სიმყუდროვის მტერი ინტერიერში - ამის გამო გარემონტებულ სახლშიც გეჩვენებათ, რომ სახლი დაუსრულებელია

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სახლში რემონტი ახალი გაკეთებულია, ირგვლივ სისუფთავეა, მაგრამ თავს კომფორტულად არ გრძნობთ, თითქოს სიმყუდროვე არ არის. რაშია საქმე, რატომ ხდება ასე?
ინტერიერის დიზაინი არ გახლავთ მხოლოდ შპალერი კედლებზე, პრიალა იატაკი და ძვირფასი ავეჯი. დიზაინის შესაქმნელად საჭიროა დეტალების სწორი კომპოზიცია, ამ ნიუანსს თუ არ გაითვლისწინებთ, სივრცე უინტერესო და არაკომფორტული იქნება.
მაინც, რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომელთაც ჩვენდაუნებურად ვუშვებთ ხოლმე და შედეგად საკუთარ სახლში თავს კარგად არ ვგრძნობთ.

საწოლი კედელთან


ეს გახლავთ საძინებლის მოწყობის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული
შეცდომა. გირჩევთ, საწოლი განათავსოთ ოთახის ცენტრში თავით კედლისკენ, ეს უფრო ლამაზიც არის და უფრო ფუნქციონალურიც. თავისუფალი ადგილები გვერდებზე შეავსეთ საწოლის ტუმბოებით.

უფერული გარემო


სიმყუდროვე იმალება არა ღია და ნეიტრალურ ფერებში, არამედ კონტრასტის შექმნის უნარში. თუ ირგვლივ ყველაფერი ერთ ფერშია, რაღა თქმა უნდა, გარემოც მოსაწყენია. თავს ნუ აარიდებთ მკვეთრ ფერებს. სწორად გაკეთებული აქცენტები, მკვეთრი ფერები დაგეხმარებათ ინტერიერის გახალისებასა და განწყობის შექმნაში. მაგალითად, განსხვავებული და მკვეთრი ოთახში შეიძლება იყოს ფარდები, სავარძლები, ბალიშები და ა.შ.

ავეჯი მთელ პერიმეტრზე

ბევრგან შეხვდებით დიასახლისების მიერ მთელ პერიმეტრზე განთავსებულ ავეჯს, ვითომ სივრცის დაზოგვის მიზნით,თუმცა ასე არ არის. ინტერიერის მოწყობა და სივრცის ორგანიზება ერთგვარი ხელოვნებაა, რომელსაც სერიოზული მიდგომა სჭირდება. თუ ოთახში ხედავთ კომპოზიციას, რომელიც ახარებს თვალს, ჩათვალეთ, რომ თავშიც ყველაფერი დალაგებულ გაქვთ.
ყველაზე ეფექტურია სივრცის ზონებად დაყოფა, ამაში კი დაგეხმარებათ მაგალითად მაგიდა, ფერადი აქცენტები, ტიხარი და ა.შ.

ცარიელი ცენტრი


ბევრი დიასახლისი ფიქრობს, რომ თუ ოთახის ცენტრი თავისუფალი იქნება უფრო მეტი სივრცე გამოჩნდება, არადა, სწორედ ეს გახლავთ სიმყუდროვის პირველი მტერი. ნუ შეგეშინდებათ ცენტრის დატვირთვა. არ არის აუცილებელი შუაში მასიური ავეჯის განთავსება, მაგიდა და სავარძელი, თუნდაც გემოვნებით შერჩეული პუფი ამისთვის საკმარისი იქნება. არც ზომიერად დიდი ჭაღი არის ამ შემთხვევაში ცუდი იდეა.

გარნიტური
რა თქმა უნდა, რომ ადამიანებს გვინდა ხოლმე მაქსიმალურად დავზოგოთ თანხა და მივიღოთ მეტი სარგებელი. გარნიტურის შეძენა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ცალკეული ნივთების. თუმცა საქმისადმი ასეთი მიდგომა თქვენს სივრცეს ხიბლს დაუკარგავს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
სხვადასხვა ფერის აქსესუარები და ავეჯი ბევრად ეფექტური და ლამაზია.

მაგიდა
ადამიანების უმეტესობას მაგიდა ყოველთვის კედელთან აქვს მიდგმული, თუმცა ეს ვერსია საინტერსო სულაც არ არის. კედელთან დადგით სკამი, მაგიდა ჩამოწიეთ და ნახავთ, რომ ვინც მუშაობს, ისიც უკეთ იგრძნობს თავს, რადგან არ მოუწევს მთელი დღე კედლის ყურება და ინტერიერიც ბევრად ლამაზი გახდება.

თაროები


როგორც წესი, ადგილის ეკონომიის მიზნით, ოთახში დგამენ ვერტიკალურ ავეჯს, მაგრამ ჩვენ გირჩევთ ყურადღება კედელზე დაფიქსირებულ თაროებზე შეაჩეროთ, ნახავთ, ადგილსაც დაზოგავთ და ინტერიერიც ბევრად დახვეწილი გახდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები