საახალწლო დეკორის საუკეთესო იდეები ცნობილი მსახიობისა და რეჟისორისგან

რეჟისორ და მსახიობ ციცინო კობიაშვილს, რომელიც გარდა ძირითადი საქმიანობისა, საკმაოდ ხელმარჯვე და შემოქმედი ქალბატონია, ძალიან უყვარს დღესასწაულები, შობა, აღდგომა, ახალი წელი. როგორც თავად ამბობს, ამ დროს უჩნდება ლამაზი ნივთებისა თუ კომპოზიციების გაკეთების სურვილი, თემატურად აფორმებს და შემდეგ მეგობრებსა და ახლობლებს საკუთარი ნახელავით ანებივრებს. ქალბატონ ციცინოსთან ინტერვიუ სწორედ მის ხელსაქმესთან დაკავშირებით ჩავწერეთ.

- ვერ ვიტყვი, რომ სისტემატიურად ვაკეთებ რამეს, ძირითადად დღესასწაულებზე მიჩნდება ამის სურვილი. ზოგადად, ძალიან ინტერესიანი ვარ, ყველაფერში მიყვარს ცხვირის ჩაყოფა, თუ რამე მომეწონა, მინ

და, რომ მეც გავაკეთო, ვცდილობ, ვწვალობ და საბოლოოდ შედეგს ვაღწევ ხოლმე.
გარდა იმ კომპოზიციებისა, რაც ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დევს, ვაკეთებ გულსაბნევებს, მძივებს, საყურეებს. პრინციპში, ხელსაქმე სწორედ ზემოჩამოთვლილი ნივთების კეთებით დავიწყე, შემდეგ უფრო გამიფართოვდა ფანტაზია და სხვა რაღაცებსაც შევეჭიდე. მაგალითად, აღდგომას კვერცხებს ვღებავ ათასნაირად, სხვადასხვანაირად ვაფორმებ პასკებს. შობა-ახალ წელს კი მარტო ნაძვის ხეს კი არა, მთელი სახლს ვრთავ. ვერ წარმოიდგნეთ რა ხდება ჩემთან.... საბედნიეროდ, უკვე ნოემბრის ბოლოდან ქალაქში დაიწყო მზადება ახალი წლისთვის, ეს განწყობა ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს და რაც მთავარია, გადამდებია. ვერ აგიხსნით, როგორ მიყვარს შობა, მიყვარს - ეს სიტყვა ვერ გამოხატავს იმ გრძნობას, რასაც განვიცდი, სულის სიღრმემდე ვგრძნობ, ვხედავ ამ დღესასწაულის ძალას და ეს დიდი ემოცია ჩემში ფანტაზიას აღვიძებს, მიჩნდება ლამაზი და თემატური ნივთების კეთების სურვილი. თუ რამე კაპიკი მაქვს, მივდივარ მაღაზიებში და ვყიდულობ მასალას, რითაც შემდეგ ვქმნი კომპოზიციებს, ოღონდ რომ ნახოთ, რა მომაქვს სახლში და როგორ მიხარია, გადაირევით. ჩემი ქმარი ვერც კი ბრაზდება, მე ისეთი ბედნიერი ვარ ამ დროს. 


ამჯერად კომპოზიციების კეთებამ გამიტაცა და თან ისე, რომ ვერ ვჩერდები, ვაკეთებ და ვაკეთებ. საშობაოდ მინდა ჩემი მეგობრები ჩემი ნახელავით დავასაჩუქრო. მეგობრები ყოველთვის ჩემთან ვხვდებით შობას, შესაბამისად განსკაუთრებით ვემზადები ამ დღისთვის და მათაც განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ, იციან, რომ მორთულ-მოკაზმულს დავახვედრებ სახლს. წელს მინდა, ყველას, თეფშთან დავახვედრო ჩემი ხელით გაკეთებული კომპოზიცია და აქტიურად ვმუშაობ, ამით ვარ ახლა ანთებული (იღიმის). უკვე ერთი კვირაა ვეხვეწები ჩემს ქმარს დაიწყე ნაძვის ხის და მისი მოსართვავების ნელ-ნელა ჩამოზიდვა-მეთქი. ჩვენ იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ, სხვენში გვაქვს ადგილი და მოსართავების ნაწილი იქ მაქვს შენახული, მეორე ნაწილი, რაც მეძვირფასება ისინი - კარადაში. მეუბნება, ჯერ ადრეა ნაძვის ხის აწყობაო, მაგრამ მე მინდა, იმიტომ, რომ იქ ისეთი რაღაცები მეგულება, რასაც კომპოზიციებში გამოვიყენებ.


- როგორც აღნიშნეთ აკეთებთ სამკაულებს, კომპოზიციებს და ა.შ. ყველაზე მეტად რისი შექმნა გსიამოვნებთ?
- წელიწადის ყველა დროს სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა რაღაცაზე მეწყება გართულება, ზაფხულობით როცა სოფელში მივდივარ და განვმარტოვდები, თან მიმაქვს მასალა და იქ მშვიდად, წყანარად ვაკეთებ. როცა სპექტაკლს ვდგამ, უამრავ ადამიანთან მიწევს კონტაქტი, შეხვედრა, თანამშრომლობა, დასვენების დროს კი განმარტოვება მირჩევნია, ოღონდ ამაში სულ მარტო ყოფნა კი არ იგულისხმება - სიშვიდეში წყნარად იმის კეთება რაც მომწონს. ჰოდა ზუსტად ხელსაქმეა ის, რაც მომწონს. დილაობით როცა ყველას სძინავს, ან პირიქით, ღამით, დავჯდები ხოლმე ჩემს კუთხეში და ვიწყებ კეთებას. ხან თავზე დამათენდება ხოლმე. მერე და მერე, როცა მიგროვდება უამრავი რამ, ვჩუქნი ჩემს ახლობლებს, მეგობრებს. წლების სვლასთან ერთად გავაცნობიერე, რომ ხელსაქმის დროს, როცა ვიჯექი ჩემთვის და ვაკეთებდი სხვადასხვა რამეს, რეალურად ვმუშაობდი სპექტაკლზე. მთელი ეს პერიოდი, როცა ჩემთვის ვიყავი და ვეკირკიტებოდი ამ საქმეს, ტვინში მიყალიბდებოდა სპექტაკლის იდეა, საბოლოო ჯამში კი უკვე ჩამოყალიბებული ვდგები, ვიცი უკვე, საიდან უნდა დავიწყო და რა უნდა გავაკეთო კონკრეტულად ჩემს საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ შთაგონებას ვიღებ და მერე შეიძლება კვირაობით არ მივეკარო ხელსაქმეს.


- თეატრი, ოჯახი, სხვა პირადი საქმეები, დროს როგორ პულობთ ამ ყველაფერის შესაქმნელად?
- ალბათ ესაა ჩემი ამოსუნთქვა, თან მგონია, რომ სადღესასწაულო დღეებში საკუთარ თავთან, უფალთან ახლოს ყოფნაა მთავარი და ვცდილობ ასე მოვიქცე, თორემ სხავს ვერაფერს ვეტყვი და ვერ დავარიგებ ამ თემაზე.


- დეკორაციებისთვის, კომპოზიციებისთვის შთაგონება საიდან მოდის? თქვენი ფანტაზიის შედეგია, თუ ვთქვათ, ინტერნეტსაც იყენებთ იდეებისთვის?
- თუ ინტერენტში ვნახავ ვინმე ნიჭიერი ადამიანის შემოქმედებას და მერე შევძლებ, რომ მეც გავაკეთო მსგავსი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. მაგრამ უფრო შეიძლება, რაღაც დეტალები გამოვიყენო მისი, გახდეს უბრალოდ შთაგონების წყარო და ა.შ. ცოტა ხნის წინ ჩემი ქმარი სოფელში იყო წასული, მე ვერ წავედი და ვთხოვე, დიდი ტოტები, შენ რასაც ლამაზად ჩათვლი, ის წამომიღე-მეთქი. მართლაც ჩამომიტანა და ახლა ვუტრიალებ, იდეა უკვე ჩამოყალიბებლი მაქვს თავში, უბრალოდ მასალა მაკლია, შევიძენ და მოვიყვან სისრულეში.


- მართალია, ფესბუქზე გვიზიარებთ თქვენ ნაშრომს, მაგრამ ხომ არ გიფიქრიათ გამოფენაზე?

- არა, რა ჩემი საქმეა გამოფენა? მე უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებ ამას, ჩემი სიამოვნებაა. ფეისბუქზე რომ ვდებ, გამოფენა არაა? (იცინის) მიხარია, რომ მოსწონთ.


- თუ შესაძლებელია იქნებ ჩვენს მკითხველს ასწავლოთ, როგორ გააკეთონ რომლიმე მარტივი კომპოზიცია?
- აი, მაგალითად შედარებით მარტივად შემიძლია აგიხსნათ, როგორ გავაკეთე ნაძვის ხის კომპოზიცია. სიმყარისთვის ფუნდამენტად "გიფსოკარდონს" ვუდებ, ჩემს მეზობელს ჰქონდა რემონტი, დარჩა თაბაშირ-მუყაო და მე მშვენივრად ვიყენებ. მოკლედ, ამ თაბაშირ-მუყაოს წავუსვი წებო პვა, რომელიც თეთრი ფერისაა და გაშრობის შემდეგ არ ტოვებს კვალს. დავაყარე ხელოვნური თოვლი, რომელიც წებდება კარგად, ცოტა შეიძლება გადმოიყაროს, მაგრამ რომ გააკეთებ და დადგამ, მერე აღარ უნდა ამოძრაო. ამის შემდეგ მრგვალი ფურცელი გავჭერი შუაზე და ძაბრივით მოვამრგვალე, ანუ ძირში განიერი უნდა იყოს, თავში კი წვრილი და ზემოხსენებული პვა-თი დააწებო. შემდეგ იღებთ ჩვეულებრივ ძაფს, რა ფერიც მოგეწონებათ იმას, ასველებთ პვაში და ახვევთ ძაბრის ფორმის ქაღალდის გარშემო. სრულად რომ დაფარავთ ქაღალდს ძაფით, მიიღებთ ნაძვის ხეს. ბოლოს კი შეგიძლიათ ქაღალდი გამოაძროთ. თავიდან რომ ვაკეთებდი, ბევრი პვა დავასხი და ვერ გამოვაძრე ქაღალდი, ამიტომ სადაც ჩანდა, იქაც პვა დავასხი და დავაყარე ბისერები, ძალიან ლამაზი გამოვიდა. გარად ამისა, ბისერმა სიმყარეც შემატა, მეც სხვადასხვა ზომის ნაძვის ხეები გავაკეთე დ კომპოზიციაში როგორც ნაძვების მწკრივი, ისე ჩავსვი. ირემი მქონდა ნაყიდი, ის ჩავდგი და ასე შეიქმნა ის, რაც მე ასე ძალიან მახრებს და ჩემს მეგობრებს მოსწონთ (იღიმის).


ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება