"ჯობს, სახლში გამოიყენოთ დიდი ზომის ცოტა აქსესუარი, ვიდრე ბევრი და პატარა" - მყუდრო და გემოვნებიანი სახლი რომ გვქონდეს


სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი ისვენებს - როგორ ფიზიკურად, ისე სულიერად. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სივრცე მაქსიმალურად ლამაზად, მყუდროდ და კომფორტულად იყოს გაფორმებული.
რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ჰიუგემ მოიცვა - ცხოვრების საბავშვო ფილოსოფიამ, რომელიც რამდენიმე წესით განისაზღვრება. აქტუალურია საყვარელი დეტალები, ღია ფერები, თბილი განათება, ბალიშები და პლედები,
თაროები წიგნებით. თუმცა ეს ყველაფერი როდია საკმარისი ოცნების სახლის შესაქმნელად. პროფესიონალი დიზაინერები სხვა ხრიკებსაც გვთავაზობენ.

კონსოლი და ტუმბო


საწოლთან განთავსებულ სულ პატარა ზომის ტუმბოსაც კი შეუძლია შექმნას სტილი და იქცეს ინტერიერის აქცენტად. მაგალითად,
ღია ფერის ინტერიერში რაიმე მკვეთრი ფერის ტუმბო ნამდვილად საინტერესო დიზაინს შექმნის. თუ ოთახში ბევრი ფერია მაშინ ტუმბო უმჯობესია საწოლის ფერის შეირჩეს, აქცენტი კი, შესაძლოა, კომოდმა შექმნას. რაც შეეხება კონსოლს, ის შესაძლოა დამოუკიდებელ ობიექტად იყოს წარმოდგენილი, თუმცა შესაძლოა მაგიდის როლიც შეასრულოს თუ პუფთან ან სავარძელთან მიაჩოჩებთ.

პუფი, სავარძელი


პუფი, პატარა ზომის სავარძელი ნებისმიერ ინტერიერს შესძენს სიმყუდროვეს. კუთხეში მოთავსებული სავარძელი თავის ტორშერთან და პატარა მაგიდასთან ერთად იდეალური ადგილი იქნება რელაქსაციისა და დასვენებისათვის. სავარძელი შესაძლოა ფერადი აქცენტის სახითაც იყოს გამოყენებული. ის შესაძლოა წარმოადგენდეს როგორც ცალკე ზონას, ისე დივნის გაგრძელებას. პუფზეც იმავეს თქმაა შესაძლებელი, ამ ელემენტმა შესაძლოა შეასრულოს მაგიდის ფუნქცია, შექმნას მყუდრო გარემო ან იყოს უბრალოდ აქცენტი.

ხალიჩები


სცადეთ, დაუმატეთ ხალიჩა ნებისმიერ ინტერიერს და გარემო ბევრად მყუდრო გახდება. ხალიჩამ შესაძლოა ფარდის არარსებობაც კი გადაფაროს. მთავარია, ზომა იყოს სწორად შერჩეული. გახსოვდეთ, ხალიჩის ცენტრში, სავარძელსა და დივანს შორის განთავსება არ ღირს. ხალიჩა ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყურებოდეს, თუ ინტერიერის ყველა ნივთი მასზე იქნება განთავსებული. თუ სითბო და კომფორტი გნებავთ ინტერიერში, გირჩევთ შეარჩიოთ ნათელი, თბილი ფერის ირანული ხალიჩა. თუ ფერი გნებავთ, ეცადეთ შეარჩიოთ ერთი ფერის ნახატიანი ხალიჩა და არა ფერადი. დიდი ზომის რეალისტური ხალიჩა გიგანტური ზომის ვარდით და ხილით და წარწერებიანი ხალიჩა კი ჯობს საერთოდ არ იქნიოთ, რადგან მოგპარავთ როგორც სივრცეს, ისე სიმყუდროვეს.

ფარდები


ფარდა მყუდრო სახლის მთავარი კომპონენტია. იაპონური ან რომაული ფარდებიც კი იძლევა ამ ეფექტს სინათლის გაფანტვის ხარჯზე. ფარდა, როგორც წესი, დანარჩენი ტექსტილის ფერის მიხედვით ირჩევა. სასურველია ფარდა არ იყოს ძალიან მკვეთრი ფერის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერიერში მხოლოდ ის გამოჩნდება. ყველაზე კარგი ვარიანტია კედლების ფერის ფარდის შერჩევა.

პლედები და ბალიშები


ინტერიერის ეს ნივთები ყველაზე მინიმალისტური ინტერიერსაც კი ათბობს, თუმცა გახსოვდეთ, ბალიშები არ უნდა იყოს ბრტყელი და პატარა ზომის, პლედი კი ზედმეტად ხასხასა ფერის. უმჯობესია ბალიშები დივნის ფერში შეარჩიოთ. თუ ფერების შერჩევა გიჭირთ, უმჯობესია ერთ ფერზე შეჩერდეთ და აირჩიოთ სხვადასხვა ფაქტურა. მთავარია ერთიანი სტილიდან არ ამოვარდეთ.

ნახატი, პანო, პოსტერი


მყუდრო ბუდის შესაქმნელად ნახატი ყოველთვის გამართლებულია, თუმცა იმისათვის, რომ ეფექტურად გამოიყურებოდეს, აუცილებელია სწორი მანძილის შერჩევა. კედლიდან იატაკამდე მანძილი 150-160სმ უნდა იყოს. თუ დივნის ან სავარძლის თავზე გიკიდიათ მანძილი დივნიდან ან სავარძლიდან უნდა აზომოთ - 20-25 სმ. ნახატის განთავსების იდეალური წესია ის რომ, მისის სიგანე მის ქვეშ განთავსებული ნივთის 2/3 უნდა ყოს.

სარკე


სარკე სივრცეს ვიზუალურად ზრდის და ბუნებრივ სინათლეს მატებს, ის შესაძლოა გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებელი ელემენტი, ისე როგორც კომპოზიციის ნაწილი. შეგიძლიათ ის ნახატებთან ერთად დაკიდოთ ან კონსოლის თავზე განათავსოთ.

მაგიდის სანათი


მაგიდის სანათს ძალიან მარტივად შეუძლია ოთახის ხასიათის შეცვლა, ამიტომ ის დეკორირების ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად არის მიჩნეული. მას დგამენ კონსოლზე სავარძელთან ან დივანთან ახლოს, ტუმბოზე, საწოლის გვერდით. ყველა ვარიანტი გამართლებული და მისაღებია, ის თავის ეფექტს მაინც მოახდენს.

ტორშერი


იდეალური განათების სისტემის მქონე სახლსაც კი უხდება და შეიძლება ითქვას, სჭირდება ტორშერი სიმყუდროვის და სითბოს შესაქმნელად. ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც ყველა ინტერიერს და ადგილს მოუხდება ტრენოგაა. დიზაინი შესაძლოა განსხვავებული იყოს, თუმცა პლაფონის ფორმა უცვლელია, თუ მოინდომებთ, მისი კლასიკურ სტილთან მორგებაც კი არის შესაძლებელი. ტორშერი იდეალურად გამოიყურება დივანთან ან სავარძელთან.

ლარნაკები და არტ-ობიექტები


ლარნაკები, პატარ-პატარა ქანდაკებები, არტ-ობიექტები - სახლის მოსართავად ამ ყველაფრის გამოყენებაა შესაძლებელი, მთავარია ერთიანი სტილი არ დაირღვეს. არც ბევრი ფერის შერევას გირჩევთ. უმჯობესია გამოიყენოთ ნაკლები აქსესუარი და შედარებით დიდი ზომის ვიდრე ბევრი პატარ-პატარა ზომის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები