ზაალ ჩიქობავას ეკლექტური სახლი - 1830 წლით დათარიღებული სკამით და "ლუდოვიკოს" საძინებლით

კლასიკური, სადა, დახვეწილი, გემოვნებიანი _ ასეთია სახლი, სადაც მსახიობი ზაალ ჩიქობავა ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს. დიასახლისის – თათია სვანიძის ხელი თითოეულ დეტალს ეტყობა. სანათები, ყვავილები და ულამაზესი დეკორატიული ნივთები ბინას კომფორტსა და სიმყუდროვეს ჰმატებს.
- ეს კორპუსი ადრე ცირკის სასტუმრო იყო, მაგრამ ქვეყანა რომ აირია, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდა. ჩვენ აქ 8 წლის წინ გადმოვედით. რემონტი მე და ზაალმა, ერთობლივად, ჩვენი გემოვნებითა და დიზაინით გავაკეთეთ. ბევრ კაცს ეზარება, მაგრამ ზაალს ძალიან მოსწონს საოჯახო საქმეებში ჩართვა და სახლისთვის ნივთების შეძენა.

ერთი შეხედვით ბინა კლასიკურ

სტილშია მოწყობილი, თუმცა ბოლომდე კლასიკური არაა ჩვენი სახლი, ეკლექტურია, რადგან სამზარეულოში უფრო აზიური სტილია, ბავშვების საძინებელი თანამედროვეა, ჩვენი კი _ ძველებური. "

 

ზაალისა და თათას საძინებელი მართლაც ულამაზესია. რუხი კედლების ფონზე, თეთრი გარნიტური მართლაც დიდებულად გამოიყურება.
- მინდოდა, არასტანდარტული და არათანამედროვე საძინებელი გვქონოდა. ეს გახლავთ `ლუდოვიკოს~ პირველი `გამოშვება~, მერე და მერე შემოვიდა "გაბანტული" ჩუქურთმებით. სხვათა შორის, ამ საძინებლის ყიდვაში გუგა კოტეტიშვილი დაგვეხმარა. რომ ვნახე, გავგიჟდი, ისე მომეწონა, რესტავრაცია გავაკეთებინე, ფერიც სხვა ჰქონდა, უფრო ყვითელი იყო. საბოლოო ჯამში ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. რაც მთავარია, ჯანმრთელია, იმიტომ, რომ ნატურალური ხეა.


როცა სამოგზაუროდ მივდივარ, ყოველთვის მომაქვს რაიმე სამახსოვრო ნივთი და რაღა თქმა უნდა, ყველა მათგანს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მახსენებს იმ კონკრეტულ მოგზაურობას, დღეს და ა.შ. ყოველთვის დახუნძლული ვბრუნდები ხოლმე შინ.
ჩემთვის ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, უბრალო წვრილმანსაც შეუძლია, თავისი ხიბლი შეიტანოს ინტერიერში, დიზაინში, ჩაცმულობაში და ა.შ. " - ამბობს თათა, რომელმაც "შინის" მკითხველს სახლი დეტალურად დაათვალიერებინა და არაერთი საოცარი ნივთი უჩვენა.

ამ ყველაფრის ამსახველ ფოტორეპორტაჟს ჟურნალ "შინის" გაზაფხულის ნომერში იხილავთ.

კომენტარები

შორენა 2018-12-27 22:43
2017 წლის ნომრის სტატიებს და ფოტოებს კი უნდა ხსნიდეს წესით,უცნაური მიდგომაა

კომენტარის დამატება