პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის რეალისტური მხატვრობა და წლების შემდეგ ახდენილი ოცნება

ამა თუ იმ ნახატზე მუშაობის დროს საათობრივად აღრიცხავს. დაახლოებით 650 საათი მოანდომა ნახატს „ჰარმონია“, რომელსაც მისი პირველი პერსონალური გამოფენა უნდა გაეხსნა. შემდეგ სპეციალურად ამ დღისთვის კერძო კოლექციებიდან გამოითხოვა სხვადასხვა წელს შექმნილი ნახატები და თავი გალერეა „იარტში“ მოუყარა...

ჰიპერრეალისტი, თვითნასწავლი მხატვრის - დავით თელიას შემოქმედებას ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების დიდი ნაწილი სოციალური სივრცის საშუალებით იცნობს; თუმცა, ფანქრით შესრულებული ნამუშევარების ფოტოსგან გარჩევა არა მხოლოდ ინტერნეტსივრცეშია რთული, არამედ მაშინაც, როცა ამა თუ იმ ნახატთან პირისპირ დგები. თითოეულ დეტალს, ფერებსა და შუქჩრდილის თამაშს გაოცებული აკვირდები და
ავტორის საშემსრულებლო ტექნიკა, მისი გამძლეობა, ნებისყოფა, დისციპლინა, სიზუსტე და ისეთი წვრილმანი დეტალების დანახვა გაკვირვებს, როგორიც არის: გოგონას მარმარილოსებრი სახის კანი, ხანში შესული ინდოელი ქალბატონის ღრმა ნაოჭები, ხელით დაქარგული ძველი ჩაის ტილოს მაქმანები და წითელ-ყვითელ ვაშლზე შავი „ხალი“.

მის ყველაზე ცნობილ ნახატებს შორის, ხათუნა იოსელიანისა და მარინა კახიანის პორტრეტებია. თავდაპირველად სასურველ სახეებსა თუ სიუჟეტებს სხვების გადაღებულ ფოტოებში ეძებდა, ახლა კი ინტერესის ობიექტს ფოტოს თავად უღებს. ადამიანია ეს, ნატურმორტი თუ სხვადასხვა კომპოზიცია, ფოტოსესიებს აწყობს და მათგან საუკეთესო კადრის მიხედვით, უმეტესად დიდი ფორმატის ქაღალდზე, ფერადი ფანქრებითა და ნახშირით ფოტოგრაფიული სიზუსტით იწყებს ხატვას.

შინ, პატარა ოთახში, ამა თუ იმ ნახატზე მუშაობის დროს საათობრივად აღრიცხავს. წამმზომი ჩართულია და ითიშება მაშინ, როცა დროებით წყვეტს მუშაობას. შემდეგ კი ათვლა იმ წუთიდან გრძელდება, როცა ყოველ მორიგ ჯერზე, ფანქარს იღებს ხელში და ერთი კონკრეტული ნახატის შექმნის პროცესი ნელ-ნელა ფინალისკენ მიდის. ეს ამ ტექნიკის მფლობელთა „დაუწერელი წესი“ ყოფილა და ისიც პირნათლად იცავს. შესაბამისად, იცის, რომ 450 საათი დასჭირდა ნახატს „გოგონა თეთრ კაბაში“, 350 საათი მოანდომა ნამუშევარს „გოგონა ბეღურით“ და ა.შ.


კითხვაზე, თუ რა არის მისთვის ყველაზე კომფორტული სამუშაო მასალა, ასე მპასუხობს:

„ფანქარისა და ნახშირის ერთობლივი ტექნიკა, რითაც მივაღწიე იმ საფეხურს, რასაც ჰიპერრეალიზმი ჰქვია“. ხოლო მისი ნატურმორტების შექმნისას, ყველაზე დიდი სიამოვნებით ხატავს ხურმას, რომლის საღ ნაყოფს და მწიფე ფერს ფანქრების მეშვეობით ქმნის.

დავით თელიას ხატვა ბავშვობიდან იტაცებდა. რეალისტური ნახატებიც იმ პერიოდიდან ხიბლავდა. გამორჩეულად ჰოლანდიური მხატვრობა აინტერესებდა და ჟანრებს შორის - ნატურმორტები. სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად პედაგოგებთანაც ემზადებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ თუ ბედმა, აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით წაიყვანა: ჯერ იყო „გეპეი“, გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ფაკულტეტზე სწავლა, შემდეგ მოსკოვში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, სადაც მხატვრად მუშაობდა და საბჭოთა კავშირის პერიოდისათვის დამახასიათებელი „წესების“ თანახმად, ლენინის არაერთი პორტრეტები შექმნა. ხატავდა ისეთი ნამუშევრებს, რომლის მთავარი თემა იყო: „კომკავშირი“ ან „როგორ ვითარდებდა კომკავშირი“. ხელმძღვანელობას მისი ნახატები მოსწონდა და ერთხელაც, მორიგი პორტრეტის შესრულება რომ დაუკვეთეს, იფიქრა, ასე თუ გაგრძელდებოდა, იძულებული იქნებოდა იქ კიდევ დიდხანს დარჩენილიყო. ამიტომ დასახმარებლად მამას დაურეკა: ესენი ჩემს გამოშვებას არ აპირებენ და რამე მიშველეო. ისიც, ნაწილის უფროსთან „ძღვენით“ ჩავიდა, 2 ბოთლი არაყი მიართვა და დავით თელია მეორე დღეს თბილისში გამოუშვეს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები