"ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა თითოეული კუთხე" - 21 კვ/მ ფართის ბინა ახალგაზრდა ქართველი წყვილისგან

ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია 21 კვ/მ-ის მქონე ფართში საკმაოდ დახვეწილი ბინის მოწყობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბინა საკმაოდ მცირე ფართობის არის, ნათია რუხაძე შეეცადა, ის მაქსიმალურად კომპაქტური გამოსულიყო და თითოეული კუთხე აეთვისებინა, რასაც ნამდვილად წარმატებით გაართვა თავი. ნათიას ბინის ფოტოებს სოციალურ ქსელში ჯგუფ "რემონტში" მივაკვლიეთ და დავინტერესდით. ის ინტერიერის დიზაინერია. სამი წელია მილანში, კერძოდ უნივერსიტეტ IED-ში (Istituto Europeo Di Design) ეუფლება დიზაინერის პროფესიას. მისი მომავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება და იმედოვნებს, რომ მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

- სამი წელია, რაც მილანში, IED-ში
ვსწავლობ. ზაფხულში ვამთავრებ ბაკალავრიატს და უფრო მასშტაბურად ვაპირებ ამ სფეროში მოღვაწეობას. მიტაცებს ფერწერა, ფერებთან ურთიერთობა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს თვითონ პროცესი, როდესაც ჩემს შინაგან სამყაროს, ფიქრებსა თუ ხედვებს ტილოზე ვაცოცხლებ. ალბათ სწორედ ეს ფაქტი აქცევს ჩემს პროფესიას საყვარელ საქმედ.

- როდის შეიძინეთ ეს ბინა და რა დგომარეობაში იყო რემონტამდე?
- ერთი წელია შევიძინეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ბინა ბოლომდე იყო დასრულებული. თუმცა გადავწყვიტეთ, ჩვენი გემოვნებით თავიდან გაგვერემონტებინა. ამავდროულად ჩემი პირველი რეალიზებული პროექტი გახლავთ, რის გამოც მთელ ამ რემონტის პროცესი ორმაგად სასიამოვნო იყო.

- როგორ მოახერხეთ 21 კვადრატში ყველაფრის ჩატევა, ყველა დეტალის გათვალისწინება?
- სიმართლე რომ გითხრათ, როგორც გამოწვევა, ისე მივიღე ბინის კვადრატულობა და არა როგორც სირთულე. ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა თითოეული კუთხე და სიმყუდროვე შემექმნა. მაღალმა ჭერმაც მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი კონცეფცია სივრცეში გადამეტანა.

- რემონტის დროს ვინმე გეხმარებოდათ, რჩევებს გაძლევდათ, თუ ყველაფერს თავად გაართვით თავი?
- რემონტს რაც შეეხება, ზოგისთვის ძალიან დამღლელი პროცესია, თუმცა ჩემთვის პირიქით, ძალიან სახალისო აღმოჩნდა, ვინაიდან ამ პროცესმა მთელი ოჯახი კიდევ უფრო გაგვაერთიანა. მხარში ამომიდგნენ მეუღლის ოჯახის წევრები, რომლებიც თავდაუზოგავად, თვეების მანძილზე მეხმარებოდნენ ჩემი იდეების რეალიზებაში. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩემს მამამთილს, რომელმაც საკუთარი ხელებით მოიყვანა სახლი სისრულეში და ისეთი ელემენტები შემატა მას, როგორიცაა ღვინის თარო, დეკორაციული ფანჯარა, კიბეებიც მისი მოპირკეთებულია ხით.
მთელი დღე გაუჩერებლად ვმუშაობდით ამ სახლში და ალბათ ამიტომაცაა ჩემთვის განსაკუთრებულად თბილი.

- საკმაოდ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ფერები, ავეჯი, დეკორაცია. ყველაფერი თავიდანვე დაგეგმეთ, თუ მუშაობის პროცესში ცვლიდით დეტალებს?
- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად ვნახეთ ბინა. უკვე ვიცოდი, რისი გაკეთებაც მინდოდა და რის საშუალებას მომცემდა პატარა, თუმცა საკმაოდ პერსპექტიული ფართი. ამიტომ მალევე დავიწყე პროექტზე მუშაობა და საკუთარი იდეების რეალობად ქცევა. ამასთანავე მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ხატვისადმი სიყვარული ინტერიერში გამომეყენებინა და ინტერიერის და ექსტერიერის კარი ჩემი ხელით მომეხატა.

- რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?
- ბინა მდებარეობს ძველ იტალიურ ეზოში, იყო რესტავრირებული და მიიღო თანამედროვე იერსახე. თუმცა ის თბილი სამეზობლო, რომელშიც ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთზე ზრუნავს, უცვლელი დარჩა. ჩემი ინსპირაციაც აქედან დაიწყო. მინდოდა ინტერიერში შემომეტანა ის, რაც რეალურად ბინის გარეთ გვხვდება: პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით ბინებს შორის სიახლოვე და სიყვარულზე აგებული ქართული, ჭეშმარიტი ურთიერთობები. სწორედ ამ კონცეფციამ გადამაწყვეტინა ანტრესოლის გაკეთება. მინდოდა გამომეხატა ქართული, აყვავებული აივანი და ის იმიტაცია შემექმნა, თითქოს ერთი ბინის აივანი მეორეში იყურება. სხვა პატარ-პატარა დეტალიც დამეხმარა ქართული სულის ინტერიერში გადატანაში.

- ძალიან კარგად გამოგივიდათ ეს საქმე. სამომავლოდ დიდ პროექტებზეც აპირებთ მუშაობას?
- ეს საქმე ძალიან დიდი ხანია მიტაცებს და სიამოვნებას მანიჭებს, სწორედ ამიტომ უკვე ავირჩიე ჩემს პროფესიად. ყოველდღე ვრწმუნდები, თუ როგორი სწორი არჩევანი გავაკეთე და რამდენად ახლოს არის ჩემი პროფესია ჩემს პიროვნებასთან. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.


მერი ბლიაძე


კომენტარის დამატება