ანტიტრენდები სამზარეულოს დიზაინში - წარსულს ჩაბარდა დეკორი და აქსესუარები


ისევე, როგორც სამოსი, ინტერიერის დიზაინ-გადაწყვეტილებებიც ძველდება და გადადის მოდიდან - დროა, ზოგ ტენდენციას უარი ვუთხრათ და დავემშვიდობოთ. განვავრცოთ ანტიტრენდებზე საუბარი, კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით პროფესიონალი დიზაინერების მოსაზრებები მოვისმინოთ.

ის, რომ სამზარეულო არა მარტო ფუნქციონალური და ლამაზი უნდა იყოს და რომ ის ერთიანი კონცეფციის ნაწილია, ყველამ კარგად ვიცით. თანამედროვე სამყაროში სამზარეულო უნდა იყოს უჩვეულო, ლამაზი და უნდა გვაოცებდეს, უფრო მეტიც, ის არ უნ
და ჰგავდეს სამზარეულოს. ეს შეუძლებელი სულაც არ არის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და გამოყენებით, დიზაინერული ხრიკებით, ავეჯითა და განათების სისტემით მართლაც ადვილი შესაძლებელია განუმეორებელი ეფექტის მიღწევა.

ცვლილებები სამზარეულოს ავეჯსაც შეეხო. სულ ცოტა ხნის წინ აბსოლუტურად დახურული, ჭერამდე აღმართული კარადები თითქოს მოსაბეზრებელი გახდა. ნელ-ნელა გაჩნდა მისი გადახალისების ტენდენცია. ამიტომაც, თავი იჩინა ახალმა ტენდენციამ, უფრო კონკრეტულად კი - ვიტრინებმა. ვიტრინა მკაცრ და ყრუ ფასადში დინამიკასა და რიტმს ქმნის. ხშირად კი დასაკიდ კარადებზე საერთოდ უარს ამბობენ და სამზარეულოს მთავარ გმირად მაგალითად, მარმარილოს კედელს აქცევენ.

სამზარეულოს იმდენად პირდაპირი დანიშნულება აქვს, რომ ზოგიერთი ელემენტის ჩანაცვლება და უარყოფა უბრალოდ წარმოუდგენელია, თითქოს ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის, მონდომების შემთხვევაში ყველაფრის შენიღბვა და ტრანსფორმაციაა შესაძლებელი. თვალს შეგიძლიათ მოაფაროთ ონკანი და თავად ნიჟარაც კი. გაზქურის ზედაპირიც პრინციპში სულაც აღარ არის საჭირო, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ქურა პირდაპირ სამუშაო ზედაპირში შეიძლება ჩამონტაჟდეს, ან კერამოგრანიტის ზედაპირში. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, ასე რომ, თუ ამის სურვილი გექნებათ, შესაძლოა გქონდეთ სამზარეულო გამოხატული სამზარეულოს აქსესუარების გარეშე, ანუ სამზარეულო თითქოს არც კი არის სამზარეულო.

აქტუალურია ასევ ერთიანი სივრცე უხეში ზონირების გარეშე, თუმცა გაერთიანებული სასადილო და სამზარეულო ზონა არც ისე ტრენდულია. ხომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ამ ორი ზონის გაყოფა უბრალოდ აუცილებელია, მაგალითად, როდესაც ოჯახში ხშირად ამზადებენ სადილებს და არ სურთ, რომ მთელ სახლში საჭმლის სუნი ტრიალებდეს. ზონების გაყოფა შესაძლებელია გასაწევი ტიხრის მეშვეობით. თუ ფართობი ამის საშუალებს იძლევა, დიზაინერები აუცილებლად უწევენ რეკომენდაციას ცალკე სასადილო ზონას.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც წინასწარ უნდა დაიგეგმოს და გაითვალოთ სამზარეულოში, გახლავთ განათება და ვენტილაცია. ასევე ცოცხალი მცენარეები. მწვანე ფერი, მცენარეები ხომ ნებისმიერ სივრცეს ახალისებს და აცოცხლებს.

კიდევ ერთი რჩევაა დიზაინერებისგან ერთიანი იატაკის საფარი მთელს სახლში. აღარ არის იმის აუცილებლობა, რომ სამზარეულოში აუცილებლად კერამიკული ფილები ეგოს, დღესდღეობით ბაზარზე არის იმის საშუალება, რომ თქვენთვის სასურველი მასალა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორიც, მაგალითად სამზარეულოს აქვს, ანუ იტანდეს წყალს და ნესტს.

როგორ უკვე აღვნიშნეთ, ვიზუალური ქაოსი წარსულს ჩაბარდა, ზედმეტი აქსესუარები, ქილები და ტექნიკა აღარ არის აქტუალური, უფრო სწორედ ეს ყველაფერი თვალს უნდა ეფარებოდეს.

წარსულს ჩაბარდა ასევე პრიალა ზედაპირი და კლასიკური ელემენტები. ტრენდული სამზარეულო უნდა იყოს მინიმალისტური. ერთი სიტყვით, ლაკონიზმი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა და ბუნება - ეს სამი ფაქტორი ქმნის განწყობას თანამედროვე ინტერიერის დიზაინში.

კომენტარის დამატება