როგორ სახლებში ცხოვრობენ ცნობილი დიზაინერები


საკუთარი საცხოვრებელი სახლის დეკორირება დიზაინერებისთვის განსაკუთრებული მომენტია. ერთის მხრივ ამ კუთხით მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, მეორეს მხრივ კი რთულია, ისეთ მომთხოვნ და პრეტენზიულ დამკვეთთან მუშაობა, როგორიც საკუთარი თავია.

მიხაელ კორენგელის და ჟან პიერ კალვაგრაკის სახლი პარიზში

ბინა პარიზში, 1836 წელს აგებულ შენობაში მდებარეობს. დეკორატორებმა უარი თქვეს ჩვეულ ზონირებაზე - აქ არ არსებობს სასტუმრო, მისაღები, კაბინეტი, ოთახების მაგივრად ზონებმა სახელწოდება ფერების მიხედვით მიიღეს, მაგალითად "შავი", "ოქროსფერი", ვერცხლისფერი" და ა.შ. კლასიკურ როლს მხოლოდ სამზარეულო და საძინებელი ასრულებენ.

ჟან ლუი დენიუს კოშკი
შანტიაში


ეს კოშკი დეკორატორმა 2000 წელს შეიძინა და დღემდე იქ ცხოვრობს. რეკონსტრუქციის შემდეგ მან აქ 7 საძინებელი გააკეთა სხვადასხვა სტილში. ასე რომ, აქ შეგხვდებათ "შვედური", "ჩინური", "იტალიური" და ა. შ. სტილის ოთახები. დანარჩენი სივრცეც ეკლექტიკურია, ვინტაჟის, ფაქტურებისა და პრინტების ერთგვარი მიქსი.

დაგა მეიერის სახლი ნიუ იორკში



ამერიკელმა დიზაინერმა კარგად იცოდა, რომ ვერ იცხოვრებდა ნაცრისფერ ან კრემისფერ ინტერიერში, ამიტომაც საკუთარი 80 კვ.მ. ბინა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და მხატვრის პალიტრას "შორის" მოაქცია. არც ჩვეული ავეჯი აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს, ამიტომ ყველა ნივთი საკუთარი ესკიზებით დაამზადებინა.

კარლ ლაგერფელდის სახლი პარიზში



ცნობილმა მოდელიერმა სახლში ყველა ტიხარი აიღო და 400 კვ.მ ერთ სივრცედ აქცია. თავად ამბობს, რომ მისი სახლი სასტუმროს დიდ ნომერს ჰგავს, რომელიც ცნობილი დიზაინერების ავეჯით არის გამოტენილი. პატრონი სახლს "მომავლის ანტიკვარიატს" უწოდებს.

ტონი დუკეტის სახლი ბევერლი ჰილზში

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილმა დიზაინერმა საკუთარი სახლი მის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი ფილმების დიზაინის ინსპირაციით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი სულაც არ არის დიდი, სულ რაღაც 83 კვ.მ-ია, სარკეების, მოხატულობის და უცნაური დეკორის წყალობით ის დაუსრულებლად აღიქმება. რაც მთავარია, ეს ინტერიერი აბსოლუტურად თანამედროვეა.

დიზაინერ კეტრინ მარტინის და რეჟისორ ბაზა ლურმანის სახლი ნიუ იორკში

ჰოლივუდში მრავალი წლის განმავლობაში მომუშავე ბაზა ლურმანის სახლში გამოცდილი თვალი ეგრევე ამოიცნობს ნაცნობ ნივთებს: ცილინდრის რეკვიზიტს ფილმიდან "მულენ რუჟი", კონსოლს ფილმიდან "ავსტრალია", რომელშიც ნიკოლ კიდმანი და ჰიუ ჯეკმანი მონაწილეობდნენ. ეს შემთხვევითი როდია, ლურმანი და მისი მეუღლე, კოსტიუმებისა და დეკორაციების მხატვარი სიდნეიდან ნიუ იორკში 2013 წელს გადავიდნენ, "დიდი გეტსბი"-ზე მუშაობის დროს. წყვილმა სახლი 1852 წელს აშენებულ შენიბაში იპოვა მანჰეტენზე. ინტერიერი ანგლო-იტალიურ სტილში იყო, თუმცა მათ ყველაფერი თავიანთი გემოვნებით განაახლეს.

საბინ მარსელისის სახლი როტერდამში




ეს სახლი, ფართით 520 კვ.მ. 1920 წელს აშენდა ქაღალდის ფაბრიკისთვის, თუმცა სანამ მას დიზაინერი შეიძენდა, ის უფუნქციოდ იყო. შენობა საოფისე ცენტრად აღირიცხებოდა. აქ არც წყალი იყო და არც ელექტროენერგია. დღის სინათლე შენობაში მხოლოდ ერთი კედლიდან აღწევდა, ჭერში აზბესტი აღმოაჩინეს. ასე რომ, აქ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, შესაბამისად, სახლის ახალ პატრონს ექსპერიმენტების საშუალება ნამდვილად ჰქონდა.
დღესდღეობით კი ეს საცხოვრებელი სახლი ინდუსტრიული ობიექტებისა და საკოლექციო დიზაინის ნივთების ნათელი მიქსია. შენობაში არ არის ტიხრები, გარდა აბაზანისა, აგურის შიშველი კედლები და ცემენტის იატაკი შენობის ინდუსტრიულ ხასიათს უსვამს ხაზს.

მარია უსეიმის სახლი ბეირუთში


დიზაინერი მარია უსეიმი 1870 წლის ტრადიციულ ლიბანურ სახლში დასახლდა და იმ ნივთებით დაამშვენა, რომელთაც მთელი ცხოვრება აგროვებდა. ამის წყალობით მის სახლში ჰარმონიულად თანაცხოვრობენ მე-19 საუკუნის საწოლი, სპარსული პოემების თანამედროვე ფერწერის ტილოები, ათასი წვრილმანი ნივთი და ლუის ვიტონის სკივრი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები