სარკეების შერჩევის და განთავსების დროს დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

ეს აფუჭებს ინტერიერს

შეუფერებელი ჩარჩოები, საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის გაუთვალისწინებლობა - ვისაუბროთ აქსესუარების განთავსების დროს დაშვებულ ამ და სხვა შეცდომებზე.

1. როდესაც სარკის ჩარჩო არ შეესაბამება ინტერიერს

ხშირია შემთხვევები, როდესაც სარკე ამოვარდნილია ინტერიერის საერთო კონტექსტიდან და ეს ძირითადად ხდება არა სარკის, არამედ ჩარჩოს წყალობით. მაგალითად, კლასიკურ ინტერიერს უხდება მოჩუქურთმებული ჩარჩო, თუმცა ნეო კლასიკას ის ვერაფრით მოერგება. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია არჩევანი ჩარჩოს ყველაზე სადა ვარიანტზე შეაჩეროთ. ასევე გაამახვილეთ ყურადღება ფერზე, შავი ყოველთვის გამართლებულია და თითქმის ყველაფერს უხდება.

ასევე მნიშვნელოვანია მასალა,
რისგან არის დამზადებული ჩარჩო. პლასტმასი ყველაზე ცუდად გამოიყურება, უმჯობესია იყოს ხის ან მეტალის.

2. არაპროპორციული ზომა

თუ არ გაითვალისწინებთ სხვა ნივთების ზომასა და პროპორციებს, სარკე უბრალოდ შეიძლება დაიკარგოს ინტერიერში. თუ სხვა ნივთები დიდი ზომის არის, უმჯობესია სარკეც იდენტური ზომის იყოს და პირიქით.


3. არ არის თანხვედრაში ინტერიერთან

თუ დეკორატიული სარკე უბრალოდ კიდია ცარიელ კედელზე და მასში არაფერი ირეკლება, ის ძალიან მოსაწყენი იქნება. ეცადეთ სარკე კედელზე ისე განათავსოთ, რომ მასში მზის პირდაპირი სხივები ირეკლებოდეს. ასევე აისახებოდეს ფარდები ან პოსტერები.

4. არასწორი დაშორება ავეჯისა და იატაკიდან

ადამიანი რეფლექსურად ცდილობს დაინახოს სარკეში საკუთარი ანარეკლი, ამიტომ სარკე ისე უნდა ეკიდოს კედელზე, რომ ადამიანს არც ფეხის წვერებზე აწევა მოუწიოს და არც ჩაკუზვა.

5. როდესაც არ არის გათვალისწინებული ფსიქოლოგიური კომფორტი

სარკეებისთვის ადგილის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიური კომფორტი. ზოგს არ მოსწონს სარკე აბაზანაში, ზოგს - საძინებელში. ეცადეთ, რომ ყველას აზრი გაითვალისწინოთ და არავინ გააღიზიანოთ.

კომენტარის დამატება