ძრავი, რომელიც საჭიროა წყლის გადმოსატუმბად და სისტემაში ნორმალური წნევით გასაშვებად. ასევე, მნიშვნელოვანია სისტემის მექანიკურად დამცლელი, რომელიც ავზის წმენდისას გამოგვადგება. მომხმარებელს ვურჩევთ, რომ ასეთი ანტიბაქტერიული ავზები აუცილებლად გაწმინდონ ყოველ 3 თვეში ერთხელ მაინც, წყლის სისუფთავის მიზნით.

- საშუალოდ, რა მოცულობის წყალი სჭირდება ერთ ოჯახს?

- საშუალოდ 5000 ლიტრი წყალი თვის განმავლობაში როგორც სასმელად, ასევე სხვა მოხმარებისთვისაც ყოფნის ერთ ოჯახს. და კიდევ ვაფიქსირებ იმას, რომ ეგ ოჯახში სულადობაზე უფროა დამოკიდებული და ასე ხდება ხოლმე მაგის განსაზღვრა.

- რა შეცდომებს უშვებენ მომხმარებლები ძირითადად?
- მინდა ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ფასის მიხედვით აკეთებს არჩევანს, ვურჩიო, არ დაავიწყდეთ, რომ წყალთან გვაქვს საქმე. უხარისხო, იაფფასიანი მასალა, რომლის ზედაპირიც არაა დაცული შესაბამისი ნორმებით, ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ნუ დაზოგავენ თანხებს, სწორად დაგეგმარებული წყალმომარაგების სისტემის შესაქმნელად, რადგან ეს სამომავლოდ ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.
თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები