"ნახატის გარეშე არ იქმნება იდეალური ჰარმონია ინტერიერში" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინაში მოღვაწე ქართველ მხატვართან

"მსურს, ჩემი ნამუშევრები მნახველს ზეიმის, დღესასწაულის შეგრძნებას უქმნიდეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ სასტიკ და დისჰარმონიულ სამყაროში”, - ამბობს უცხოური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მცხოვრები ქართველი მხატვარი დავით მარტიაშვილი და სწორედ ამ რამდენიმე სიტყვით ხსნის საკუთარი შემოქმედების წარმატების საიდუმლოს.

დავით მარტიაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დაიწყო განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვთა ხელოვნების სკოლაში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაგრძელდა, მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად მხატვარი ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს უკრაინაში და მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პრესაში უკვე არაერთხელ
გაიჟღერა მისმა სახელმა, ქართველი მკითხველისთვის იგი პირველად იძლევა ინტერვიუს.



- შემთხვევით არ აგირჩევიათ თქვენი პროფესია, როგორც ვიცი, მხატვართა მესამე თაობას განეკუთვნებით. იქნებ, ორი სიტყვით მოგვითხროთ თქვენს წინაპრებზე?
- მხატვრობას, როგორც პროფესიას, ადამიანი ვერ დაეუფლება და ვერც ამოირჩევს, თუკი ღვთისგან ნაბოძები ნიჭი არ აქვს. მე ბავშვობიდან ვხატავდი და ამას ჩემს წინაპრებს ვუმადლი; ხატავდა ბებია, მამის მხრიდან, მისთვის ეს უბრალო გატაცება იყო, ხატავდა და დღესაც ხატავს მამა, პროფესიონალი მხატვარი - ვახტანგ მარტიაშვილი. სწორედ მამას ვუმადლი ჩემს შემოქმედებით სწრაფვას და თავს მხატვართა მესამე თაობად მივიჩნევ.

- როდის გაემგზავრეთ უკრაინაში და რატომ შეარჩიეთ ეს ქვეყანა?
- უკრაინაში 2007 წელს გავემგზავრეთ მე და ჩემი ძმა ზურაბ მარტიაშვილი, ისიც მხატვარია. როდესაც პირველად მიემგზავრები უცხო ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია ენის ცოდნა. მით უმეტეს, როცა არავინ გელოდება და გინდა, წარმატებას მიაღწიო საკუთარ პროფესიაში. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ უკრაინა - ენას ვფლობდით კარგად და ქვეყანაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო.



- რა სირთულეების გადალახვა დაგჭირდათ უცხო ქვეყანაში მოღვაწეობის დაწყების შემდეგ?
- სირთულე ბევრი მქონდა, ძნელია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, სადაც არ გიცნობენ, როგორც მხატვარს და თავადაც საკმაოდ ძლიერი სამხატვრო სკოლა აქვთ და ბევრი კარგი მხატვარიც ჰყავთ. ძნელია მათ ფონზე გამოჩნდე უცნობი მხატვარი, რომლისთვისაც უცხოა ყველაფერი - იმ ქვეყნის მიწა, წყალი, ჰაერი, ხალხი, საზოგადოებრივი ურთიერთობები. სირთულეები შეგვექმნა ნამუშევრების რეალიზაციასთან დაკავშირებითაც, ერთი სიტყვით, თავიდან, იმდენად გაგვიჭირდა, რომ კინაღამ საქართველოში დავბრუნდით. წამოსვლის წინა დღეს რაღაცამ შეგვაჩერა და დავრჩით კიევში, რათა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი ადგილიც იყო იმ დიდ სახელოვნებო სივრცეში.

ათწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მე და ჩემმა ძმამ შეუძლებელი შევძელით და წარმატებასაც მივაღწიეთ: ბევრს ვხატავდით, ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებასა თუ გამოფენაში, არც ერთი წუთით არ ვჩერდებოდით, მუდამ ახალ საფეხურზე ავდიოდით. რამაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია და რაც მეტად მნიშვნელოვანია მხატვრის წარმატებული საქმიანობისათვის, - ეს არის ინდივიდუალიზმი, მხატვარი ყოველთვის უნდა ეცადოს, მიაგნოს საკუთარ ხელწერას, შესრულების მანერას, სტილსა და მიმართულებას, თუ ეს ყველაფერი გაქვს, შენი ნამუშევრები ყოველთვის იქნება განსხვავებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დიდი შრომით, და ხელოვნების სიყვარულით მართლაც მივაღწიე საზოგადოებრივ აღიარებას. ქვეყანაში, სადაც ერთ დროს არავინ მელოდა, დღეს კარგად მიცნობენ. დიახ, დღეს კარგად მიცნობენ ჩემს საყვარელ უკრაინაში და მეტ-ნაკლებად მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.



- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ თქვენი ნამუშევრები სადღესასწაულო განწყობას უნდა უქმნიდეს მნახველს, როგორ აღწევთ ამ ეფექტს?
- პირადად ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია განწყობა და ხასიათი, რომელსაც ნამუშევარი ქმნის. ამიტომ ვთვლი, რომ ნახატი დადებითი ენერგიით უნდა იყოს დამუხტული, ცოცხალი ფერებითა და შინაარსით ამხიარულებდეს და აბედნიერებდეს მნახველს. ჩემი მიზანია, მნახველს მხოლოდ დადებითი ემოციები გავუზიარო, ამაღლებულ ხასიათზე დავაყენო, გავამხიარულო და გავაბედნიერო.

- როგორ განსაზღვრავთ თემატიკას, ანუ რა თემატიკაა თქვენთვის უფრო საინტერესო და აქტუალური?
- ჩემთვის ყოველთვის საინტერესო და აქტუალურია ჩემი საყვარელი თბილისი - ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საინტერესოა როგორც კომპოზიციურად, ასევე არქიტექტურულად, განუმეორებელი სილამაზით, ისტორიით, სიძველითა და თავისი კოლორიტით. ყველა მხატვარი თავისებურად ხატავს თბილისს, საკუთარი ხელწერითა და ხედვით, თუმცა ყველაზე რთული ხასიათის დაჭერა და გადმოცემაა. მე პირადად ჩემი ძველი თბილისი მაქვს, ჩემი სტილით, ხასიათითა და განყწობით, ხოლო რამდენად შევძელი ამ სილამაზისა და სითბოს გადმოცემა, რომელსაც განვიცდიდი ხატვის დროს, უკვე მნახველმა განსაჯოს.


- საერთაშორისო პრესაში თქვენ მკვეთრად ქართული ხასიათის მქონე მხატვრად მოგიხსენიებენ, რას თვლით ამის მიზეზად?
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია უკრაინაში ვარ, არასოდეს დამიკარგავს ჩემი ქვეყნის სიყვარული და პატივისცემა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველა ჩემი ნამუშევარი საქართველოს უკავშირდება. ძალიან მიყვარს უკრაინა, მაგრამ საქართველო არასოდეს ტოვებს ჩემს გულსა და ცნობიერებას, ალბათ სწორედ ამიტომ მომიხსენიებენ ქართული ხასიათის მატარებელ მხატვრად. თუ ადამიანს არ უყვარს სამშობლო და საკუთარი ერი, იგი ვერც სხვას შეიყვარებს და ვერც ვერავის პატივისცემას დაიმსახურებს. უახლოეს მომავალში ვაპირებ შევქმნა კომპოზიციები უკრაინულ თემატიკაზეც, რადგან ერთგვარად, ვალდებულადაც კი ვგრძნობ თავს ამ სტუმართმოყვარე და ღირსეული ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

- თქვენს გვერდზე ხშირად ვხვდებით ფოტოებს, თუ როგორ უთავსდება და უხდება თქვენი ნახატები ინტერიერს. საერთოდ, რა დატვირთვა ენიჭება ნახატს ინტერიერის დიზაინში?
- ნახატს დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ინტერიერში. თუ ინტერიერის დიზაინი იდეალურად არის შესრულებული, დავუშვათ, ფერებია კარგად შერჩეული, ავეჯიც სწორადაა განლაგებული და ა.შ., მაგრამ კედლებზე ნახატები არ კიდია, ამგვარ ინტერიერში ყოველთვის იგრძნობა სიცარიელე და უსულობა. ჩემი აზრით, ნახატის გარეშე არ იქმნება იდეალური ჰარმონია, მეტსაც გეტყვით, ინტერიერის დიზაინში ნახატი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს და ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.



- ინტერიერის დიზაინზეც ხომ არ მუშაობთ? საინტერესოა, თავად როგორი ინტერიერი მოგწონთ?
- ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ჩემი ძმა მუშაობს და საკმაოდ კარგი დიზაინერიცაა, თბილისში მოღვაწეობს და ორიგინალურ, საავტორო ნამუშევრებს ქმნის. პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ კლასიკას, ძალიან მომწონს პროვანსი, რადგან ინტერიერი თბილ ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო ავეჯი - რეტრო სტილშია, იგრძნობა სითბო და სიმყუდროვე, რაც კარგ განწყობას მიქმნის. თანამედროვეობაში კი ძალიან აქტუალურია მინიმალიზმი, რომელიც პროვანსთან შედარებით უფრო ცივია, ამ სტილში შესრულებული ინტერიერისგან ცოტა კოსმიური გრძნობა გეუფლება. რაც შეეხება ჩემს ნახატებს, მათ ინტერიერის დიზაინის სტილის მიხედვით შეხამება პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან ნახატებში მოქმედება ხდება 60-80-იან წლებში, მაგრამ შესრულების სტილი არის თანამედროვე, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ინტერიერს უხდება, რენესანსიდან დაწყებული – მინიმალიზმით დამთავრებული.

ინტერიერზე საუბრისას გამახსენდა დავით მარტიაშვილის სიტყვები, რომელიც მან უცხოურ პრესაში გააჟღერა: "ჩემი ნახატები, რომლებიც ბავშვის ოთახში იქნება განთავსებული, უნდა ასრულებდეს იმ უმთავრეს დატვირთვას, რომელიც მსურს პატარებს მივანიჭო. და თუ მათი წყალობით ბავშვებს ბედნიერებას მივანიჭებ, ხოლო უფროსები უფრო კეთილები გახდებიან, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე...”

თეა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება