"არ მიყვარს ვინტაჟური სტილი, რადგან ეს ჩემთვის ტყუილია" - არქიტექტორ-დიზაინერის საინტერესო რჩევები და შეფასებები

დამეთანხმებით არ არის ადვილია ისე დააპროექტო სახლი, შეარჩიო დიზაინი, რომ პრაქტიკულიც იყოს, ფუნქციურიც და ამავე დროს ვიზუალური მხარითაც გამოირჩეოდეს. ნათია ლეკვეიშვილი არქიტექტორ-დიზაინერია. ნათია გვესაუბრა, რა არის ყველაზე პოპულარული საქართველოში, ინტერიერში რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ადამიანები, რა ფერებია მოდური და ამავე დროს საინტერესო რჩევები გაგვიზიარა.

- 2007 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მედიახელოვნების ფაკულტეტზეю ხოლო 2008 წელს გადავედი საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. დღეს კი გახლავართ საერთაშორისო დიზაინის სკოლის მაგისტრის სტუდენტი. სამუშაო გამოცდილება საბედნიეროდ იმაზე ადრე იწყება ვიდრე
უნივერისტეტში ჩაბარება, რადგან ორივე მშობელი არქიტექტორი მყავს ბავშვობიდან ამ სფეროში მიწევდა ყოფნა და ამავე პროფესიის ხალხთან ურთიერთობა.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური სიმყუდროვისთვის გემოვნებით მოწყობილი, დახვეწილი სახლი?
- სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს, თუმცა ხშირად არასწორი დაგეგმარებისა თუ იდეის განხორციელების გამო (ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრი წყვეტს ყველა დანარჩენის ნაცვლად მთლიანად სახლის მოწყობა დაგეგმარებას) გაუცნობიერებლად სახლი კარგავს კომფორტის სტატუსს და ხდება მხოლოდ ღამის გასათენებელი ადგილი. ჩემი პირადი აზრით, სწორ კონცეფციაზე და დახვეწილ დიზაინზე აწყობილი სახლი უკვე განსაზღვრავს ამ ოჯახის სოციალურ სტატუს.

- რატომ გადაწყვიტეთ თქვენც ამ სფეროში გეცადათ ძალები?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, მშობლების პროფესიიდან გამომდინარე საბედნიეროდ ბავშვობიდან მხოლო ამ სფეროში მომიწია ყოფნა. როდესაც ბავშვები ეზოში თამაშობდნენ მე და ჩემი და-ძმა მამას არქიტექტურულ ოფისში ვატარებდით საკმაოდ საინტერესოდ დროს. ასე რომ, როცა პროფესიის არჩევის დროც დადგა, ბევრი ფიქრი ნამდვილად არ დამიწყია, თუ რაზე ჩამებარებინა.

- როგორ იწყებთ სახლის პროექტზე მუშაობას, სტანდარტული მიდგომა ხომ არ გაქვთ?
- ვერ ვიტყვი, რომ სტანდარტული მიდგომა მაქვს, იმის და მიუხედავად, რომ არჩეული სტილი და ხედვა მაქვს. ყველა დამკვეთთან საჭიროა ინდივიდუალურად მუშაობა. შეიძლება რომელიმე მასალა ან განათების ელემენტი ხშირად გამოვიყენო სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ისევ გავიმეორებ ყველა პროექტი მაინც ინდივიდუალურია.

- დღეს რა სტილის სახლებია მოდაში, როგორი დიზაინია აქტუალური? თანამედროვე ტენდეციებზე მოგვიყევით...
- ცოტა რთული შეკითხვაა, რადგან დღეს უამრავი სტილი არსებობს, დაწყებული კლასიკური, როკოკო-ბაროკოთი და დამთავრებული მინიმალიზმით. პირადად ჩემი და ჩემი ფირმის შემთხვევაში კონკრეტული მიმართულება გვაქვს აღებული, რომელიც ამ საუკუნის წამყვანი არქიტექტორების შთაგონებით და კვლევებზე დამოკიდებულებით მივიღეთ. მაგალიტად პიტერ ცუმტორი, რემ კულ ჰაასი, ფილიპ სტარკი და ა.შ. განსაკუთრებულად არ მიყვარს ეგრეთ წოდებული ვინტაჟური სტილი, რადგან ეს ჩემთვის ტყუილია. ამ საუკუნეში როცა ცხოვრობ, როდესაც ტექნოლოგიური და მასალების ბუმია, ვითომ დაძველებული ხით, განსაკუთრებით საცხოვრებელი სახლის შელამაზება ჩემთვის მიუღებელია.

- რა ფერებია დღეს მოდური?
- რაც შეეხება ფერებს, საკმაოდ რთული თემაა, ოდნავი ტონი ან დამატებით სხვა ფერის ინტერიერში შემოტანამ შეიძლება სრული ქაოსი შექმნას, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ასე კონკრეტულად დასახელება, რომელი ფერია მოდაში შეუძლებელია, ვინაიდან ყველა ობიექტს თავისი ფერი და მასალა სჭირდება, იქნება ეს კაფე, სასტუმრო თუ საცხოვრებელი სახლი.

- თუ დამკვეთის და თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს, მაინც ასრულებთ მის დაკვეთას?
- არა, საკმაოდ ხშირად გვითქვამს უარი ბევრ ისეთ პროექტზე, სადაც ვხედავთ, რომ სრულიად სხვა ენაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში სტილს ვგულისხმობ.

- ინტერიერის დიზაინში, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ადამიანები?

- მთავარი შეცდომაა ინტერნეტში მოპოვებული სხვადასხვა ფოტოები, ამ საქმის არცოდნა. ძირითადად სხვადასხვა სტილის, ფერის, განათების მქონე ფოტოებს პოულობენ და მერე ერთ სივრცეში უყრიან თავს, ეს არის კოშმარი!

- ალბათ არაერთი შენობა დააპროექტეთ, მათ შორის არასაცხოვრებელიც. რით განსხვავდება სახლის დიზაინი სხვა შენობებისაგან?
- ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ სახლი არის ის ადგილი, სადაც ადამიანს ექმნება დაცულობის შეგრძნება, სადაც გააჩნია სრული ინტიმური სივრცე. ხოლო სხვა საჯარო სივრცეები ამის საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ სრულიად განსხვავდება ამ სივრცეების ფსიქოლოგია ერთმანეთისგან, რაც შემდეგ უკვე განაპირობებს მათ სრულიად სხვადასხვანაირად დაგეგმარებასა და დიზაინს

- ყველაზე აქტუალური და ამავე დროს პრობლემური თემა მომხმარებლისთვის პატარა სივრცეა. როგორ აპროექტებთ მცირე ზომის ბინას, რომ სივრცეც გამოჩნდეს და ამავე დროს კომფორტულიც იყოს?
- ამაზე მარტივი პასუხი შემიძლია გაგცეთ, ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმარება და ფერების სწორად შერჩევა, რომელიც პროფესიონალს უნდა ანდოთ.

- დღეს რა დატვირთვა აქვს დეკორს ინტერიერის დიზაინში? თქვენ თუ ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას დეკორებს?
- უპირატესობას ვანიჭებ კარგ ფერწერულ ტილოს, ან განსაკუთრებული დიზაინის მქონე სანათს. სხვა უბრალოდ მიუღებელია, რადგან მაგალითად კედელზე გაშვებულმა დეკორმა შეიძლება ისეთი ვიზუალური სიმძიმე შექმნას, რომ სრულად გადაფაროს საკმაოდ მაღალი კლასის და დიზაინის ავეჯი.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ძალებით მოაწყონ ბინა მოდურადაც და კომფორტულადაც?
- ვურჩევ, მაინც გაიარონ კონსულტაცია კვალიფიციურ დიზაინერებთან. დიზაინი არ არის ამ კედლის ფერი, რომელიც ამ იატაკს უხდება, დიზაინი არის კონკრეტულ კონცეფციაზე აგებული სწორი დაგეგმარება და ხორცის შესხმა. ეს არის მრავალწლიანი კვლევების და მუდმივი მუშაობის ფასად მიღებული შედეგი.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები