როგორ შეიძლება შევცვალოთ ოთახის ფართობი შპალერის დახმარებით

საკუთარი კუთხე ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა, თუმცა ყოველთვის როდი ხერხდება ლამაზი და ფართო ბინის შეძენა. ჩვენ გადავწყვიტეთ, წამყვან დიაინერებთან შეგვეჯერებინა მთავარი პრინციპი, თუ როგორ შეიძლება ფართობის გაზრდა. ამ რჩევების გათვალისწინებით კვადრატული მეტრების მომატებას, რა თქმა უნდა, ვერ შეგპირდებით, თუმცა თქვენი ბინის ვიზუალურად გაფართოვებას ნამდვილად მოვახერხებთ.

ოთახის ვიზუალურად გასაფართოვებლად ყველაზე ეფექტური მეთოდი კედლის შპალერია. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სპეციალისტები ერთტონიანი ღია შპალერის უბრალო, ფუნქციონალურ ავეჯთან შეხამებას გვირჩევენ. ნუ გადატვირთავთ სახლს.



შპალერი ვიწრო ოთახისთვის

ვიწრო, გრძელი ოთახის ვიზუალურად გაზრდა კომბინირებული შპალერის საშუალებით არის შესაძლებელი. გრძელი
კედლები ღია ფერებით ფორმდება, რომელიც სივრცეს მეტ მოცულობას ანიჭებს, მოკლე კედლები კი ერთმანეთს უნდა დავუახლოვოთ. ამისათვის ერთ-ერთი მოკლე კედელი შედარებით მუქი ფერის უნდა იყოს. ამ შემთხვევაში უნდა ითამაშოთ კონტრასტზე, ერთ კედლეზე გააკარით მცირე ზომის ნახატიანი შპალერი, მეორეზე კი შედარებით დიდი ზომის ნახატიანი. დიდი ზომის ნახატები, კონტრასტული ფერები სივრცეს ჭამს, მაგრამ ვიწრო ოთახის შემთხვევაში ეს პირიქით მუშაობს.

იმისათვის რომ უფრო დიდი გაბარიტების გამოჩნდეს ვიწრო ოთახი საკამოდ მაღალი ჭერით, დიზაინერები ერთ ხრიკს გვთავაზობენ - შპალერის გაკვრა ჭერიდან 20-30 სმ-ს დაშორებით უნდა დაიწყოთ. ამ შემთხვევაში ჭერი დაბლა იწევს და ოთახი უფრო ფართო ჩანს.



როგორ ავწიოთ დაბალი ჭერი
ეს საპირისპირო პრობლემა გახლავთ - როგორ ავწიოთ ჭერი. ამ შემთხვევაში დახმარებას ვერტიკალურად განლაგებული ნახატებიანი შალერი გაგიწევთ. ასეთი შპალერი კედლეს უფრო მაღალს აჩენს და შესაბამისად ჭერიც უფრო მაღალი გამოჩნდება. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ საკმაოდ ორიგინალურ იდეას და ჭერში ცის ეფექტის მქონე ფოტოშპალერი გააკრათ. ასეთი ნახატი უსასრულობის ეფექტს იძლევა და ოთახიც, რა თქმა უნდა, უფრო დიდი და მაღალი მოჩანს.



შპალერი ბნელი ოთახისთვის

თუ თქვენი ოთახი სინათლის დეფიციტს განიცდის, დაამატეთ ხელოვნური განათებები, იქნება ეს ბრა თუ ნათურა, მაგრამ გირჩევთ უარი თქვათ მასიურ ჭაღზე. ბევრი ნივთი ოთახს ისედაც აპატარავებს, ასე რომ, რაც უფრო ცოტა ნივთია ოთახში, მით მეტია სივრცე. ბნელი ოთახისთვის აუცილებლად ღია ფერის შპალერი უნდა შეარჩიოთ. ასეთ ოთახებს ყველაზე მეტად თბილი, მოყვითალო ფერი უხდება.



პატარა კვადრატული ოთახი

კვადრატული ოთახის ვიზუალურად გადიდება მისი სიგანეში გაზრდის ხარჯზეა შესაძლებელი. საამისოდ შედარებით ღია ფერის შპალერის გაკვრას გირჩევთ ფანჯრის საპირისპირო კედელზე.

კიდევ ერთი რჩევა დიზაინირებისგან, იმისათვის რომ ოთახი უფრო გრძელი გამოჩნდეს, ყველაზე შორეულ კუთხეში რამე მკვეთრი ფერის ნივთი მოათავსეთ. ეს ნივთი შეიძლება იყოს ლარნაკი, იასამნისფერი ბალიში, ნებისმიერი რამ, მთავარია, რომ მან მიიპყროს ყურადღება. ან შეიძლება, იყოს ლამაზი და ოთახზე მორგებული ფოტოშპალერი.

კომენტარის დამატება