"ბავშვებიც ჩართული არიან პროცესშიც და მერეც გაცილებით მეტი ენთუზიაზმით იყენებენ მათ მიერვე შექმნილ საპნებს" - პანდემიის დროს აღმოჩენილი ახალი ოჯახური გატაცება

ირმა იანტბელიძე კულინარი და წიგნების ავტორია, 6 შვილის დედა. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალი საქმიანობა აღმოაჩინა - საპნების დამზადება სცადა შვილებთან ერთად და იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ სოციალურ ქსელში დიდი აღტაცება გამოიწვია. ირმას სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ. 

- როდის გაჩნდა საპნების დამზადების იდეა და რა იყო ყველაზე მთავარი მოტივაცია?
- ლამაზი, სურნელოვანი, ხელნაკეთი საპნები ყოველთვის მომწონდა, თუმცა მათი დამზადების პროცესი იმდენად რთული მეგონა, რომ გაკეთება არც მიფიქრია. ამას წინათ ინტერნეტში სულ სხვა რამეს ვეძებდი და ულამაზესი საპნის ფოტოებს წავაწყდი. გადავწყვიტე,
მეც მეცადა გაკეთება.

- რამდენად იოლი აღმოჩნდა იდეის რეალიზება, პირველ რიგში, საჭირო მასალის შოვნის თვალსაზრისით და შემდეგ უკვე პროცესი?

- ინტერნეტის საშუალებითვე გავეცანი საპნის დამზადების ტექნოლოგიას, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე, უკვე მზა საპნის ფუძე გამომეყენებინა. დავიწყე ძებნა და ფეისბუქზე მივაგენი, სხვასაც შეუძლია მოძებნოს - "საპნის ფუძე საქართველო". ისრაელიდან ჩამოაქვთ სხვადასხვა სახეობის საპნის ფუძე, მაგალითად, გამჭვირვალე, თეთრი, ზეთისხილის, მკვდარი ზღვის ტალახის და ა.შ. მათთანვე ვნახე საპნის დამზადებისთვის საჭირო ყველა სხვა პროდუქტი - სილიკონის ყალიბები, სპეციალური საღებავები და ა.შ. ჯერ საცდელად შევუკვეთე მხოლოდ გამჭვირვალე და თეთრი ბაზა, ასევე სილიკონის რამდენიმე ფორმა და საღებავები. შევუდექი საქმეს. შემდეგ ჯერზე უკვე ყველანაირი ფუძე შევუკვეთე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ზეთისხილისა და მკვდარი ზღვის ტალახის ბაზაზე დამზადებული ფუძით შესანიშნავი საპნები მივიღე.

- შეიძლება, რომ ეს ნებისმიერმა გააკეთოს სახლში?
- დიახ, რა თქმა უნდა. საკმაოდ სახალისო და, ამავდროულად, სასარგებლო სამუშაოა. თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და იდეებს არ უჩივით, საბოლოო შედეგი თქვენც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. თანაც, როგორც გავარკვიე, ფუძე უსაფრთხო და სანდოა, ანუ გაცილებით ჯანსაღს დაამზადებთ სახლში, ვიდრე სხვაგან ყიდულობთ.

- იქნებ პროცესზე გვიამბო და მცირე ინსტრუქციებიც მისცეთ მკითხველებს, რა უნდა გაითვალისწინონ?
- საპნის ფუძე, იგივე ბაზა უნდა გავადნოთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. ჩემი გამოცდილებით, მიკროტალღური ჯობია. 100 გ ფუძის გადნობას დაახლოებით 30 წამი ჭირდება. ფუძე ძალიან არ უნდა გაცხელდეს, არ ადუღოთ. მანამდე მომზადებული უნდა გქონდეთ ყალიბი, რომელშიც ჩაასხამთ უკვე თქვენი გემოვნებით შეზავებულ საპონს. გარდა ფერებისა, გამდნარ ფუძეს შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა ეთერზეთის რამდენიმე წვეთი, ყავის ნალექი, შვრიის ფანტელი, ფორთოხლის ცედრა, გვირილა, სალბი, ლავანდა და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება წყლის, ცოცხალი ხილის ან ბოსტნეულის, ასევე ყვავილების დამატება, რადგან საპონი არ შეიკვრება, ყვავილები კი გაშავდება. მხოლოდ გამხმარი, გამშრალი პროდუქტი გამოიყენეთ, მაგალითად, თუ ამზადებთ სკრაბის ტიპის საპონს, 100 გრამ ფუძეზე მაქსიმუმ 2 ჩაის კოვზი მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ.

- რამდენად გაამართლა იდეამ, თავად თუ ხარ კმაყოფილი შედეგით, პროცესით და რამდენად არის ასეთი საპნები დამატებითი სტიმული ბავშვებისთვის, რომ ხელები ხშირად დაიბანონ?
- იდეამ ნამდვილად გაამართლა. თავიდან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ პროცესში უამრავი რამ ვისწავლეთ. ხელების დაბანა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგაზე ყველა ვთანხმდებით, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება. საპონი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მას მაინც ვყიდულობთ, ასე რომ, შეგვიძლია შევიძინოთ ფუძე და ჩვენი გემოვნებით დავამზადოთ ორიგინალური პროდუქტი. მერწმუნეთ, ლამაზი ფორმის და სასიამოვნო სურნელის მქონე საპნით ბავშვებიც მეტი ხალისითა და მონდომებით დაიბანენ ხელებს. თანაც, ახალი წელი მოდის და შესანიშნავი საჩუქარიცაა.

- თავად ბავშვები თუ არიან ჩართული მუშაობის პროცესში და როგორ ჩნდება სხვადასხვა ფორმისა თუ გამოსახულების იდეა?
- რა თქმა უნდა, ჩართულები არიან. ისინი ჩემზე მეტადაც კი დაინტერესდნენ, რადგან ეს შემოქმედებითი სამუშაოა, თან შედეგს მალევე იღებ. ფორმებს რაც შეეხება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, "საპნის ფუძე საქართველოს" აქვს ბავშვებისთვის განკუთვნილი ყალიბებიც - მანქანის, ნაყინის, პინგვინის, ყვავილების და ა.შ. გამოსახულებით. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ცხელ მასასთან, რომ ბავშვმა უნებლიედ ხელი არ დაწვას, აუცილებლად თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ დაამზადებინეთ საპონი, ოღონდ ისე, რომ მისი მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იყოს. მაგალითად, საპნის ფერის ან ფორმის შერჩევა, სხვადასხვა დანამატებით გამდიდრება ბავშვს მიანდეთ.

ირმას 13 წლის ქალიშვილის მიერ შექმნილი ორიგინალური საპნები

- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებთან ერთობლივი საქმიანობა, რას აძლევს ეს მათ და რას აძლევს ეს მშობელს?

- მშობლებისა და შვილების ერთობლივი საქმიანობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ბავშვებს ისედაც შეზღუდული აქვთ გართობისა და შემეცნების საშუალებები. საპნის სახლში დამზადება გართობის, შემოქმედებითი მუშაობის, ინტერაქციის შესანიშნავი საშუალებაა.

- პრაქტიკულად თუ იყენებთ უკვე და რამდენად კომფორტულია? 
- კი, ვიყენებთ, რა თქმა უნდა. ძვირი ნამდვილად არ არის, თითქმის იგივე ფასია. თან დარწმუნებული ხარ, რომ უსაფრხოა, სახალისო საქმიანობაა და შენს ნამუშევარს იყენებ. ეს ძალიან დიდი ბონუსია. 



კომენტარები

მზეონა 2020-12-19 16:56
საოცარი ოჯახია, ბრავო. ბავშვებს ესთეტიკის სიყვარული უყალიბდებათ და ამიტომ ალიან ,მიშვნელოვანია ასეთი აღზრდა. მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის.
ქეთი 2020-12-04 15:56
გრძელიშვილ-იანტბელიძეების ოჯახი არის სამაგალითო, გული მითბება მათ შემხედვარეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები