როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია?


ალბათ, ზაფხულში ბევრ თქვენგანს უბანავია მზით გამთბარი წყლით, რომლის ტემპერატურა ელექტროენერგიით გამთბარს არ ჩამოუვარდება. თუმცა, პრიმიტიულად გამთბარი წყლის გამოყენება მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი. გლობალური დათბობისა და დაბინძურებული ეკოლოგიის ფონზე კი სულ უფრო აქტუალური ხდება მზის ენერგიის გამოყენება. სპეციალისტების თქმით, გარდა იმისა, რომ მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლებისა და გამათბობლების გამოყენება მინიმალურ დანახარჯებს მოითხოვს, გარემოს დაბინძურებაც მინიმუმამდეა დაყვანილი.

ენერგეტიკოსების ნაწილი 21-ე საუკუნეში ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ სწორედ მზის ენერგიას ასახელებენ. თუმცა, სკეპტიკურად განწყობილ სპეცილისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მიმართ მზარდი მოთხოვნილების ფონზე ალტერნატიული

მზის ენერგია საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მზის ენერგიის მოხმარების მხრივ განსაკუთრებით მთიანი რეგიონის მოსახლეობა აქტიურობს.

სპეციალისტების თქმით, წყლის გამაცხელებლები არის სისტემა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მუშაობს მზის ენერგიაზე და უზრუნველყოფს ცხელი წყლის მიწოდებას. შედეგად ჩვენ შეგვიძლია, წლის განმავლობაში ენერგომატარებლის (ელექტრო ენერგია, გაზი, შეშა) 80%-იანი ეკონომია გავწიოთ. აღნიშნული სისტემა ვაკუუმური ენერგოშემკრები მილაკების საშუალებით მუშაობს, რომლებიც ალტერნატიული ენერგიის გამოყენების უახლესი ტექნოლოგიური მიღწევაა. პრაქტიკულად, წლის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ, უფასოდ მიიღოთ ცხელი წყალი და გათბობა მზის ენერგიის გამოყენებით.

მზის ენერგიას ფართოდ იყენებენ კანადაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში.



როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია? შესაძლებელია თუ არა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლისა და გამათბობლით სარგებლობა ზამთრის ცივ დღეებში? შესაძლებელია თუ არა ქალაქის პირობებში, კორპუსებში ამ სისტემის დამონტაჟება? როგორ შევარჩიოთ და დავამონტაჟოთ სასურველი სისტემა და რამდენად შესაძლებელია მისი დამზადება სახლის პირობებში? - ამის შესახებ ენერგოაუდიტორი, თბოენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნანა მეფარიშვილი გვესაუბრა.

- მზის თბური ენერგიის მეშვეობით ცხელი წყლის მიღება წელიწადის 10 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო ზამთარში, 2 თვე, ელექტროენერგიის თანადაფარვას მოითხოვს. საქართველოში ენერგიის ძალიან ბევრი ალტერნატიული წყარო გვაქვს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა უხვადაა დაჯილდოებული. ერთ-ერთი მასშტაბური წყარო, რისი გამოყენებაც მთელ საქართველოშია შესაძლებელი, არის მზის ენერგია. თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური გახდა მზის ენერგიის გამოყენება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია საქართველოში სრულად ავითვისოთ. ცხელი წყალმომარაგების მხრივ, საქართველოს ტერიტორია შეუცვლელია. თბილისში წელიწადში 295 დღე მზიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენი დღე საკმარისი ცხელი წყალი გვექნება, თუ გამოვიყენებთ. გამოდის, რომ წელიწადში 10 თვე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მზის ენერგია ცხელწყალმომარაგებისათვის, ხოლო დანარჩენი ორი თვის მანძილზე 30%-იანი დაფინანსება დასჭირდება. ეს სისტემა ძალიან ეკონომიურია და ხარჯის ანაზღაურება მალე, დაახლოებით 2 წელიწადში ხდება. მზის წყალგამაცხელებლის დამონტაჟება არა მარტო საცხოვრებელ სახლებში, არამედ საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც, სადაც დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარენ, სერიოზულ ენერგეტიკულ დანაზოგს მოგვცემს. თანაც, ეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია - გამონაბოლქვი აირები მცირდება. რაც მთავარია - უფასოა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები აქტიურად იყენებენ მზის ენერგიას.

- საქართველოში რამდენად აპრობირებულია ეს მეთოდი?
- მთიან რეგიონებში ძალიან ბევრი იყენებს მზის ენერგიას, რაც მისასალმებელია. რამდენიმე წლის წინ უშგულში ვიყავი, სადაც კერძო სახლში მზის ენერგიის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული, რამაც ჩემი სასიამოვნოდ გაოცება გამოიწვია. საოჯახო ტიპის სასტუმრო ჰქონდათ და ამ სისტემას აქტიურად იყენებდნენ. ბოლო ხანებში უფრო ხშირად შეხვდებით მზის წყალგამაცხელებლებს. სამწუხაროდ, ჩვენს მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად ან თითქმის არ აქვს. არადა, ისეთ მთიან რეგიონში, როგორიცაა რაჭა, სადაც გასათბობად შეშას იყენებენ, ამ პროგრამის განხორციელება უნდა ხდებოდეს. გარდა იმისა, რომ ბუნებას დავზოგავთ, რაიონში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

- როგორ უნდა გამოვიყენოთ მზის ენერგია?
- ძალიან მარტივად. ორი ტიპის გამაცხელებელი არსებობს - თბურმილებიანი და ბრტყელი მზის კორექტორები. თბური უფრო აქტიურია მუშაობაში. სხვათა შორის, ვისაც ეხერხება, შეუძლია ეს მოწყობილობა თავადაც დაამზადოს. ძალიან მარტივია.

- და ეს სიამოვნება ძვირი ჯდება?
- რატომღაც ისეთი აზრი გავრცელდა, რომ ძვირი ჯდება, რაც მართალი არ არის. უხეში გათვლებით, 100-ლიტრიანის დამონტაჟება დაახლოებით 1 000 ლარი დაგიჯდებათ, ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია 4-5-სულიანი ოჯახისთვის. ამ თანხას კი ძალიან მალე - 2-3 წელში ამოიღებთ. სამაგიეროდ, უფასოდ გექნებათ ცხელი წყალი.

- კერძო სახლებში ამ სისტემის დამონტაჟება მარტივია, თუმცა, რამდენად მოსახერხებელია ეს ბინის პირობებში?
- კორპუსებში ამის გაკეთება რთულია. მისი ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია, როცა საქვაბე ადაპტირებულია. კორპუსებში ყველას ინდივიდუალური გათბობა გვაქვს. ამიტომ, ამ სისტემის დამონტაჟება დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ მთლიანი სადარბაზო ერთ დიდ საერთო საქვაბეს გამოიყენებს. ბოლო სართულზე მცხოვრებისთვის პრობლემა არ არის, რადგან მას ნებართვის აღებაც არ სჭირდება, ისე შეუძლია სისტემა დაამონტაჟოს და ცხელი წყალი მიიღოს.



- თუმცა, ერთი პრობლემა ჩნდება - როგორ გადავიხადოთ ზამთარში დახარჯული ენერგიის საფასური?
- სწორედ ამაშია მთელი პრობლემა. ისევე, როგორც არის დენის, წყლის მრიცხველები და ქვითრები, აქაც ანალოგიური ფუნქციაა. საჭიროა თბური მრიცხველები, რომელიც თქვენ მიერ დახარჯულ წყლის რაოდენობას დაითვლის. ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა. მარტო ვერაფერს გააკეთებ. ბევრ ქვეყანაში ამ პროგრამას სწორედ სახელმწიფო კურირებს. ამ გზით სახელმწიფოც მოგებას ნახულობს.

- კერძო სახლების შემთხვევაში?
- ამ შემთხვევაში სისტემის დაყენება მარტივია. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო 42-ე განედზეა. მზე ყველაზე აქტიურად მუშაობს, როცა 40-გრადუსიანი დახრით არის. ამიტომ, სისტემა სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა დააყენოთ, სადაც მზის ენერგია დიდი რაოდენობითაა.

- რაც შეეხება ელექტროენერგიას?
- მზის ენერგიით ელექტროენერგიის მიღება მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ჩვენს პირობებში ადვილად არის შესაძლებელი. მთიან რეგიონებში, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება, დენის კაბელების გაყვანის ნაცვლად შეგვიძლია ეს სისტემა გამოვიყენოთ. სპეციალური აკუმულატორი მზის ნათების შედეგად ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ხდება მისი აკუმულირება ენერგიის აკუმულატორებში და ღამითაც გექნებათ შუქი. მეტიც, 2-3 დღე მზის გარეშე რომ იყოთ, ის დენს მაინც მოგაწვდით. მართალია, ეს მოწყობილობა შედარებით ძვირი ღირს, სამაგიეროდ, გადასახადი არაფერია. ქსელში ჩართული არ ხართ. განვითარებულ ქვეყნებში ამის გამოყენება გლობალურად ხდება. მოსახლეობა დღისით თავად ყიდის ელექტროენერგიას, ხოლო ღამით ქსელიდან ყიდულობენ. ერთგვარი საოჯახო ბიზნესია. გერმანელები ამბობენ, ჩემი სახლი ჩემი ბიზნესიაო. ჩვენს ქვეყანას სერიოზული რესურსი აქვს, რომ გამოვიყენოთ.

P.S. როგორ ავაწყოთ მზის კოლექტორი? ჩვენი რესპონდენტის დახმარებით მარტივ ხერხს შემოგთავაზებთ: ამისთვის დაგჭირდებათ პლასტმასის მილები და შემაერთებლები, რომლებსაც ერთმანეთთან მიაერთებთ. შემდეგ მილებს საჭირო ზომებად, მაგალითად, 60 სმ დაჭრით. ამ ყველაფერს შეაწებებთ და ზედ პლასტმასის ბოთლებს ჩამოაცვამთ. თუმცა, მანამდე მილები შავად უნდა შეიღებოს. ბოთლების დამუშავება კი შემდეგნაირად ხდება: აჭრით ძირს და მჭიდროდ ათავსებთ ერთმანეთში. იგივეს იმეორებთ დანარჩენი 4 მილისთვის. შემდგომ აწებებთ მეორე მხრიდან. ზედა მხარეს წითელი მილის საშუალებით კოლექტორიდან ცხელი წყალი გამოდის, ხოლო მეორე მხრიდან ცივი წყალი ჩაედინება. ცივი და თბილი წყლის მილები უნდა შეუერთდეს პლასტმასის ჭურჭელს, სადაც დაგროვდება ცხელი წყალი. წყლის ცირკულირებისათვის აუცილებელია, ცივი წყლის მილი შეუერთდეს ჭურჭელს დაბლა, ხოლო ცხელი წყლის მილი - მაღლა. შემდგომ პრიალა ზედაპირის მქონე მასალით (მაგალითად, ლუდის თუნუქის ჭურჭლით) ამზადებთ ამრეკლს, რომელიც უკანა მხრიდან ბოთლებზე დაეკრობა. ეს საჭიროა სითბური ეფექტის გასაძლიერებლად. კოლექტორი მზად არის და ცდისთვის მზიანი დღე უნდა შეარჩიოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ წყლის ტემპერატურის გასაზომად თერმომეტრი დაგჭირდებათ. სცადეთ. წარმატებებს გისურვებთ!

სალომე გოგოხია

კომენტარები

inga 2018-03-21 10:39
es sistema sheidzleba davamontazo korpusis binashi 9 sartuliani meore sartulze da ramdeni damijdeba
Eco Power 2017-04-24 21:10
ყველაფერი რაც ამ თემას შეეხება იხილეთ ვებ გვერდზე www.ecopower.ge
vano 2016-12-23 03:07
ganvadeba tu ketdeba?
nona 2016-10-19 18:23
minda wylis gamatboblis damontajeba gtxovt nomeri momwerot
მარია 2016-08-20 01:56
მინდა. რომ სოლარის პანელები დავაყენო კერძო სახლის სახურავზე , ვის უნდა დაუკავშირდე რომ გავიგო რა ჯდება?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები