"ორივეს მინიმალიზმი და სადა ფერები მოგვწონს..." - ქართველი კალათბურთელისა და მისი მეუღლის გემოვნებიანი, მინიმალისტური ბინა

ანი დავლაშელიძე პროფესიით პროდუქტის მენეჯერია, თუმცა ინტერიერის დიზაინშიც დიდი გამოცდილება აქვს და განსაკუთრებული გემოვნებით გმოირჩევა. ჩვენი ყურადღება სწორედ მისი გემოვნებით მოწყობილმა მშვენიერმა ბინამ მიიპყრო, რომლის ფოტოებიც ჯგუფ „რემონტში“ გამოაქვეყნა და უამრავი ადამიანის მოწონებაც დაიმსახურა.

- პროფესიით პროდუქტის მენეჯერი, ამჟამად რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე სახლიდან ვმუშაობ. ჩემი მეუღლე სანდრო სანაძე კალათბურთელია. ორივეს მუდმივად დატვირთული რეჟიმი გვაქვს, სანდროს მუდმივად ვარჯიშები და თამაშები, მე კი - ყოველდღიური შეხვედრები, შესაბამისად ჩვენი სახლი ორივესთვის განტვირთვის, დასვენების და ენერგიების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ხშირად ვმოგზაურობთ და
სხვადასხვა ქვეყნიდან სახლის ინტერიერის სხვადასხვა ინსპირაციით ვბრუნდებით ხოლმე.

- რემონტის ჯგუფში ჩვენი ყურადღება მიიქცია თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბინის ფოტოებმა. მოგვიყევით ამ ბინის შესახებ...
- როდესაც ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ, შედარებით მცირე ზომის (80კვ) სახლი შევიძინეთ, მინიმალისტურად გავარემონტეთ, თუმცა, ძალიან მცირე დროით მოგვიწია იმ სახლში ცხოვრება. სანდრომ სერბულ გუნდში გააფორმა კონტრაქტი და ბელგრადში გადაცხოვრება მოგვიწია. როდესაც საქართველოში დავბრუნდით, მივხვდით, რომ უფრო დიდი ზომის სახლი გვჭირდებოდა, სადაც სამომავლოდ კომფორტულად ვიცხოვრებდით და მეტი სივრცე გვექნებოდა სახლში. შევარჩიეთ ხუთ სართულიან ახალაშენებულ კორპუსში მეგრელაძის ქუჩაზე ბოლო სართულზე ბინა, 3.50 სიმაღლის ჭერით, დიდი სივრცეებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სინათლით. ბინა 140 კვადრატია, თეთრი კარკასის მდგომარეობით შევიძინეთ.

- როგორ დაგეგმეთ რემონტის პროცესი და თქვენ რამდენად იყავით ჩართული?
- რემონტის პროცესში ორივე ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული, არ გვყავდა დიზაინერი, რადგან სახლის დაპროექტების გამოცდილება უკვე გვქონდა, თან ჩემთვის ეს ერთგვარი გატაცებაა და კარგადაც გამომდის. თავიდან ბოლომდე ჩვენ გავარემონტეთ და შევარჩიეთ ყველაფერი.

- რა სამუშაოები შესრულდა ბინაში და რამდენად რთული იყო ეს პროცესი?
- რთული ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო როდესაც ჩვენს წარმოდგენაში ვიზუალიზაციით ჩანაფიქრი რეალურ პროდუქტად იქცეოდა. წინასწარ გეგმა გვქონდა გაწერილი, ბიუჯეტი, განრიგი თარიღების მიხედვით (აქ ჩემი პროფესიული გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში ძალიან დამეხმარა) და ყველაფერი დროულად გავაკეთეთ.


- რა გიჩვენათ გამოცდილებამ, რემონტის დროს რა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი?
- პირველ რიგში მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი სტილი, ფერები, ჩამოაყალიბოთ პალიტრა, რომელსაც თანმიმდევრულად მიყვებით. თავად რემონტის პროცესში მნიშვნელოვანია სიმშვიდის და მოთმინების შენარჩუნება, რადგან დროში გადაცდომა, რაიმე ტიპის სტრესი, შეცდომა და სხვა რიგი პრობლემები ყველა ეტაპზე იჩენს თავს.

- ინტერიერში ღია და სადა ფერები ჭარბობს. რატომ გადაწყვიტეთ ამ ფერებში?
- როგორც აღვნიშნე, მეც და სანდროც დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობთ, გარეთ ხშირად არ გავდივართ და ჯანსაღ ცხოვრებას მივდევთ, შესაბამისად სახლი, სახლში მომზადებული საკვები და აქ გატარებული დრო ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს. ორივეს მინიმალიზმი და სადა ფერები მოგვწონს. იაპონური ელემენტებიც გვაქვს სახლში, რაც დასვენების დღეებში ძალიან სასიამოვნო განწყობას გვიქმნის. ინტერიერი იაპონური ე.წ. Japandi-ს და Wabi Sabi-ს ნაზავია, რომლის მთავარი მიმართულება სიმარტივე, ბუნებრივი თბილი ფერები და რაც შეიძლება მეტი მზის სინათლეა. სახლში ბევრი ფარდა სწორედ ამიტომ არ გვაქვს - მზის სინათლე და დღის განათება სახლის ისედაც თბილ ფერებს უფრო ალამაზებს. სამომავლოდ ვფიქრობთ, რამდენიმე კედელს ნახატებით შევავსებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში სადა ინტერიერი გვამშვიდებს და სასიამოვნო განწყობაზე გვაყენებს, როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ვინც შემოდის ყველა აღნიშნავს - მშვიდად ვგრძნობთ თავს თქვენს სახლშიო. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო.

- რა არის ის მნიშვნელოვანი რჩევები, რომელსაც ჩვენს მკითხველს მისცემდით?
- რჩევის სახით მკითხველს ვეტყოდი, რომ სახლში, ფერებისა და ავეჯის შერჩევის პროცესში კარგად დაფიქრდნენ, თან ატარონ მასალები, რათა ადგილზე შერჩევის პროცესი გაუმარტივდეთ. ასევე ნაკლებად დაისტრესონ და პირიქით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ პროცესით და გაიაზრონ ის, რომ საკუთარ სახლს ქმნიან, სადაც საუკეთესო მომენტები უნდა გაატარონ.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები