ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიცია და დავით კაკაბაძის შთამომავლის საოცარი ნამუშევრები


არსებობს სხვადასხვა სახის მინანქარი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ეგრეთ წოდებული “ამოღრმავებული” (როცა მინანქრით სპილენძის ჩაღრმავებულ ნაწილს ავსებენ). იგი ძველთაგანვე იყო ცნობილი აღმოსავლეთში, კერძოდ ჩინეთში. გვხვდება აგრეთვე გვიანდელი რომაული ნაკეთობანი ბრინჯაოზე. დასავლეთ ევროპაში ეს ტექნოლოგია XII საუკუნეში გავრცელდა. ძირითადად ცნობილია სამი სკოლა: მაასის - მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში, რაინის - ცენტრი ქალაქ კელნში, და ლიმოჟის – ქალაქ ლიმოჟში, საფრანგეთში, რომელმაც მხოლოდ XV საუკუნემდე იარსება.



ქართული ტიხრული მინანქარი არსებობის სულ ცოტა 13 საუკუნეს ითვლის. საქართველოში უმთავრესად ტიხრული მინანქარია გავრცელებული. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი

ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო, ამჟამად დაკარგულია. ტიხრულ მინანქარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. მაგალითისთვის მხოლოდ ხახულის კარედზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგალითად, ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერთა შორის აღსანიშნავია ე. წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ. მირიანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევით იღებდნენ ხორცისფერს.



ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია, უძველესი VIII საუკუნით თარიღდება; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შუა სუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია თავმოყრილი, ხელოვნების ამ დარგის მსოფლიო საგანძურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციადაა აღიარებული. ნამუშევრები სინატიფითა და შესრულების განუმეორებელი ხარისხით დღესაც განაცვიფრებს თანამედროვე საზოგადოებას. კოლექცია გამოირჩევა სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. ტიხრული მინანქრის კოლექცია ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ გარდა ქართული მასალისა, აქ ბიზანტიური ძეგლებიცაა თავმოყრილი. კოლექციის გვირგვინია საქვეყნოდ განთქმული ხახულის კარედი, რომელიც თავისთავად ტიხრული მინანქრის ნაკეთობების მთელი „მუზეუმია“. კარედის ღვთისმშობელი, არის ყველაზე დიდი ტიხრული მინანქარი მსოფლიოში (116X95 სმ). ხატი 1859 წელს გელათის მონასტრის გაძარცვის შედეგად გაიტაცეს, შემდეგ ბოტკინის კოლექციაში აღმოჩნდა და მხოლოდ 1923 წელს დაუბრუნდა საქართველოს უკვე ძლიერ ფრაგმენტულ მდგომარეობაში...



XV საუკუნის შემდეგ თითქოს სრულდება ქართული მინანქრის ისტორიის გარკვეული ეტაპი და კვლავ აღორძინება უკვე XX საუკუნის მეორე ნახევარში იწყება. მინანქრისადმი ხელახლა გაჩენილმა ინტერესმა, ახალი ძალით იფეთქა და საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა თანამედროვე საზოგადოებაში.

გამოჩენილი მხატვრის, დავით კაკაბაძის შთამომავალი, მისი გვარისა და სახელის გამგრძელებელი დავით კაკაბაძე, დღეს ცნობილი ოქრომჭედელი და მინანქრის ოსტატია. მისი შემოქმედების უკეთ გასაცნობად, ბატონ დავითს შინ ვესტუმრეთ. საუბრისას ოჯახის პატარა წევრი ნინო და მეუღლე - ლელა მახარობლიძე შემოგვიერთდნენ. ლელა ფერმწერი გახლავთ. გარკვეული პერიოდი ამერიკაში მუშაობდა. ამჯერად მეუღლის სახელოსნოების მთავარი დიზაინერია. ფლობს მოზაიკის ტექნოლოგიას და სამკაულების ხაზითაც მუშაობს.



მოგონებები ბაბუაზე
- ბაბუაჩემი დავით კაკაბაძე დიდი მხატვარი გახლდათ. იმერეთში, სოფელ კუხში დაიბადა. მისი ძმა სარგის კაკაბაძე ცნობილი ისტორიკოსი იყო. საფრანგეთში მოღვაწეობის შემდეგ ბაბუა საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც საზღვარგარეთ წასვლის უფლება საბჭოთა რეჟიმმა აღარ მისცა და სამხატვრო აკადემიაში ლექტორად დაიწყო მუშაობა. მერე ბრალი დასდეს, “დამპალი კაპიტალიზმის მომღერალი” ხარო, მხატვართა კავშირიდან გარიცხეს და პროფესორის წოდებაც ჩამოართვეს - ახალგაზრდებში მტრულ იდეოლოგიას ავრცელებო. 1952 წლამდე, გარდაცვალებამდე, ფაქტობრივად უმუშევარი იყო, დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ხატავდა. ყველასთვის ცნობილია მისი იმერეთის პეიზაჟები. ბებიაჩემი ეთერ ანდრონიკაშვილი, რომელიც შარშან გარდაიცვალა, მასზე 30 წლით უმცროსი იყო. ქალ-ვაჟი ჰყავდათ - ამირი და ლარი. მამაჩემი - ამირ კაკაბაძე შარშანწინ გარდაიცვალა. სახლი, სადაც დავითი და ეთერი ცხოვრობდნენ და სადაც მამა და მამიდა გაიზარდნენ, ახლა სახლ-მუზეუმია. ის დავითმა და მისმა ძმამ, სარგის კაკაბაძემ 30-იანი წლების ბოლოს ააშენეს. დღეს, მამიდაჩემი ლარი კაკაბაძე ამ სახლ-მუზეუმში ცხოვრობს, იქ ინახება ბაბუაჩემის ნამუშევრები და მისი ინსტრუმენტები.

მშობლები და შემოქმედების დასაწყისი
დედაჩემი მზია დათუნაშვილი პროფესიით მხატვარია. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტელევიზიის მხატვარი იყო. ახლა თავისუფალი მხატვარია. პარალელურად, ჩემს სახელოსნოებში მუშაობს, დიზაინერია. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, დედ-მამა ერთმანეთს რომ გაშორდა. მე დედის მშობლების სახლში გავიზარდე. ბებიაჩემი ცუცა ანთაძე იყო, ბაბუა - ავთანდილ დათუნაშვილი, ინჟინერი გახლდათ. მიყვარდა ბაბუა დავითთან მისვლა, იქ უამრავი წიგნი და ნახატი იყო, მოხიბლული ვიყავი იმ გარემოთი. თავიდანვე მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი. ჩემზე ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს დავითის ნამუშევრები. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და მონუმენტურ პლასტიკაზე ჩავირიცხე. პირველი კურსის შემდეგ ქანდაკებამ დამაინტერესა და ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში მოვხვდი. ბატონი მერაბი ოჯახის ახლობელი იყო. 8 წელი, ასპირანტურის ჩათვლით, მასთან ქანდაკებას ვსწავლობდი. სადიპლომო ნამუშევარი ბაბუაჩემის აბსტრაქტული ქანდაკება იყო, რომელიც რუსთაველზე „ცისფერ გალერეასთან“, ელენე ახვლედიანის ქანდაკების გვერდით დგას.



1998 წლიდან საეკლესიო მხატვრობამ და ხატწერამ დამაინტერესა. კერძოდ, ტიხრულმა მინანქარმა, რომელშიც გაერთიანებულია ფერი, ფორმა, მასალა. დავდიოდი ბიბლიოთეკაში, მუზეუმში ძველ ქართულ ნამუშევრებს ვნახულობდი. რამდენიმე ხატმწერი და ოქრომჭედელი გავიცანი, რომლებმაც მინანქრის და ოქრომჭედლობის ანაბანა მასწავლეს. შემდეგ ჩემს მეგობართან, მღვდელ-მონაზონ საბასთან ერთად (დღეს ათონის მთაზე მოღვაწეობს) ჩემს სახლში დავიწყე მინანქრის კეთება. გავაკეთეთ თითო ნამუშევარი, მე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სცენა მინანქარში, მან კი - ილია წინასწარმეტყველის მინიატიურული მინანქრის ხატი. გადავწყვიტეთ, ჩვენი ნამუშევარი უწმინდესისთვის გვეჩუქებინა. ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მაშინდელ წინამძღვართან, იღუმენ შიოსთან ერთად მივედით უწმინდესთან და გადავეცით, თან ვუთხარი, ამ ხელობას ვფლობთ და დიდი სურვილი გვაქვს, ეკლესიას ვემსახუროთ-თქო. უწმინდესმა გვითხრა, ძალიან ბევრი და დიდი საქმე გექნებათო. გახარებულები წამოვედით. სიონში, ათონიდან ჩამობრძანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადეთ. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ვერცხლის პერანგით იყო შემკული და მის გარშემო რამდენიმე მინანქარი იყო. ამ დროს საკურთხევლიდან მოძღვარი, მამა თეიმურაზი გამობრძანდა და გვკითხა, რატომ უყურებთ ამ ხატს, მინანქარს ხომ არ აკეთებთო? ჩვენი სურვილიც ეს იყო, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატისთვის მინანქრები დაგვემზადებინა. მამა თეიმურაზმა გვირჩია, მოემზადეთ, ესკიზები გააკეთეთ, უწმინდესს შევხვდეთ და თქვენი ნამუშევარი ვაჩვენოთო. ასეც მოვიქეცით, უწმინდესს ძალიან მოეწონა, გვაკურთხა და ღვთისმშობლის ხატის მინანქრით შემკობა დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე თვეში დავასრულეთ. შემდეგ მე და მამა საბა ათონის მთაზე გავემგზავრეთ. ასე დაიწყო ათონის მთასთან ურთიერთობა. იქ გაგვიცნეს და საეკლესიო ნივთები დაგვიკვეთეს: ბარძიმები, ხატები, მინანქრები. ისტორიულად საქართველოსთვის კარგი ფაქტი მოხდა, რომ ისევ აღდგა მინანქრის კეთების პროცესი და ათონის მთაზე მდებარე მონასტრებში წირვისას ჩვენ მიერ დამზადებული ქართული საეკლესიო ნივთები გამოიყენება. ათონის მთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედთან დამაკავშირა. დედაოს სურდა, მონასტერში მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო მოგვეწყო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავეთანხმე და 2000 წელს ფოკაში გავემგზავრეთ. მონასტერში დავაარსეთ ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო. იქ გავაკეთეთ საეკლესიო ნივთები, ბარძიმი, სახარება, უწმინდესისათვის - პანაღია. იმავე წლის ზაფხულში, უწმინდესმა მოინახულა მონასტერი, რის შემდეგაც მთხოვა, მთელი საქართველოს მონასტრებში საეკლესიო ნივთების კეთება აღდგესო. თბილისში დაბრუნება და საეკლესიო შეკვეთებზე მუშაობა შემომთავაზა. სიხარულით დავეთანხმე. იმ პერიოდში სამების ლავრისთვის საეკლესიო ნივთების დამზადება დამავალა და ღვთის წყალობით, ბევრი რამ გავაკეთეთ. მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული საქართველოს იმედის ხატი, რომელიც 430 ტიხრული მინანქრის ხატით და რამდენიმე ათასი თვლით არის შემკობილი და რომლის მასალა მთელმა საქართველომ შემოწირა, ზოგმა - ერთი გრამი, ზოგმა - კილო ოქრო. ასე გროვდებოდა საპატრიარქოში ორი წლის განმავლობაში.



2007 წელს, უწმინდესმა გვთხოვა, სამებაში კედლის მხატვრობა მოზაიკის ტექნოლოგიით შეგვესრულებინა. ამ ტექნოლოგიასაც დავეუფლეთ სხვადასხვა ქვეყანაში - ვატიკანში, ათონის მთაზე, ფლორენციაში, სიცილიაზე, ვენეციაში. მოზაიკა შევისწავლე და ახლა სახელოსნოში 15-მდე ადამიანი მუშაობს. XII საუკუნის შემდეგ პირველი კედლის მხატვრობა მოზაიკაში მეუფე პეტრემ დაგვიკვეთა. აბაშაში აშენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და შევასრულეთ საკურთხევლის მოზაიკა, რომლის სიმაღე 18 მეტრია - ღვთისმშობელი ტახტზე მჯდომარე და მთავარანგელოზები გარშემო.

უწმინდესი მასთან ჩამოსულ ყველა საპატიო სტუმარს სიამოვნებით გადასცემს ჩვენ მიერ შექმნილ ნივთებს. პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები ყოველთვის ჩვენს ნამუშევრებს ჩუქნიან სხვა ქვეყნების პრეზიდენტებსა და დიპლომატებს, გამოჩენილ პიროვნებებსაც. ახლახან საქართველოში ჩამობრძანებული რომის პაპისთვის პრეზიდენტმა გვთხოვა მუზეუმში დაბრძანებული წილკნის ღვთისმშობლის ხატის ასლის გაკეთება. ხატი ჩვენმა მეგობარმა თემო ჯაფარიძემ დაწერა და პრეზიდენტმა პაპს გადასცა.

თეა ცაგურიშვილი

თეა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები