"სახლში ძირითადად სამი ფერი უნდა დომინირებდეს, სამზე მეტი უკვე ღლის ადამიანს" - გამოცდილი არქიტექტორ-დიზაინერის რჩევები

თამუნა აბულაძე არქიტექტორ-დიზაინერია. სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგისტრატურა კი უფრო ვიწრო სპეციალიზაციით გაიარა და არქიტექტურაში ფერისა და განათების ხელოვნებას დაეუფლა. 4 წლის წინ საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა, მას შემდეგ ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაზე აქტიურად მუშაობს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მონაწილეობს კონკურსებში, ესწრება გამოფენებს, რათა მეტი სიახლე ჩამოიტანოს საქართველოში და განავითაროს როგორც ბიზნესი, ასევე საკუთარი თავი. თამუნას სახლის მოწყობასა და ინტერიერის თანამედროვე ტენდენციებზე ვესაუბრეთ.

- ბავშვობიდან ვხატავ, მამიდა და ბიძა არქიტექტორები მყავს, მათთან სახლში რომ მივდიოდი, მაკეტები ჰქონდათ ხოლმე გამოფენილი და ძალიან
მომწონდა. პატარა ასაკიდან მოყოლებული არქიტექტორობა მინდოდა და ჩავაბარე კიდეც სამხატვრო აკადემიაში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, იმდენად მომწონს, რასაც ვაკეთებ, რომ ამას სამსახურად არც ვთვლი.



- როგორც ყველასთვის, ალბათ თქვენთვისაც პირველი პროექტი, რომელზეც იმუშავეთ, განსაკუთრებულ მღელვარებასთან იყო დაკავშირებული და გამორჩეულად გახსოვთ...

- ჩემი პირველი პროექტი იყო ახლობლისთვის გაკეთებული ინტერიერი, მაშინ ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ძალიან რთული იყო, ვნერვიულობდი, მაგრამ თავი გავართვი. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, არის დეტალები, რასაც შევცვლიდი და სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ ხომ იცით, ყველაფერი გამოცდილებით მოდის (იღიმის).

- რა ხარვეზებს ხვდებით ახალაშენებულ ბინებზე მუშაობისას, რაც შემდეგ დიზაინერს სივრცის თუ სხვა საკითხის დაგეგმვა-დაპროექტებაში ხელს უშლის?

- თუ საქმეს შავი კარკასის მდგომარეობიდან იწყებ, მაშინ ისე გეგმავ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯის გაწევა დასჭირდეს დამკვეთს და პრობლემებიც ნაკლებად გხვდება. თუმცა, როცა რემონტის ფაზაში რთავენ პროფესიონალს, მაშინ გიწევს რაღაცების გადაკეთება ან ხელახლა გაკეთება. რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, არის ის, რომ პატარ-პატარა სივრცეების ხარჯზე ხშირად ოთახების რაოდენობას ზრდიან, მე კი სულ ვცდილობ, რაც შეიძლება გაშლილი სივრცე იყოს ბინაში.

- რა ქმნის სივრცის შეგრძნებას სახლში, გვასწავლეთ ერთგვარი „ხრიკები“, როგორ „გავზარდოთ“ ფართი?

- სივრცის გადიდების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს, ღია ტონალობა სივრცეს უფრო დიდს აჩენს. ასევე ამ მხრივ საყურადღებოა ლამინატის ან პარკეტის დაგების პრინციპი. ბინაში რომ შევდივართ, ლამინატი უნდა იყოს დაგებული არა სიგანეზე, არამედ სიგრძეზე, რომ უფრო გაადიდოს ფართი. ამას გარდა, სივრცის აღსაქმელად კარგი და ლამაზი საშუალებაა სარკეები.

- რა ტენდენციებია ახლა ინტერიერის დიზაინში? რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერის დაგეგმვისას, რომ ჩვენი სახლი მოდური იყოს?



- ახლა ძალიან მოდურია ბუნებრივი ქვის იმიტაციები, მაგალითად, მარმარილოს იმიტაცია კერამიკულ ფილებში, ბეტონის იმიტაცია და უხეშად დამუშავებული კედლები, ხე და ხის ფაქტურა არასდროს გადადის მოდიდან. სხვათა შორის, ამ სეზონზე მუქი ფერები შემოვიდა ინტერიერში, მაგალითად, შავი ფერი სამზარეულოში, რაც ძალიან ლამაზი და ეფექტურია. მართალია მუქი ფერი შედარებით უფრო რთული მოსავლელია, ვიდრე ღია, მაგრამ ეფექტურია.
საერთოდ, სახლში ძირითადად სამი ფერი უნდა დომინირებდეს, სამზე მეტი უკვე ღლის ადამიანს, ეწყება თავის ტკივილი და დისკომფორტი.

- ამჯერად რომელი ახალი აქცენტებია შემოსული მოდაში, რაც თბილისურ ბინებსაც დაეტყო? შეიძლება იყოს ეს ფერთა სიმრავლე, ხელნაკეთი დეკორი, ფარდაგები, თუ სხვა...



- წელს ძალიან მოდურია ხალიჩები. იტალიური ავეჯის გამოფენაზე ვიყავი მოსკოვში და იქ თითქმის ყველგან გამოყენებული იყო ხალიჩები - კედლებზეც და იატაკზეც. ჩვენც გვაქვს ხალიჩების კულტურა და დროა, დავაბრუნოთ ინტერიერში.

- როგორ ფიქრობთ, საქართველო და ქართველი ხალხი ინტერიერის გლობალურ ტენდენციებს რამდენად მიჰყვება?

- ქართველები ძირითადად უფრო სადა, ნაკლებად დატვირთულ ინტერიერს ითხოვენ, დიზაინერებს ჩარჩოებში გვსვამენ და ნაკლებ თავისუფლებას გვაძლევენ, თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, ვინც პირდაპირ ენდობიან ჩვენს გემოვნებას და უნდათ, რომ თუკი რამე მოდური და ტენდენციურია იმ პერიოდისთვის, ყველაფერი გამოიყენო მათ ინტერიერში. სხვათა შორის, ახლა ვმუშაობ ასეთ დამკვეთთან, ვისთანაც არანაირი შეზღუდვა არ მაქვს - არც ფერებზე, არც სტილზე, არც ფაქტურაზე.



- ოჯახის წევრებიდან ძირითადად ქალი უფრო აქტიურია ამ საკითხში თუ მამაკაცი?

- ძირითადად მამაკაცები არიან დამკვეთები და მეუღლეები გვიან ერთვებიან, ყველაზე პრობლემური საკითხი არის ფერების შერჩევა.

- უცხოეთში ყველანაირად ერიდებიან ხელოვნური მასალების, თუნდაც ლამინატის, მეტალოპლასტმასის გამოყენებას. ჩვენთან არ იგრძნობა ხელოვნური მასალის ბუნებრივით ჩანაცვლების ტენდენცია?

- ნაკლებად, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ბუნებრივი მასალები, თუნდაც პარკეტი რომ დააგო, საკმაოდ ძვირი ჯდება და ბევრს არ აქვს ამის ფუფუნება, ამიტომ ლამინატის გამოყენებას არჩევს. სურვილი კი აქვთ, გამოიყენონ ბუნებრივი მასალა, მაგრამ ფინანსები არ აძლევთ საშუალებას. როცა ეკონომიკური მდგომარეობა არაა გადამწყვეტი, მაშინ რასაკვირველია, დამკვეთიც და დიზაინერიც ბუნებრივ მასალას ვანიჭებთ უპირატესობას.

- ბოლო პერიოდში მეტად აქტუალური სტუდიო, ცალკე ოთახად გაკეთებულმა სამზარეულოებმა ჩაანაცვლა, როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს და რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს სტუდიოს?



- პირადად მე, სტუდიო ძალიან მომწონს და თუ მოთხოვნა არის, ვცდილობ, გავაკეთო. თუმცა ამ საკითხში გადაწყვეტილებას მაინც ფართიდან გამომდინარე ვიღებ. თუ არის საშუალება, რომ სამზარეულო ცალკე განთავსდეს, მაშინ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებთ, მაგრამ პატარა ფართის შემთხვევაში სტუდიო კარგი გამოსავალია. ჯობია ერთი მთლიანი სივრცე იყოს, რომელიც მისაღებისა და სამზარეულოს ფუნქციებს შეითავსებს, ვიდრე ორი სხვადასხვა პატარა ოთახი. განცალკევებული სამზარეულოს შემთხვევაში უპირატესობა არის ის, რომ ნაკლებად დგება საჭმლის სუნი მისაღებ ოთახში, მომზადების პროცესში როცა ხარ, აწუხებ მისაღებში მყოფ ადამიანებს.

- სტილისტურად როგორ სახლებს ითხოვენ ქართველები: კლასიკურს, თანამედროვეს, ლოფტს თუ კიდევ სხვა სტილს?

- ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს, რომელიმე დამკვეთს კლასიკური სტილი მოეთხოვება, თუმცა კლასიკასთან სინთეზზე მიმუშავია. იშვიათად, მაგრამ ლოფტსაც ითხოვენ, უფრო თანამედროვე სტილზე და რომელიმე ორი სტილის სინთეზზეა მოთხოვნა.

- რომელია თქვენი საყვარელი სტილი?



- მიყვარს ინდუსტრიულ სტილში მუშაობა, რომელსაც ასევე „ლოფტს“ ეძახიან. ყოველთვის მინდა, ამ განხრით ვიმუშაო, მაგრამ ძირითადად მაინც დამკვეთის მოთხოვნებზე ვარ დამოკიდებული. პირადად ჩემთვის სწორედ ამ სტილის ინტერიერს გავიკეთებდი.

- რით შეიძლება სახლს მივანიჭოთ ინდივიდუალიზმი, რომ არ იყოს სტანდარტული?

- დეტალებით, სუვენირებით, ხალიჩებით, ავეჯით, რომელიც განსხვავებული იქნება ყველასგან.

- თქვენ ავეჯზეც მუშაობთ, რა არის მოდური ავეჯის დიზაინში? მგონი, დაძველების ეფექტზე დიდი მოთხოვნა აღარაა...



- ავეჯი პირველ რიგში უნდა იყოს პრაქტიკული, ტევადი, დიზაინში სისადავეა უფრო მოდური, დაძველების ეფექტი უკვე ნაკლებადაა, თუმცა შიგადაშიგ დეტალებზე გამოიყენება, მაგალითად, ამ მეთოდით შეიძლება გაკეთდეს პატარა ყავის მაგიდა.

- დასასრულ, როგორც ინტერიერის დიზაინერი, რას ისურვებდით, რა მოთხოვნებმა და რომელმა ფაქტორებმა გინდათ, წამოიწიოს წინ, რომ ჩვენი სახლები უფრო საინტერესო გახდეს?

- ვისურვებდი, რომ დამკვეთები ნაკლებად გვსვამდნენ ჩარჩოებში, მეტი თავისუფლება რომ გვქონდეს, ბევრად უფრო კარგი და საინტერესო დიზაინის სახლები გვექნება. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვა გვექნება, მით უფრო მეტ განსხვავებულ ნამუშევარს შემოგთავაზებთ.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება