ქალი, რომელმაც ფარდები შემიკერა...

ფარდები რომ ვიყიდე, დავტოვე იქვე, შესაკერად. ტელეფონი დავუტოვე ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მითხრა, სადაც შენ გინდა, იქ მოგიტან შეკერილსო. ოღონდ, რომელიმე მეტროსთან ახლოსო. მე, რა თქმა უნდა, ჩემს სამსახურთან ყველაზე ახლოს, მეტრო "რუსთაველი" ვარჩიე და შევთანხმდით.

დღეს რომ დამირეკა, მთხოვა, იქნებ ბაქანზე დამხვდეო. დიდად არ მეამა, მაგრამ მოკლედ, ჩავედი მეტროში. ბაქანზე, იქ, სადაც ბოლო ვაგონი ჩამოდგება ხოლმე, მკერავი ქალი იდგა, გვერდით პატარა, ასე 6-7 წლის გოგონა ედგა, ფეხებთან ორი დიდი ფუთა ედოთ, ერთი ჩემი ფარდებით სავსე, მეორე - სხვისი და მელოდებოდნენ. ვერ

მოერევიო, გაუკვირდა, მარტო რომ დამინახა. როგორ ვერ მოვერევი-მეთქი, დავწვდი ფუთას და ადგილზე დავრჩი...

ჩემი 100 ტონა ფარდა, ამ გამხდარმა ქალმა, ალბათ ჩემხელამ, ჯერ ხომ შეკერა და მერე შორიდან, მეტროთი მომიტანა. ალბათ შვილის დამტოვებელიც არავინ ჰყავდა და ისიც თან წამოიყვანა... დიდი ხანია, ასე ძალიან არავისი შემრცხვენია. მომინდა, ამ ქალისთვის და მისი გოგოსთვის ბოდიში მომეხადა და გავმქრალიყავი... მშვიდობაშიო, მითხრა ქალმა, მოჰკიდა ხელი მეორე ფუთას და მძიმედ გადაინაცვლა ბაქანზე.

მე მამას დავურეკე. მარტო რას მოვერეოდი ფარდებს, რომელმაც მზე უნდა მომიჩრდილოს…
...სანამ რემონტს მოვამთავრებ და სახლს მოვაწყობ, ალბათ კიდევ ბევრი ბოდიშის მოხდა მომიწევს ქალებისთვის...
ჰო, მამამ შეიცხადა, ამსიმძიმე ფუთა, როგორ მოიტანაო და ქშენით შეაგდო ფარდების შეკვრა ექსკალატორზე...

ნინო თარხნიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები