"თავიდანვე ვიცოდი, რა სტილის მინდოდა ყოფილიყო ჩემი სახლი" - ბინა, რომელიც დიასახლისმა საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ბევრის მოწონება დაიმსახურა

თეონა ბაღათურია პროფესიით HR სპეციალისტია, თუმცა იმდენად იტაცებდა ინტერიერის დიზაინი, მოგვიანებით ამ სფეროშიც მოსინჯა საკუთარი თავი. სახლი, რომელიც სამი წლის წინ შეიძინა, თავისი გემოვნებით მოაწყო. როგორც დიასახლისი ამბობს, მისთვის ყველაზე საინტერესო ინტერიერზე მუშაობის პროცესი იყო. სურდა, ისეთი გარემო შეექმნა, სადაც ის და მისი შვილი თავს ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობდნენ, ამავდროულად ბინას ინდივიდუალური ხასიათი ექნებოდა.

- 21 წლიდან შეუსვენებლად ვმუშაობდი და გადავწყვიტე, ამეღო პაუზა კორპორატიული ცხოვრებიდან და მეტი დრო დამეთმო ჩემი თინეიჯერი შვილისთვის, ჩემი ინტერესებისთვის და ზოგადად მქონოდა მეტი დრო საკუთარი თავისთვის.
ვთვლი, რომ დაბალანსებული ცხოვრება ბედნიერების და სიმშვიდის საწინდარია. სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა ჩვენს ახალსახლობას.

39 წელი ვიცხოვრე ვაკეში და მივხვდი, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ასევე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ძალიან მაწუხებდა ავტომობილებისგან გამოწვეული ხმაური, გამონაბოლქვი, საღამოობით საპარკინგე ადგილის ძებნა, ტროტუარებზე დატოვებული ცხოველების ფეკალიები, ხეებზე ჩამოკიდებული სახლებიდან გადმოყრილი ნაგავი და მაკლდა სიმწვანე. ასევე მაწუხებდა, რომ ჩემი შვილი ცხოვრობდა ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში, ვერ ახერხებდა ისეთი ელემენტარული სიამოვნების მიღებას, რაც ველოსიპედით სეირნობა იყო ქალაქში. ეზოს ნაცვლად გვქონდა ფარეხები და ეზოში ერთადერთი სათამაშო ადგილი - ფარეხის სახურავები. ბევრი ფიქრის, ყოყმანის და კვლევის შემდეგ გადავწყვიტე, უბანი შემეცვალა და საცხოვრებლად ლისი ვერანდა შევარჩიე, რადგან ეს დასახლება იმ დროს აკმაყოფილებდა თითქმის ყველა კრიტერიუმს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. გავყიდე ჩემი ბინა და შევიძინე "ჰაერი" მშენებარე კორპუსში. ბინის ჩაბარება თითქმის ერთი წელი დააგვიანა დეველოპერმა, მანამდე გონებაში ვქმნიდი თითოეული კუთხის ვიზუალურ იმიჯს და ვაკეთებდი ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრას. რადგან უკვე მქონდა მარტო ცხოვრების გამოცდილება, ზუსტად ვიცოდი, რომელ ოთახს რა დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ჩემმა მეგობარმა და ამავდროულად არაჩვეულებრივმა არქიტექტორმა გიორგი ჭყონიამ შემომთავაზა ბინის დაგეგმარება, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი და შედეგად მივიღე ბინის არაჩვეულებრივი წყობა და სივრცის ოპტიმალური ათვისება.

- რთული და დამღლელი იყო რემონტის პროცესი?
- დიახ, თუმცა რემონტის პერიოდში სტიმულს და ძალას მაძლევდა ის, რომ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ვქმნიდი ბუდეს და ვიწყებდით ახალ ცხოვრებას. რადგანაც რემონტის პერიოდში საკმაოდ დატვირთული და სტრესული სამსახური მქონდა, მივხვდი, რომ მხოლოდ შაბათ-კვირა მრჩებოდა მასალების საყიდლად და სარემონტო სამუშაოების მონიტორინგისთვის. ამიტომ დავიწყე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მოძიება და პირობების შედარება, რაც რთული პროცესია საქართველოში. დიდხნიანი კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე ორი ახალგაზრდა, ძალიან კარგი პორტფელით და რეპუტაციით. დავიწყეთ თანამშრომლობა.

სარემონტო სამუშაოებისთვის სამი თვე განვსაზღვრეთ და შევთანხმდით, რომ ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე კვირის დღეებში ვიკონტაქტებდით ვაიბერში და დასრულების შემდგომ ყოველდღიურად ფოტოების გაგზავნის გზით თითოეულ დეტალზე უნდა შევთანხმებულიყავით. ბიუჯეტს არ უნდა გადასცდენოდნენ და გვეკონტაქტა მხოლოდ წერილობით, ხოლო მე შაბათ-კვირას შევიძენდი მომდევნო კვირისთვის საჭირო მასალებს და მონიტორინგს გავუწევდი შესრულებულ სამუშაოებს. რა თქმა უნდა, რემონტი საქართველოში ურთულესი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაოებს შენ თვითონ არ ხელმძღვანელობ. მაგრამ გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი საქმეთა მწარმოებლები შემხვდნენ და ბევრისგან განსხვავებით, არ მომიწია ამ პროცესში ჩხუბი და დაძაბულობა. საბოლოოდ ხარისხობრივად გამოვიდა ისეთი, როგორიც მინდოდა და რაც მთავარია, გათვალისწინებულ ბიუჯეტს არ ავცდით...

სახლის მეტი ფოტო და ინტერვიუ სრულად გელოდებათ ჟურნალ "შინ"-ის ზამთრის ნომერში, რომელიც უკვე მზადდება 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები