როგორია იდეალური ბინის საახალწლო ინტერიერი


ახალი წლის დღესასწაულები ყველა ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინთან ასოცირდება. ამ დროს განვლილი წლის მოვლენებს ვაჯამებთ, მადლობას ვუხდით წარსულს და მომავალზე დიდ იმედს ვამყარებთ.

ზოგისთვის ახალი წელი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია და ნაძვის ხის აწყობასა და საახალწლო მელოდიების მოსმენას ოქტომბრიდან იწყებს, ზოგს კი ეზარება, არ უყვარს ან არ მოსწონს ნაძვის ხის გაწყობა თუ ოფისში საიდუმლო სანტას თამაში.

ეს სტატია ახალი წლის მოყვარულებისთვისაა, მათთვის, ვისაც სჯერა, რომ It’s the most wonderful time of the year. არ აქვს მნიშვნელობა საკუთარ სახლში ცხოვრობთ, თუ ნაქირავებში, იქნებ
წინასადღესასწაულო პერიოდში სახლის ძებნის პერიოდში ხართ?! თუ ასეა, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა იპოვოთ სასურველი ბინა მალე და როგორ უნდა გაატაროთ ეს დღეები უკვე თქვენს სახლში, ამისთვის არსებობს საიტი: www.bina24.ge . რამხელა ნაძვის ხის დადგმა გსურთ სახლში, რამდენი ფანჯარა გჭირდებათ გირლიანდების ჩამოსაკიდებლად და სხვა დეტალები ფილტრში მიუთითეთ, დანარჩენზე პლატფორმა თავად იზრუნებს. Thanks me later.

მოკლედ, არ არსებობს უკეთესი გზა განწყობის შესაქმნელად, ვიდრე სახლის სადღესასწაულოდ მოწყობაა. სივრცის გაფორმება არა მხოლოდ სადღესასწაულო მაგიას ავრცელებს, არამედ ქმნის თბილ, მყუდრო, მიმზიდველ ატმოსფეროს, მეტიც, აახლოებს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ამ სახლის მკვიდრებსა და მათ სტუმრებს საუკეთესო დღეებს ჩუქნის. სახლის საახალწლოდ მოწყობას ხშირად დიდი დანახარჯები კი არა, მეტი კრეატივი და მონდომება სჭირდება, ამ სტატიაში ვეცდებით რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ, რითიც თქვენი სახლი შეიძლება უფრო ბრჭყვიალა გახადოთ.

დაიწყე სადღესასწაულო თემატიკისა და ფერების არჩევით:
სანამ უშუალოდ მორთვაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, წინასწარ წარმოვისახოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ. სად და რა ზომის ნაძვს ვდგამთ, რა ფერის უნდა იყოს განათებები: თბილი, ცივი ნათებით თუ ფერადი და ა.შ..
ფერებში არჩევანი დიდია: კლასიკური წითელისა და მწვანეს კომბინაცია, ელეგანტური ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, თეთრი ან არასტანდარტული ნებისმიერი სხვა ფერი.

როგორც დიზაინერები გაუწყებენ, 2024 წელს ნაძვის ხეებზე ტრენდული მინიმალისტური თემის არჩევა იქნება. გვირჩევენ, შევარჩიოთთ რბილი ნეიტრალური ან კლასიკური მეტალის ფერების პალიტრა, როგორიცაა ოქროსფერი და ვერცხლისფერი.
მაგრამ ლამაზი და კარგი ხომ ისაა, რაც შენს შინაგან განწყობებს წარმოადგენს?!

ამიტომთემატიკის შერჩევისას იფიქრეთ თქვენსა და ოჯახის წევრების ინტერესებზე, გიყვართ მანქანები, მუსიკა თუ რა არის თქვენი გატაცება თუ ბავშვები გყავთ, გამოიყენეთ სათამაშოების თემატიკა, ან ტკბილეულის. გახსოვდეთ, მთავარია იდეა და შეიძლება ზედმეტი დანახარჯების გარეშეც ნამდვილი საშობაო ზღაპარი შექმნათ და თან ამ პროცესში მთელი ოჯახი ჩაერთოთ, რაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ყველასთვის. შეიძლება, ეს პროცესი საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანიც კი იყოს.

არ დაგავიწყდეთ სახლის კარზე სადღესასწაულო გვირგვინის დაკიდება
განწყობის შექმნა ზღურბლიდან და სახლის კარიდან იწყება, ამიტომ მიესალმეთ სტუმრებს სადღესასწაულო ელფერით, შეამკეთ თქვენი შესასვლელი კარი საშობაო გვირგვინით. გვირგვინი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ. მცირე კრეატიულობა და იუთუბი საუკეთესო საშობაო გვირგვინს შექმნის. ასევე დაგჭირდებათ ნაძვის რამდენიმე ტოტი, გირჩები, ეს ყველაფერი ყველა გვირგვინის ბაზისია, დანარჩენი კი თქვენს თემატიკაზე, შრომასა და სურვილებზეა დამოკიდებული.

მისი აღმატებულება საახალწლო ციმციმები
ის, რაშიც თავი არ უნდა დაზოგოთ საახალწლო განათებებია, რადგან ის სული, რომელსაც ყველა გრძნობს, სწორედ მათ შემოაქვთ. შეიძლება მხოლოდ განათებებიც კი აღმოჩნდეს საკმარისი სილამაზის შესაქმნელად. ნაძვის ხეზე თუ კედელზე, ფარდაზე, განათებების ლამაზად დამაგრებას დიდი ნერვები სჭირდება, ამიტომ მზად იყავით. განათებების დამაგრება ნაძვის ხის გარდა, შეგიძლიათ სხვა სახლის მცენარეებზეც.


ბატარეებზე მომუშავე განათებები მშვენივრად მოუხდება კარის გვირგვინსაც და ასე სტუმრებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ.

ნაძვის ხე - ახალი წლის მთავარი დეკორაცია
როგორი ნაძვი გირჩევნიათ? ხელოვნური თუ ნატურალური?! ბოლო ტენდენციებით, ნატურალური ნაძვის ხე მოდაში ბრუნდება. რატომ მოგვწონს ბუნებრივი ნაძვი? პირველი მიზეზი, რატომაც აღგვაფრთოვანებს ისაა, ბუნებრივობაა, რაც ნიშნავს არაიდეალურ ტოტებს, ნაკლებ სიმეტრიას, მაგრამ მეტ სილამაზეს. კარგი, მეორე?! მეორე ისაა, რომ ამ ნაძვს ნაძვის სუნი აქვს და არაფერს ისეთი თბილი განწყობის შექმნა არ შეუძლია, როგორიც ამ სურნელს.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ნაძვის ხეზე გააკეთებთ არჩევანს, ჩვენ რომლის მხარესაც ვართ ცალსახაა, მთავარია, მისი ზომა და დიზაინი თქვენი სახლის გაბარიტებს შეუსაბამოთ. მორთეთ ნაძვის ხე ოჯახთან ერთად, შეგიძლიათ თავად დაამზადოთ სათამაშოები, შეიძლება, ეს უფრო გასართობიც კი აღმოჩნდეს. გამოიყენეთ ე.წ. წვიმები, რომელიც წელს ძალიან ტრენდულია. თუ თქვენს რელიქვიებში ბევრი საბჭოთა სათამაშოა, გამოიყენეთ ისინიც და მიჰყევით ტრენდებს, რატომაც არა?! შექმენით თქვენი რეტრო სტილის ნაძვი.

მორთვა ფანჯრებსა და ტექსტილსაც უნდა
არ დაგავიწყდეთ ფანჯრებისა და კარებისთვის სადღესასწაულო შტრიხების დამატება. ჩამოკიდეთ განათებები ფარდებთან ერთად, გამოიყენეთ თოვლის სპრეი და მორთეთ ფანჯრის მინებიც, ან გამოჭერით ფიფქები ბავშვებთან ერთად და ამით გაალამაზეთ ისინი.
ასევე, შეგიძლიათ სახლში სითბო სადღესასწაულო პლედებით, ბალიშებით, მაგიდის გადასაფარებლებითაც შეიტანოთ. წინასწარ იფიქრეთ საახალწლო ხელსახოცებზე, რომლებიც უზომოდ დაამშვენებენ თქვენს სუფრას, ასევე ამ დღეებს ჭურჭელიც განსხვავებული შეეფერება.
პ.ს. არ დაგავიწყდეთ სადღესასწაულო სანთლები, არაფერი ისე არ უხდება საშობაო, საახალწლო, საძველითახალწლო სუფრას, როგორც აჩახჩახებული სანთლები.

შექმენით საშობაო სოფელი
რა გვახსენდება ამერიკული, ჰოლივუდური საშობაო ფილმებიდან? თავიდან ფეხებამდე მორთული პატარა სახლები, Christmas Carol პატარა ქალაქის თეატრებში და ულამაზესი საშობაო სოფლები ნაძვის ხეების გვერდით, რომელიც შეიძლება მთავარი მოქმედი გმირის ოჯახის რელიქვიაც კი იყოს.
საშობაო სოფლის შენებას რა უნდა?!
შეაგროვეთ მინიატურული სახლები, ხეები და ფიგურები სადღესასწაულო სცენის შესაქმნელად. დაამატეთ ბატარეით მომუშავე LED ნათურები, რათა შექმნათ ჯადოსნური ბზინვარება, რომელიც მოხიბლავთ როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს.
ჯინჯერის ორცხობილები
ჯინჯერის ორცხობილების გამოცხობა იდეალური სადღესასწაულო ტრადიციაა. რამდენიმე მიზეზის გამო:
1. ოჯახის საერთო საქმე და შეჯიბრი, ვინ უკეთესად მორთავს ან გამოაცხობს ორცხობილას ყველა ბავშვს მოსწონს, ბავშვს კი არა უფროსებსაც.
2. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ჯინჯერის ორცხობილებითა და გამომშრალი ფორთოხლის ნაჭრებით ნაძვის მორთვაც შეიძლება.
3. ჯინჯერის ორცხობილის სუნი ისაა, რასაც სხვა დანარჩენთან ერთად ახალი წელი მოჰყავს.

თუ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი რეცეპტი, რომლითაც ორცხობილები უნდა გამოაცხოთ, ჩვენ ჩვენს ვერსიას გთავაზობთ. პრინციპში ეს კლასიკური რეცეპტი ყველას მოსწონს, თქვენც სცადეთ:

დაგვჭირდება: 100 გრამი კარაქი, 50 გრამი შაქარი, 200 გრამი თაფლი, 230 გრამი ფქვილი, ერთი მწიკვი სოდა, დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი.
აისინგისთვის: 2 ცალი კვერცხის ცილა, 400 გრამი შაქრის ფხვნილი.

მომზადების წესი:
ჩართეთ საშობაო მუსიკა და დაიწყეთ: პირველი საფეხური დარბილებული კარაქის, შაქრის და თაფლის ერთმანეთში არევაა. მასას შემდეგ ემატება ფქვილი, მწიკვი სოდა, დარიჩინი და ჯანჯაფილის ფხვნილი.
ცომის მასა უნდა მოვზილოთ, ისევე, როგორც ყველა ცომს, მასაც განსაკუთრებული მოპყრობა სიყვარული და მხიარულება სჭირდება. სითბო?! სითბო არა, მოზელვის შემდეგ, იგი ნახევარი საათით მაცივარში უნდა დავაყოვნოთ.
ახლა კი ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი იწყება, სასურველი ფორმების ამოჭრა, თუმცა სანამ აქამდე მივალთ, ცომი კარგად უნდა დავაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ და შემდეგ კი ამოვჭრათ სასურველი ფორმები.
ჯინჯერის ორცხობილები ცხვება კარგად გაცხელებულ ღუმელში, 170 გრადუსზე, 7-12 წუთის განმავლობაში.
იმისთვის რომ ბავშვები კიდევ უფრო მეტად გაერთონ, ჯინჯერბრედები კი უფრო ლამაზი გამოვიდეს, დაგვჭირდება „აისინგი“, რომლის მოსამზადებლად საჭიროა კვერცხის ცილა და შაქრის ფხვნილი ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ფერადი აისინგისთვის საკვების საღებავის დამატება სრულიათ საკმარისია.
თქვენი სახლის საახალწლოდ აჩახჩახება და მორთვა სულაც არ არის რთული ამოცანა. იმ რჩევებით, რომელიც სტატიაში იყო მოცემული და თქვენი ფანტაზიით, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ შექმნათ მიმზიდველი სადღესასწაულო სივრცე, რომელიც საკუთარ მაგიას ატარებს. ეცადეთ, აქაც კი საკუთარი თავი გამოხატოთ. როგორც არ უნდა მორთოტ სახლი, გახსოვდეთ, ახალი წელი არა საუკეთესო განათებებს, დეკორაციებს, გირლიანდებს მოჰყავთ, არამედ ოჯახურ გარემოს, სითბოს მოჰყავს. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები