ნაადრევად გარდაცვლილი მხატვრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც მისი შთამომავლები უვლიან

შალვა ძნელაძის პერსონალური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 11 აპრილს გაიხსნა და ერთი თვე გასტანს (გამოფენის კურატორი შალვა ძნელაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი ირინა აბესაძეა). ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის 50-მდე გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევარს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კოლექციებიდან.

ხანმოკლე სიცოცხლე

სულ რაღაც, 42 წელი იცხოვრა. მისი მოღვაწეობა დაახლოებით 20 წელს ითვლის. მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მრავალფეროვანიცაა და მრავალრიცხოვანიც. ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა, თუმცა გვხვდება ფერწერაც. მცირე ფორმატის ნამუშევრები უმეტესად ქაღალდზე ფანქრით, ტუშითა და აკვარელითაა
შესრულებული. ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, როდის რა მოხვდებოდა ხელში: უჯრებიანი რვეული, უბის წიგნაკი, მცირე ზომის ქაღალდის ნაგლეჯები თუ სხვა. მისი ნახატები ნოველებივითაა, სადაც მოკლედ და მკვეთრად, სხვადასხვა ამბავია გადმოცემული.

ბორცვებსა და გორაკებზე შეფენილი პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული სურათები, ადგილობრივთა სახასიათო სახეები ანუ პორტრეტები, სადაც ადამიანთა ათასგვარი განწყობაა აღბეჭდილი და ერთი მეორეს არაფრით წააგავს. აქვეა გურული ფაცხა, ოდა-სახლი, ნალია, წისქვილი, ბეღელი, ჭიშკარი, ღობე, ალაგე... ეს დეტალებიც ერთად თუ ცალ-ცალკე, მრავლადაა მხატვრის ჩანახატებზე.

მემკვიდრეები

შალვა ძნელაძეს ოჯახი არ შეუქმნია და არც პირდაპირი მემკვიდრე ჰყოლია. თავდაპირველად, მხატვრის ნამუშევრებსა და მემკვიდრეობაზე მისი დები ზრუნავდნენ, ახლა კი მათი ერთ-ერთი ძმის, ილიას შთამომავალი (შალვას ძმის - ილიას შვილიშვილი): ილია ძნელაძე და მისი მეუღლე თამარ კაპანაძე. ისინი პროფესიით ექიმები არიან და ამავდროულად, სოფელ დიღომში მხატვარი წინაპრის სახელობის გალერეა-მუზეუმის დამაარსებლები.

გალერეა-მუზეუმი
- შალვა ძნელაძის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ირინა აბესაძის თაოსნობით, ჩვენი და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ფინანსებით, წიგნი-ალბომი გამოვეცით. 2017 წელსვე "ქარვასლაში" შალვას შემოქმედების გამოფენა გაიმართა. იმ დღეებში იდეა გაგვიჩნდა, გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც მხატვრის ნამუშევრებსა და არქივს გამოვფენდით. მოგვიანებით, სოფელ დიღომში 1200 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ნაგებობა შევიძინეთ. 5 წლის განმავლობაში საკუთარი ძალებით, ეტაპობრივად შევძელით მისი კეთილმოწყობა. მესამე სართულის საექსპოზიციო სივრცე 200 კვადრატულზე მეტია, ხოლო სარდაფში გვაქვს მარანი, ბუხარი, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ატრიბუტით. ეზოში ავაშენეთ გურული "ქუხნაც", მოვაწყვეთ ფანჩატურები. აქ ყველანაირი ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. ოფიციალური გახსნა ჯერ არ გვქონია, მაგრამ წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, მსურველებს დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება