რა უნდა იცოდეთ აუცილებლად სანტექნიკაზე, მილებზე, საშხაპეზე - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში აბაზანას და სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. თითოეული ჩვენგანის ყოველი ახალი დღე სწორედ აქედან იწყება, ამიტომ ეს ადგილები სწორად დაგეგმარებული და კომფორტულად მოწყობილი უნდა იყოს. როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი ხარისხის კერამიკული სანტექნიკა, მილები, საშხაპე, ონკანები და ა.შ. - სანტექნიკის ხელოსანი გამოცდილი გიორგი ფოლადაშვილი მოგვცემს სასარგებლო რჩევებს.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
სანტექნიკის გაყვანის დროს პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ აუცილებლად დავაყენოთ ფილტრი. გაყვანილობის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არ აყენებს ფილტრს. ხელოსანიც არ სთავაზობს, ბევრ მეპატრონეს კი აზრადაც

არ მოსდის მისი დაყენება. როდესაც ფილტრი არ აყენია, მთელი ნაგავი და მინარევები მიედინება მილებში და იჭედება. რომ არ გაიჭედოს და არ შეივსოს მილები ნარჩენებით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დაიდგას ფილტრი. არის წმინდა გაწმენდის ფილტრები, რომლის ფასიც მერყეობს 50 ლარამდე. ამ ფილტრებს თვითჩამწმენდი მექანიზმიც აქვს და ონკანებიც შესაბამისად აღარ ივსება, აღარ ამოდის წყალი მილებიდან.
როდესაც ვაკეთებ გაყვანილობას, ყველას ვთავაზობ, წყლის მრიცხველს სასურველი ადგილი მიუჩინონ, რადგან შესაძლებელია მომავალში მთავრობამ მოგვთხოვოს მრიცხველების დაყენება, ამიტომ ზემოდან მილების გატარება რომ არ დაგვჭირდეს, ვცდილობთ თავიდანვე გავითვალისწინოთ მრიცხველის ადგილი.
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კარგი ხელოსნის შერჩევა. წყლის მილების ხარისხს კლიენტი ვერ შეარჩევს, ამიტომ გამოცდილმა ხელოსანმა უნდა ურჩიოს მას. მე ძირითადად ერთ-ერთი თურქული ფირმის მილებზე ვმუშაობ. ეს არის საუკეთესო ხარისხის მილები, რადგან კარგად დუღდება ერთმანეთში. ასევეა კანალიზაციის მილების შემთხვევაშიც. არსებობს თხელკედლიანი და სქელკედლიანი მილები. ამის შერჩევას მომხმარებელი ვიზუალურად შეძლებს. თხელკედლიანი კანალიზაციის მილი ხელით მიწოლისას იღუნება. მილი აუცილებლად უნდა იყოს სქელკედლიანი და არ უნდა იღუნებოდეს.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ხარისხის კერამიკული სანტექნიკა
პირველ როგში ფასს უნდა მივაქციოთ ყურადღება. რაც უფრო იაფია მასალა, მით დაბალია ხარისხი. ხარისხიანი კერამიკის ზედაპირი არის გლუვი. როდესაც უნიტაზს ყიდულობთ, აუცილებლად უნდა იყიდოთ წრიული ჩარეცხვით და არა ერთი ადგილიდან ჩარეცხვით. ნორმალური ხარისხის უნიტაზის ფასი იწყება 150 ლარიდან და ხარისხის მიხედვით იზრდება.


შხაპკაბინა, ჯაკუზი თუ აბაზანა
ამის არჩევა გემოვნებიდან გამომდინარე ხდება. შეიძლება გააკეთოთ ამოშენებული საშხაპე, მეორე ვარიანტია შხაპკაბინა. გააჩნია ვისთვის როგორ არის მოსახერხებელი და პრაქტიკული. მე პირადად ჰიგიენური თვალსაზრისით შხაპკაბინას ვანიჭებ უპირატესობას. იგი თეთრია და ზედ კარგად ჩანს ჭუჭყის კვალი. მალევე ხვდები, რომ გასაწმენდია და ადვილადაც იწმინდება. შხაპკაბინა ძირითადად ალუმინის ნაწილებით შედგება და იაფიანიც რომ იყოს, არ იჟანგება. იაფიან დუშკაბინებზეც კი იშვიათად არის პრობლემა. ერთ-ეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება შეექმნას არის კარების რგოლები, რომელიც ადვილად წყდება. თუმცა ეს რგოლები ძალიან ადვილად იშოვება და უპრობლემოდ იცვლება. რა თქმა უნდა, რაც უფრო ძვირიანს იყიდი, უფრო ხარისხიანია, თუმცა ამ ეტაპზე ჩინურები რაც იყიდება 400-500 ლარის ფარგლებში შედარებით ნორმალური ხარისხია და უპრობლემოდ ძლებს რამდენიმე წლის განმავლობაში. რას შეეხება აბაზანებს, მას ბევრი აღარ იყენებს.


როგორ შევარჩიოთ ონკანი
ონკანები არის რამდენიმე ტიპის. ერთჯერადი ონკანები, რომელიც ღირს საშუალოდ 20 ლარი. ამ ონკანს რომ დააყენებ, შეიძლება ერთი წელი გაძლოს, ან ორ-სამ გაღებაზე ხელში შეგრჩეთ. არის ონკანების მეორე კატეგორია, რომელიც ღირს 50-60 ლარი, არის ლატუნის ჩინური ან თურქული ონკანები, ეს შედარებით ნორმალური ონკანებია, მესამე კატეგორია კი არის პრემიუმ კლასის შედარებით პოპულარული ბრენდები. ყველაზე იაფიანი მოდელი ღირს დაახლოებით 165 ლარი. თუ ამ ონკანს დააყენებთ დაივიწყეთ ონკანის შკეთება, რადგან წლები ძლებს. ვიზუალურადაც და პრაქტიკულადაც ბევრად ხარისხიანია, ვიდრე სხვა დანარჩენი.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები